|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერს სარეზერვო ფონდის საარჩევნოდ გამოყენებას ედავებიან

ამომრჩევლის მოსყიდვის აპრობირებულ მეთოდზე საუბრობსპატრიოტთა ალიანსისქუთაისის #49 ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი.   გოგი წულაიას განცხადებით, ქუთაისის მერიასარეზერვო ფონდიდან” თანხას ამომრჩევლის მოსყიდვვისათვის  იყენებს.

ქუთაისის მერიიდან გამოთხოვილი დოკუმენტაციის თანახმად,  სარეზერვო ფონდიდან მიმდინარე წლის 8 თვის განმავლობაში  დახარჯულია 94 ათასი ლარი.  ქუთაისის მერიის  სარეზერვო ფონდი წელს  400 ათასი ლარითაა განსაზღვრული.  განვლილ რვა თვეში მერიის მიერ გამოჩენილი მომჭირნეობა წულაიას განმარტებით, წინასარჩევნო პერიოდითაა განპირობებული და თანხის დარჩენილი ნაწილი წინასაარჩევნო პერიოდში მაქსიმალურად  დაიხარჯება.

დეპუტატობის კანდიდატის განმარტებით, მას აქვს ინფორმაცია, რომ მმართველი გუნდის მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრების დროს დასმული საკითხების ოპერატიულად  მოგვარება ხდება.  წულაიას მტკიცებით,  ბოლოხანს შესრულებული სამუშაოები წინასწარ დაგეგმილი და ბიუჯეტით გათვალისწინებული არ იყო.

„მე ვიცი, რომ ეს სამუშაოები უმეტესად ფინანსდება სარეზერვო ფონდიდან, ის გათვალისწინებული არ იყო  2016 წლის ბიუჯეტით, წინასაარჩევნო შეხვედრებისას მოსახლეობის მიერ წამოჭრილი პრობლემების კვალდაკვალ ახდენენ რეაგირებას, სადაც გზა მოითხოვეს, იქ გზა მოწესრიგდა, საუბარია სადარბაზომდე მისასვლელ გზაზე. ზოგან  განათების პრობლემა გადაიჭრა,  ასევე მოეწყო საბავშვო მოედანი, რომელიც ასევე არ იყო ბიუჯეტით გათვალისწინებული“.

წულაია  კონკრეტულ მისამართებსაც ასახელებს, სადაც დასმული მოთხოვნები მმართველმა გუნდმა  მყისიერად  გადაჭრა. მაგ: ავტომშენებლის#16,  #18,  #20,  სადაც მოეწყო ბინასთან მისასვლელი გზა, გარეგანათება. წულაიას თქმით, „ეს იმის შედეგია, რომ ამ ბინაში ერთ-ერთი მათი აქტიური აგიტატორი ცხოვრობს, რომელმაც, „ბინას მიხედა“, რაც მეზობლებმა  არჩევნებში თავიანთი  გადაწყვეტილებით უნდა დააფასონ“.

წულაიას თქმით,  ეს ერთეული შემთხვევები არაა.  “ეს არის ამომრჩეველთა მოსყიდვა, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ აპრობირებული მეთოდი წინასაარჩევნოდ, რომელსაც აქტიურად იყენებს დღევანდელი ხელისუფლება.“-აცხადებს დეპუტატობის კანდიდატი და  მოსახლეობას მოუწოდებს, რომ არჩევანი ბოლო ორი თვის მანძილზე გაკეთებული სადარბაზოებითა და გზებით არ გააკეთონ.

წულაიას განმარტებით, მან სექტემბერში სარეზერვო ფონდიდან დახარჯული თანხის მონაცემები ჯერ არ აქვს, თუმცა აღნიშნავს,  რომ მის განცხადებას  პრევენციის დანიშნულებაც აქვს,  რაც სარეზერვო თანხების საარჩევნოდ  გამოყენების შეჩერებას გულისხმობს.

წულაიას შფოთვას ქუთაისის მერიაში უსაფუძვლოდ მიიჩნევენ.  ბრალდებას სარეზერვო ფონდის თანხების წინასაარჩევნო მიზნებისათვის გამოყებების შესახებ შოთა მურღულია არასერიოზულს უწოდებს. რაც შეეხება მიმდინარე თვის ხარჯებს, როგორც  ქალაქის მერმა,   „ახალ გაზეთთან“  საუბარში განაცხადა, ხარჯვა დაბალანსებულად ხდება და მიმდინარე თვეში ბიუჯეტის ზუსტად მეთორმეტედი ნაწილი დაიხარჯა:  „მართალია, თვე არ დასრულებულა ჯერ და გადარიცხვების პროცესი კიდევ გრძელდება, ყოველდღე ირიცხება თანხები სხვადასხვა მიმართულებით სარეზერვო ფონდიდან.  დაახლოებით, 27 დღის მონაცემები შემიძლია გითხრათ, თუ არ ვცდები, ეს თანხა არ აღემატება 30-32 ათას ლარს“-განაცხადა მან.

მერის სარეზერვო ფონდის დებულების მიხედვით, მერი უფლებამოსილია საკუთარი სარეზერვო ფონდიდან თანხა გადაუდებელი შემთხვევების დროს  გამოყოს. ასეთ შემთხვევებში პირველ რიგში, სტიქიისგან გამოწვეული ზარალი იგულისხმება. სარეზერვო ფონდის დიდი ნაწილი ასევე მოქალაქეებზე მატერიალური დახმარებების სახით გაიცემა.  როგორც წესი, სარეზერვო ფონდიდან თანხების გამოყოფა ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის უნდა მოხდეს. სარეზერვო ფონდიდან ფინანსდება დაუგეგმავი სოციალური პრობლემა, რომელსაც  პროგრამა ვერ აგვარებს.  ასევე ისეთი პრობლემა,  რომელიც ქალაქში უცებ წარმოიქმნება.  ამის მაგალითად, შოთა მურღულიამ  საფრანგეთში ქუთაისის ფოლკლორული ანსამბლის გასტროლებზე ყოფნის დროს  მომხდარი შემთხვევა გაიხსენა, როდესაც ავტობუსი რომელიც მათ ემსახურებოდა, დაზიანდა და  მერიას ათასობით ლარის გადარიცხვა მოუხდა მსახიობების სამშობლოში დასაბრუნებლად. ასევე თანხა  გადაეცემა ბინის ამხანაგობებს, რომლებიც კორპუსებისათვის მნიშვნელოვანი საკითხების გადასაჭრელად გამოიყენება.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები წულაიას განცხადების კომენტირებისაგან თავს იკავებენ, მაგრამ ზოგადად, საარჩევნო პერიოდში სარეზერვო ფონდების თანხების მოცულობის ზრდაზე მიუთითებენ, რასაც  საარჩევნო პერიოდში თანხების გამოყენების პრაქტიკას უკავშირებენ.

ქუთაისის მერიის სარეზერვო ფონდის დაფინანსებაც  წელს 100 ათასი ლარით გაიზარდა.  თუ გავითვალისწინებთ, რომ შარშან ფონდი 300 აათას ლარს შეადგენდა, წელს კი 400 ათასი გახდა, პროცენტული თვალსაზრისით, ზრდა არც თუ უმნიშვნელოა. თუმცა აქვე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ არა მხოლოდ სარეზერვო ფონდი, გასულ წელთან შედარებით  ქუთაისის ბიუჯეტიც გაიზარდა. ზრდა, ძირითადად, ინფრასტრუქტურული პროექტების ხარჯზე მოხდა. იმ სამუშაოების, რომელთა შესრულების შესახებ ინფორმაცია  მოსახლეობას ბოლო რამდენიმე დღეა სატელეფონო შეტყობინებების სახით ეგზავნება, რაც ასევე წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში  ადმინისტრაციული რესურსის ირიბ გამოყენებად შეფასდა. 

სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი–დემოკრატიის ფუნდამეტი“ ფარგლებში. 

  ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია  საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

 

ავტორი: ირინა მაკარიძე