|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისის მერიამ შავ სიაში მყოფ ინდმეწარმესთან ხელშეკრულება გააფორმა"

 „ევროპული საქართველოს“ ქუთაისის მერიას შავ სიაში მყოფ ინდმეწარმესთან ხელშეკრულების გაფორმებაში ადანაშაულებს. ორგანიზაციის წევრის დავით გოგისვანიძის განცხადებით, ქუთაისის მერიამ ხელშეკრულება გააფორმა ფირმასთან, რომელიც შესყიდვების სამსახურმა შავ სიაში შეიყვანა. გოგისვანიძე აცხადებს, რომ ინდმეწარმე ლევან ბოლქვაძეს გასული წლის  15 დეკემბერს საჩხერეში საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებაზე გაუფორმდა ხელშეკრულება, მაგრამ არაჯეროვნად შესრულების გამო ხელშეკრულება შეწყდა.

„საჩხერის მუნიციპალიტეტმა გააუქმა ხელშეკრულება,  ვალდებულებათა არაჯეროვნად შესრულების გამო. შესყიდვების სააგენტომ კი მოქალაქე შეიყვანა შავ სიაში, რადგან, ის არის წარმომადგენელი, რომელიც არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებს. ამის შემდეგ 5 მარტს მან  „ჯეო ივენთი“ დააფუძნა და ერთ კვირაში, მიიღო მონაწილეობა ტენდერში, რომელიც მერიის მიერ „ორმაისობის“ ორგანიზების თემაზე  გამოცხადა. კომპანიამ 57 500 ლარიანი ტენდერში 39 ლარად გაიმარჯვა“-განაცხადა დავით გოგისვანიძემ, რომელიც მერიას კომპანიის მონიტორინგისკენ მოუწოდებს.  

„მოვუწოდებ მერიას, მოხდეს მონიტორინგი, რომ არ ჩაიშალოს „ორმაისობის“ ღონისძიება და ქალაქი არ დადგეს პრობლემის წინაშე“, -განაცხადა დავით გოგისვანიძემ.

ქუთაისის მერიის საფინანსო პოლიტიკისა და შესყიდვების სამსახურის უფროსის მოადგილის რუსუდან ჩინჩალაძის განცხადებით, ტენდერში გამარჯვებული წესების სრული დაცვით გამოვლინდა. 

"ტენდერში გამარჯვებული წესების სრული დაცვით გამოვლინდა, მაგრამ გააკეთო ასეთი მწარე ბრალდება, წარმოუდგენელია და არ შეიძლება პასუხი არ გაეცეს. "ორმაისობის" ღონისძიებაზე ტენდერი მერამდენედ ცხადდება, არასდროს გვქონია გამოცდილების მოთხოვნა, რადგან არასოდეს დავმდგარვართ საფრთხის წინაშე. ეს იყო დაფარული ტენდერი, ამ კომპანიას, რაც შეეხება, როდესაც პრეტენდენტი დააფიქსირებს დაბალ ფასს და აკმაყოფილებს ჩვენს მიერ წაყენებულ ყველა მოთხოვნას, არ გვაქვს უარის თქმის უფლება. შავ სიაში მყოფ კომპანიას ეზღუდება მონაწილეობა, ამ კომპანიას მხოლოდ გაფრთხილება ქონდა მიცემული, რაც არ არის მიზეზი უარის თქმის. საჩხერეში მხოლოდ მოსაწვევის დარიგებაზე იყო პრობლემა და ვერ გახდებოდა ღონისძიების ჩაშლის მიზეზი. მეორეც, სააგენტომ შეამსუბუქა პოლიტიკა შავი სიის წარმოებასთან დაკავშირებით და ცოტაა ასეთი კომპანია, მხოლოდ გაფრთხილება ეძლევათ, რაც გულისმობს, რომ შეუძლიათ ტენდერში მონაწილეობა. არასწორია იმის თქმა, რომ თვითმმართველობამ გამოაცხადა მნიშვნელოვანი ტენდერი ქალაქში და თავშივე გადაწყვიტა, ჩაშლილიყო", -განაცხადა რუსუდან ჩინჩალაძემ. 

მისი თქმით, არაჯეროვნად შესრულებაზე ყველა ტენდერში გათვალისწინებულია ჯარიმები. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა