|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის გალერეაში დაცულ ძვირადღირებულ ნამუშევრებს საფრთხე ემუქრება

დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეა 1976 წლის, 27 აპრილს დაარსდა. ეს შესაძლებელი გახდა მაშინდელი  ქალაქკომის მდივნის სოლიკო ხაბეიშვილის ძალისხმევით. მოხდა გალერეისათვის  ნამუშევრების შეძენა, გამოიყო 1890-იან წლებში აგებული კლასიცისტური ელემენტებით შემკული ორსართულიანი ნაგებობა, რომელიც იმხანად მიხეილ გოკიელის საცხოვრებელს წარმოადგენდა. ახალი გალერეის შენობის რეკონსტრუქცია არქიტექტორების -გივი თოდაძისა და სულიკო გაგუას პროექტით განხორციელდა. სახვითი ხელოვნების გალერეის პირველი დირექტორი- საქართველოს დამსახურებული მხატვარი, დავით კაკაბაძის პრემიის ლაურეატი არჩილ ჩოგოვაძე გახლდათ. ამჟამად გალერეას მისი ძმისშვილი ელისო ჩოგოვაძე ხელმძღვანელობს. სამხატვრო გალერეაში მეგზურობა "ნიუპრესს" სწორედ მან გაუწია.

ელისო ჩოგოვაძის განცხადებით, გალერეის გახსნა ქალაქში მომრავლებული ახალგაზრდა მხატვრების გამოჩენას უკავშირდებოდა, რომლებსაც არ ქონდათ მათი ნამუშევრების გამოფენისთვის საჭირო სივრცე. სწორედ, სოლიკო ხაბეიშვილმა დაიწყო ზრუნვა საკითხის მოსაგვარებლად. მან მოიწვია ცნობილი  ქართველი მხატვრები და დაავალა ნამუშევრების შერჩევა და შესყიდვა. გახსნის დღიდანვე გალერეაში ინახებოდა ქართველი კლასიკოსი მხატვრების ძველი და ახალი ნამუშევრები.  პირველი ათეული წელი მიეძღვნა ამ პირველადი ფონდების დაკომპლექტებას. იმ პერიოდისთვის გალერიის გახსნა იყო დიდი მოვლენა, არა მხოლოდ ქუთაისისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის, - ასე შეიქმნა ოქროს ფონდი, რომელშიც დღეს სამი ათასამდე ექსპონატი ინახება, აქედან 800 ერთეული არის ფერწერა, 2 ათასამდე გრაფიკა, დანარჩენი გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, ქანდაკებები და ნახატები. გალერეაში დაცულია, ნიკო ფიროსმანის, გიგო გაბაშვილის, ელენე ახვლედიანის, ლადო გუდიაშვილის და სხვა ცნობილი მხატვრების ფერწერული ნამუშევრები",-აცხადებს ელისო ჩოგოვაძე.

         

დავით კაკაბაძის სახვითიხელოვნების გალერიის ხელმძღვანელის განცხადებით, გალერეას უამრავი პრობლემა აქვს. ოქროს ფონდი, სადაც მილიონობით ლარად შეფასებული ნამუშევრებია დაცული, კრიზისულ მდგომარეობაშია. გალერეაში არსებული კლიმატური პირობების გამო ძვირადღირებული ექსპონატები, შესაძლოა, დაზიანდეს. 

"გალერეამ გამოიარა კარგი და რთული წლებიც. 1992-იანი წლები რთული აღმოჩნდა მისი არსებობის ისტორიაში, რთული პერიოდი იყო საქართველოს კულტურულ პოლიტიკურ  ეკონომიკურ ცხოვრებაშიც და რა თქმა უნდა, ამან გავლენა მოახდინა გალერიაზე და დიდი კვალიც დააჩნია. გალერიაში კლიმატური პირობების უქონლობის  გამო, შესაძლოა, ის მნიშვნელოვანი და ძვირადღირებული ექსპონატები დაზიანდეს, რომელიც აქ ინახება. დაწესებულებას აქვს  ბევრი პრობლემა, რომელთა მოგვარება ჭიანურდება, თუმცა მოლოდინის რეჟიმში ვართ და იმედი გვაქვს, რომ პრობლემა უახლოეს მომავალში მოგვარდება.  გალერეაში უნდა შეიქმნას 24 საათიანი მიკროკლიმატი, რომ  ნამუშევრები არ დაზიანდეს. ეს, ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, მაგრამ თუ გვინდა არსებობდეს გალერეა, უნდა შევქმნათ ნორმალური პირობები",-ამბობს გალერიის ხელმძღვანელი.

როგორც ირკვევა,  გალერეასთვის პრობლემას დამოუკიდებელი სტატუსის უქონლობაც ქმნის. ის, ამ ეტაპზე, ააიპ "კულტურულ საგანმანათლებლობა დაწესებულებათა გააერთიანების" ფილიალს წარმოადგენს. გალერიის ხელმძღვანელის ელისო ჩოგოვაძის თქმით, საგამოფენო სივრცეს  უნდა ქონდეს დამოუკიდებელი სტატუსი, რომ  ოპერატიულად გადაჭრას სხვადასხვა საკითხები.

"პრობლემა არის ისიც, რომ გალერეას არ აქვს საკუთარი, დამოუკიდებელი  სტატუსი, ის წარმოადგენს კულტურულ საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების ფილიალს, შეიძლება ეს ურთიერთობა მივიჩნიოთ წარმატებულად და დადებითად, მაგრამ, ალბათ, გალერეის განვითარებისთვის უკეთესია დამოუკიდებელი სტატუსი ქონდეს, ვინაიდან  გალერეას ესაჭიროება საერთაშორისო ურთიერთობები, დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღება, აქედან გამომდინარე, შეიძლება იყოს დამოუკიდებელი, ან მოხდეს ცალკე ააიპად ჩამოყალიბება",- ამბობს გალერეას ხელმძღვანელი.

ზემოდ აღნიშნულის გარდა, გალერეაში სერიოზული ინფრასტრუქტურული პრობლემებია. შენობა, რომელიც რეკონსტრუილებური იქნა 70-იან წლებში, რეაბილიტაციას საჭიროებს. გალერეაში მოსაწესრიგებელია ფონდები, სადაც ინახება უნიკალური, მილიონებად  შეფასებული საგანძური. როგორც გალერეის ხელმძღვანელი აცხადებს, პრობლემების აღმოფხვრას ყოველწლიურად პირდებიან, თუმცა, ჯერჯერობით მოლოდინის რეჟიმში არიან. 

გალერეაში ამ დროისთვის 22 თანამშრომელი მუშაობს, კრიზისი მათ ფინანსურ საკითხსაც შეეხო. ხელმძღვანელის გაცხადებით, იმ ბიუჯეტით, რაც გალერეას აქვს, რთულია პროფესიონალი კადრების შენახვა. მისი თქმით, ენთუზიაზმზე მომუშავე კადრებს უფრთხილდებიან, რომ ანაზღაურების სიმცირის გამო ისინიც არ წავიდნენ.

 ამ ეტაპზე, დამთვალიერებელს მხოლოდ მუდმივი ექსპოზიციის ნახვა შეუძლია, ვინაიდან გალერეას არ აქვს შესაძლებლობა პერიოდული გამოფენები მოაწონ.  მიუხედავად არსებული პრობლემებისა, გალერეის თანამშრომლები იმედს არ კარგავენ, რომ ადგილობრივი მუნიციპალიტეტი მათ თხოვნას გაითვალისწინებს და გალერეას სათანადო პირობებს შეუქმნის. 

საკითხთან დაკავშირებით, ქუთაისის მერიაში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.

 

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა