|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერია ოპოზიციის "პრესტიჟის" ამაღლებაზე ზრუნავს?

ქუთაისის თვითმმართველობის მისამართით გამოთქმულ შენიშვნებს მერიის საბინაო სამსახურის უფროსი ვრცელი განცხადებით ეხმიანება. ვლადიმერ ნაკაშიძის განცხადებით, ოპონენტებს ხშირად ოპოზიციონერობა მტრობაში ერევათ და ამის გამო არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ.
"გუშინ ქუთაისში ერთდროულად სამმხრივი შოუს მომსწრე გავხდით. პარლამენტარმა გია თევდორაძემ, მისსავე ყოფილმა თანაგუნდელმა გია გოქაძემ და ასევე ყოფილმა თანაგუნდელმა, ოღონდაც უფრო ადრე „განქორწინებულმა“, გოგი წულაიამ ერთდროულად შოთა მურღულიას წინააღმდეგ გალაშქრება სცადეს. ამ სამ ადამიანს „ნაცმოძრაობის“ გარდა, როგორც თავად ამბობენ, ქუთაისის სიყვარულიც აერთიანებს. პირველი ინფორმაციულ ვაკუუმში დებს ბრალს ქუთაისის მერს, მეორე თავისივე თანაგუნდელის მიერ გაფუჭებულ საქმეში ითრევს, ხოლო ეს უკანასკნელი („უკანასკნელი“! რა მრავლისმეტყველი ლექსიკონი გვაქვს ქართველებს...) ხელმოწერებს აგროვებს მურღულიას გადადგომის მოთხოვნით", - წერს ნაკაშიძე  "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე.

ნაკაშიძე იმედოვნებს, რომ წულაია საჭირო რაოდენობის ხელმოწერებს ვერ შეაგროვებს, ამიტომ ოპოზიციონერების "პრესტიჟის" ასამაღლებლად  ხალხის დახმარებას პირდება. 

"ქალაქში ოპოზიციის კომიკური ლიდერი ასე უსუსურად არ გამოიყურებოდეს...
რაც შეეხება ბატონ გია გოქაძეს, რომელიც არასამთავრობოს სახელით გვევლინება, ვერა და ვერ გაემიჯნა „ნაციონალურ მოძრაობას“, არადა მგონი პარტია თავად ემიჯნება მას... (!?). საინტერესოა, რომელი სკვერის შესახებ გვთხოვს პასუხს? მისმა თანაგუნდელებმა რომ გაასხვისეს? უსახური შენობა რომ უნდა დაედგათ ისტორიულ ცენტრში და ლამის, რომ გამოვგლიჯეთ ხელიდან ეს იდეა? ამაზეც ჩვენ უნდა ვაგოთ პასუხი?", –აცხადებს საბინაო სამსახურის უფროსი და განცხადებაში გია თევდორიძის ბრალდებასაც ეხმიანება.


"საოცარი იყო ბატონი გია თევდორაძის წუხილები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავების შესახებ. თურმე ნუ იტყვით და ორი კვირის წინ გადმოცემული ტერიტორია სახელმწიფოზე, ორი წლის წინ უნდა ცოდნოდა ქუთაისის მერს. ნიშანდობლივია, რომ ე.წ. „მთავარი ოპოზიციური ძალა“ მთავარ შეცდომას სხვას რომ ვერ უძებნის ქალაქის მერს. დასუფთავების თემამ ერთი ტრაგი-კომიკური ფაქტი გამახსენა უახლესი წარსულიდან „დასუფთავებით მოსუფთავებაზე“.... სხვა რაიონის ტერიტორიაზე არსებული ნარჩენების მოტივით ყოფილმა პრეზიდენტმა როგორ მოიცილა მაშინდელი მერი ნუგზარ შამუგია და გზა ბატონ გიას მოუსუფთავა...
ბატონებო, დროა, ყველამ ერთად მივხედოთ ქალაქს. ამასობაში ბატონი გოგიც გააკეთებს არჩევანს „ამხელა მასების მართვა“ და ღამის შოუში ტინგიცი ჯობია, თუ ხელები დაიკაპიწოს და ქალაქის დასუფთავებაში მაინც მოგვეხმაროს.
გუშინდელი დღიდან ამეკვიატა ცნობილი გამონათქვამის პერიფრაზი „ყოფილი ნაციონალი არ არსებობს“... ასე ერთ დღეს, ერთ საათზე, სამივემ როგორ მოიფიქრეთ „თავბრუდამხვევი შეტავა“?" – წერს ნაკაშიძე.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი