|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ქუთაისის მერია 83 ათას ლარს საარჩევნოდ პიარში ხარჯავს"

"ქუთაისის მერია 83 ათას ლარს საარჩევნოდ პიარში ხარჯავს“-განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციის „ევროპა ჩვენი სახლია“ დამფუძნებელმა თორნიკე ბარათაშვილმა. მისი თქმით, შოთა მურღულიამ ბიუჯეტის ფული სააგიტაციო გაზეთების შემდეგ სარეკლამო კლიპის გადასაღებად და ტელევიზიებში განსათავსებლად დახარჯა.

„შოთა მურღულია არამიზნობრივად ხარჯავს ქალაქის ბიუჯეტს, დაამზადა გაზეთები,  ახლა კლიპი გადაიღო, რაც საეჭვოდ დაემთხვა არჩევნებს. კლიპში, რომლის გადაღებაც და ტელევიზიაში განთავსებაც დაახლოებით 83 000 ლარი დაჯდა, არის მხოლოდ პიარ კამპანია და ქუთაისში განხორციელებულ პროექტებს რეალურად არ ეხება. ამ კლიპით ხდება საზოგადოების აზრის მანიპულირება, თუ როგორ ყვავის ქუთაისი და რა კარგია აქ“,-განაცხადა თორნიკე ბარათაშვილმა.

ორგანიზაციის წევრებმა ქუთაისის სხვადასხვა უბანში განხორციელებული პროექტების ფოტომასალა წარმოადგინეს. მათი განცხადებით, ყველა პროექტი არასრულყოფილადაა შესრულებული.

„ნებისმიერი პროექტი, რომელსაც მერია ასრულებს უხარისხოა და ამით ამაყობს შოთა მურღულია. რეალობა სულ სხვაა, გზები იგება, რომელთაც სანიაღვრეები არ აქვთ და მოსახლოებას ეზოებში უვარდება წყალი. შოთა მურღულია ნებადართულ ყაჩაღადაა ქალაქში. სამწუხაროდ, არც საკრებულო და არც არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთაც თვითმმართველობის მონიტორინგი ევალებათ, ამაზე ხმას არ იღებენ. ამ დროს ქალაქი არაერთი პრობლემის წინაშე დგას“, - განაცხადა გია გოქაძემ.

არასამთავრობო ორგანიზაციის ბრალდებებზე მერიაში კომენტარს არ აკეთებენ.

    

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი