|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისის მერია საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მგზავრობის საფასურის გაზრდას გეგმავს"

ქუთაისის მერია საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მგზავრობის საფასურის გაზრდას გეგმავს, -ამის შესახებ ჟურნალისტებს  "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელმა გიგა შუშანიამ განუცხადა. 

შუშანია ირწმუნება, რომ მას მძღოლებისაგან აქვს ინფორმაცია, რომ მერია ტრანსპორტზე მგზავრობის საფასურის 20 თეთრით გაზრდას  გეგმავს. მისი თქმით,  ტარიფის ზრდა უახლოეს მომავალშია მოსალოდნელი და ის როგორც ავტობუსებს, ისე სამარშრუტო ტაქსებს შეეხება.

შუშანია ქალაქის მერიას მიმართავს, თავად მოიკლონ კომფორტი და ის პრემიები და დანამატები, რომელთა რაოდენობამ გასულ წელს 800 ათას ლარს მიაღწია და შეუმცირონ მძღოლებს ბიუჯეტში შესატანი თანხა. მისი თქმით,   მომატებულმა ხარჯებმა მძღოლების მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა, ამასთან ავტომანქანების ტექნიკურ გამართვაზე მათ თავად უხდებათ ზრუნვა. 

შუშანიას თქმით,  ტრანსპორტის მოსაკრებელმა 2013 წელს 300 ათასი ლარი,  2014 წელს 500 ათასი ლარი,  2016 წელს 670 ათასი ლარი შეადგინა.

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი