|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიასა და იმერეთის გუბერნიაში გაზრდილ ხელფასებს „ნაციონალური მოძრაობა“ აპროტესტებს

ქუთაისის მერიასა და იმერეთის გუბერნიაში გაზრდილ ხელფასებს „ნაციონალური მოძრაობა“ აპროტესტებს. ორგანიზაციის წევრებმა დღეს მოსახლეობასთან ერთად  აქცია გამართეს და ხელისუფლებას ქალაქში არსებული პრობლემები შეახსენეს.

საკრებულოს წევრის ბესო ბრეგაძის განცხადებით, ქალაქის მასშტაბით ინფრასტრუქტურა მოუწესრიგებელია და ხელისუფლება მხოლოდ ხელფასების გაზრდაზე ფიქრობს. 

„ერთ-ერთი ქუჩა ავიღეთ, სადაც გაუვალი მდგომარეობაა, არ არსებობს სანიაღვრე, არ არის გზა და მოძრაობა შეუძლებელია, ამ ქუჩაზე ცხოვრობს ქალაქის მერი და საინტერესოა, რას ეუბნება თავის ამომრჩეველს? ამ ქუჩის მსგავსად, გადათხრილია მთელი ქალაქი, წყალკანალი ნებართვების გარეშე ჭრის ქუჩებს და მომკითხავი არავინაა. ნაცვლად დაპირების შესრულებისა ხელისუფლება ხელფასების გაზრდით არის დაკავებული, მერიის წარმომადგენლების მსგავსად ხელფასი გაეზარდა იმერეთის გუბერნატორს. შევახსენებ, მათ რომ ისენი იღებენ შრომის ანაზღაურებას და მოვუწოდებთ, ჯერ იშრომონ და მერე აიღონ ანაზღაურება და ის უნდა იყოს შრომის შესაბამისი“,-განაცხადა ბესო ბრეგაძემ.

მერიაში აცხადებენ, რომ ქუთაისის მიმდინარე წლის ბიუჯეტში პრიორიტეტი ინფრასტრუქტურული პროექტებია. რაც შეეხება კონკრეტულად იაშვილის ქუჩას, უკვე გამოცხადებულია ტენდერი პროექტის შეძენაზე და პროცედურების დასრულების შემდეგ აღნიშნული ქუჩის რეაბილიტაცია მალევე დაიწყება.

"ქუთაისის მერიამ უკვე დაიწყო ინფრასტრუქტურული სამუშაოები. დაიგო ზვიად გამსახურდიას, შარტავას, გაპონოვისა და ფანჯიკიძის ქუჩები. ასევე მთელი ქალაქის მასშტაბით იწმინდება სანიაღვრე ქსელი იმისთვის, რომ მოსახლეობა დატბორვისგან დავიცვათ. ასევე უკვე დასრულდა იაშვილისა და ნაზარიშვილის პირველი შესახვევების რეაბილიტაცია. აღსანიშნავია, რომ ამ ჩიხებს რეაბილიტაცია დაახლოებით 20 წელია არ ჩატარებია,  არც ყოფილი ხელისუფლების პირობებში. რაც შეეხება 24 საათიანი წყალმომარაგების სამუშაოებს, ქუთაისის მერია ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს კომპანია ,,ეს ემ კა"-სთან და ჩვენ მეთვალყურეობას ვუწევთ აღნიშნულ სამუშაოებს, რომ თითოეულ ქუჩაზე დროულად და ხარისხიანად შესრულდეს სამუშაოები,"-აცხადებენ ქუთაისის მერიაში.

შეგახსენებთ, იმერეთის გუბერნატორის გივი ჭიჭინაძის ხელფასი გაორმაგდა და 5 900 ლარი გახდა, ხელფასები გაზარდათ მერის მოადგილეებს და სამსახურის უფროსებს. 

რა ოდენობით გაიზარდა ხელფასები ქუთაისის მერიაში?

შემცირებული შტატები და გაზრდილი სახელფასო ფონდი ქუთაისის მერიაში

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების ხელფასი 1350 ლარით გაიზარდა

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი