|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მედპერსონალს სპეციალური ტრანსპორტი მოემსახურება

ქუთაისის სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებულ მედპერსონალს სპეციალური ტრანსპორტი მოემსახურება. ამის შესახებ იმერეთის მხარის რწმუნებულთან ზვიად შალამბერიძესთან კოვიდკლინიკების ხელმძღვანელების შეხვედრაზე გახდა ცნობილი. 

მხარეებმა იმ მედპერსონალის ტრანსპორტირებაზე იმსჯელეს, რომლებიც ქუთაისში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში მუშაობენ და იმერეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ცხოვრობენ.

გამომდინარე იქედან, რომ შეიზღუდა მგზავრების რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა, მათ შორის - რკინიგზით, ავტობუსით და სამარშრუტო ტაქსით, სპეციალურად გამოყოფილი ტრანსპორტით მოხდება მათი ჩამოყვანა, კლინიკებს არ ექნებათ თანამშრომელთა რესურსის ნაკლებობა და ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ მუშაობას.

რაც შეეხება კოვიდინფიცირებულების მკურნალობის საკითხს, როგორც  კოვიდკლინიკების ხელმძღვანელებმა განაცხადეს,  ხორციელდება მხოლოდ მძიმე შემთხვევების ჰოსპიტალიზაცია, ასევე სტაციონარებში საწოლფონდის შესაძლო დეფიციტის პრევენციის მიზნით, მუდმივად ტარდება შესაბამისი ღონისძიებები.

შეგახსენებთ, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 28 ნოემბრიდან დაწესებული წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების 2-თვიანი გეგმა უკვე წარადგინა.

ავტორი: ნიუპრესი