|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საკრებულოს მაჟორიტარები თავიანთ საქმიანობას აფასებენ

ქუთაისის მეხუთე მოწვევის საკრებულო 4 თვეში მუშაობას დაასრულებს.  24  წევრიანი საკრებულოს 10 მაჟორიტარი დეპუტატი ყავს. 2014 წელს ყველა მათგანი უმრავლესობას წარმოადგენდა, თუმცა საარჩევნო ბლოკის "ქართული ოცნება" დაშლის გამო რამდენიმე მაჟორიტარი დეპუტატი დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით აგრძელებს მუშაობას. აღსანიშნავია, რომ ერთი მაჟორიტარი დეპუტატი  საკრებულოში თავის საქმიანობას პატიმრის სტატუსით ასრულებს.

"ნიუპრესი" დაინტერესდა, როგორ აფასებენ მაჟორიტარი დეპუტატები თავიანთ საქმიანობას, რა გაკეთდა მათ ოლქში და რისი გაკეთება ვერ მოასწრეს, რაც მთავარია, აპირებენ თუ არა მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებში დეპუტატის მანდატისთვის ბრძოლას?

მაჟორიტარი დეპუტატების სია ოლქების მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება: ნიკოლოზ ლატარია - საფიჩხია (კონსერვატორები), ლელა ქელბაქიანი - კახიანოური (თავისუფალი დემოკრატები, ამჟამად დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი), კახაბერ დვალიშვილი - ძელქვიანი  (ეროვნული ფორუმი), ირმა პეტრიაშვილი - ნიკეა (ქართული ოცნება), მურმან გუბელაძე - ავტოქარხანა (ქართული ოცნება), ნატო ქათამაძე - გამარჯვება (რესპუბლიკელები, ამჟამად დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი),  ბექა ყანჩელი - ავტომშენებელი (უპარტიო, წარმოადგენს ქართულ ოცნებას), ზაზა ლომინაძე - უქიმერიონი (უპარტიო, წარმოადგენს "ქართული ოცნებას"), თეიმურაზ ნადირაძე - ქალაქ-მუზეუმი (ქართული ოცნება), ლაშა გვენეტაძე - სულხან-საბა (მრეწველები), იმყოფება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. 

ყველა მაჟორიტარი დეპუტატი მთავარ მიღწევად ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ასახელებს. უმრავლესობა გეგმავს მოსახლეობას მანდატის ვადის ამოწურვისას ანგარიში ჩააბაროს. მაჟორიტარ დეპუტატთა ნაწილი არჩევნებში ბრძოლას აღარ აპირებს. ნაწილი კი პარტიების გადაწყვეტილების მოლოდინშია.

ლელა ქელბაქიანი: ვერ ვიტყვი, რომ კმაყოფილი ვარ.  არის ბევრი პროექტი განხორციელებული ჩემს სამაჟორიტარო უბანში, მაგრამ ეს არ არის საკმარისი და სამ წელში შეუძლებელი იყო ყველა პრობლემა გამოსწორებულიყო, მით უმეტეს, იმ მძიმე სოციალურ ფონზე, რომელშიც ცხოვრობს მოსახლეობა.  მათთვის მთავარი პრობლემა დასაქმებაა, რასაც ადგილობრივი თვითმმართველობა ნაკლებად ახერხებს. ჩემთვის რთული იყო, შეხედო ამდენ გაჭირვებულ ადამიანს და ვიცოდე, რომ მე არ მაქვს უნარი, მათი პრობლემების უმეტესობა  მოვაგვარო.

რაც შეეხება გეგმებს, აღარ ვგეგმავ არჩევნებში მონაწილეობას, რადგან  ჩემი პარტიული გამოცდილება რამდენიმე თვეს მოიცავს, არჩევნების შემდეგ "თავისუფალი დემოკრატები" დავტოვე და დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გავაგრძელე მუშაობა.

ზაზა ლომინაძე: ძალიან მძიმე იყო ჩემთვის ეს სამი წელი. ყველაზე რთული და ყველაზე დიდი უბანი მაქვს, დამატებული გუმათის მოსახლეობა. ბევრი რამ გაკეთდა, ბევრი კეთდება, ჯერ არ არის დასრულებული. მოკლედ შემიძლია ვთქვა, რომ უქიმერიონში გაკეთდა 82 ქუჩა, იქ სადაც წლების განმავლობაში არაფერი მოგვარებულა, მოხდა ორმოული შეკეთება, აშენდა ეკლესია. ბევრი რამ საკუთარი თანხებით ვაკეთე, ამავდროულად, ვარ უხელფასო, არ ვარ პარტიის წევრი და წარმოვადგენ "ქართულ ოცნებას". მომავალ არჩევნებს, რაც შეეხება, დღეს არ ვაპირებ მივიღო მონაწილეობა, თუმცა ოქტომბრამდე ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს.

ირმა პეტრიაშვილი: მოსახლეობამ უნდა შეაფასოს, რა გაკეთდა, თუმცა მე შევპირდი მათ, რომ როცა ამოიწურება ვადა,  მექნება მეოთხე ანგარიში და წარვადგენ რა გაკეთდა, როგორი ჩავიბარე და როგორია ნიკეას, ყველა მისასვლელი გზა არის კეთილმოწყობილი, პროგრამა "კორპუსმა" წარმატებით იმუშავა, ასევე გაიცა სოციალური დახმარებები, დევნილთა ბინების მიღებაში ვმონაწილეობდი, ძირითადი მაინც იყო ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება, თითქმის ყოველ დღე მქონდა მოსახლეობასთან შეხვედრები და მათ პრობლემებზე საუბარი.

პოლიტიკაში არ ვარ გუშინდელი მოსული და ვცდილობ, გავაგრძელო საქმიანობა, თუ მოსახლეობის მხარდაჭერა მექნება, ასევე თუ გადაწყვეტს მმართველი გუნდი, მე მივიღებ არჩევნებში მონაწილეობას.

კახა დვალიშვილი: ჩემს ოლქში 37 ქუჩის რეაბილიტაცია მოხდა, ასევე დახმარებები გაიცა, ბევრის გაკეთება მინდოდა, მაგრამ ბიუჯეტიდან გამომდინარე, თანხების არ ქონის გამო ბევრი რამ ვერ მოხერხდა. იმედია, ვინც შემცვლის, დაასრულებს ამ პროექტებს.  გადაწყვეტილი მაქვს, რომ არ მივიღებ მონაწილეობას, ვიცი რამხელა პასუხისგებლობაა, ამას არ გავურბივარ, მაგრამ  საჭიროა ფინანსური მხარდაჭერა ქალაქის, რომ მოქალაქეთა სურვილი შესრულდეს და ამისათვის არასაკმარისად მიმაჩნია ბიუჯეტი რაოდენობა. რომ გვქონდეს მეტი ბიუჯეტი, შეიძლებოდა, მეტი რამ მოგვარებულიყო.

თეიმურაზ ნადირაძე: რაღაცეები გაკეთდა, რაღაცები კეთდება. ყველაზე მასშტაბური თამარ მეფის ქუჩის რეაბილიტაციაა, რომელიც  გაგრძელდება ფასადების მოწყობით,  15 შენობა არის გაჩერებული კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის გამო და მიმდინარეობს შეთანხმება. ასევე სხვა ქუჩებზე ფასადები მოეწყო.  თითქმის წყლის სამუშაოები დამთავრებულია,  გრძელდება ქუჩების რეაბილიტაცია, ასევე მნიშვნელოვანია მწვანე ყვავილას ტერიტორიის მოწყობა. უკმაყოფილების გრძნობა მაქვს, რომ ყველაფერი ვერ დასრულდა.  ერთი წელი ჭირდება, რომ სრულად მოეწყოს.  რთული უბანია, კულტურული მემკვიდრეობის  ძეგლებია და რა მშენებლობაც დაიწყო,  ყველაფერზე პროტესტი იყო,  თუ ასეა, მაშინ უნდა გავჩერდეთ და არაფერი ვაკეთოთ. პროტესტი იყო  "არგოს" გარშემო, რომელიც საბოლოო ჯამში გამოჩნდა, რომ არ არღვევდა არანაირ კანონს, "მაკდონალდსი", რომელსაც არ ვთვლი, რომ იდეალურია, მაგრამ ეკონომიკის სამინისტრომ გაყიდა ტერიტორია, რომელიც წლები უყურადღებოდ იყო, ადგილზე სამ მილიონ ნახევარი ლარის ინვესტიცია ჩაიდო, სადაც ახალგაზრდები დასაქმდებიან, რაც  საბოლოო ჯამში შეიძლება დადებითად შეფასდეს,  აშენდება ეკლესია და  მუზეუმის ყოფილ შენობის ადგილზეც იგეგმება მშენებლობა.

გუნდის გადასაწყვეტია, ვიქნები თუ არა საარჩევნო სიაში, მე მზად ვარ,  შემწევს ძალა და ენერგია ვიმსახურო, სადაც საჭირო ვიქნები.

ნიკა ლატარია: ჩვენი დაპირება რაც იყო, მაქსიმალურად ვეცადეთ მოგვეგვარებინა და ბევრი პრობლემა მოგვარდა. მასშტაბური იყო გელათის ქუჩა, რომელიც სრულად მოეწყო. ასევე შეკეთდა რამდენიმე ქუჩა, ჩატარდა ორმული სამუშაოები. პრობლემური დარჩა ტყიბულის და კლდიაშვილის ქუჩის ზედა ნაწილი, მაგრამ მისი შეჩერება მომავალ წელს დაგეგმილმა კანალიზაციის სამუშაოებმა გამოიწვია, თუმცა მათაც არ დავტოვებთ უყურადღებოდ და მოხდება მოხრეშვა, ასევე დაიწყება ამაღლების ეკლესიის ფასადის რეაბილიტაცია, მოწესრიგდა "სასულეების" პრობლემა, რომელიც წლების განმავლობაში აწუხებდა მოსახლოებას, დაიწყება ხარაზოვის ბაღის რეაბილიტაცია. ვთანამშრომლობდით თვითმმართველობასთან, რომ მოსახლეობის პრობლემები მოგვეგვარებინა მათთან ერთად, ასევე იყო სოციალური პროგრამები, ბევრი საკითხი შეძლებისდაგვარად მოგვარდა. რაც შეეხება მაჟორიტარ დეპუტატობას, ამ დროისთვის მე სურვილი მაქვს ბიზნესში გადავინაცვლო, თუმცა წარმოვადგენ კონსერვატიულ პარტიას და მმართველ გუნდს, თუ გუნდი გადაწყვეტს, რომ საჭირო ვარ, მაშინ ვიქნები გუნდური და მივიღებ შემოთავაზებას, თუმცა პირად მე სხვა გეგმები მაქვს.

ნატო ქათამაძე: მე აუცილებლად წარვადგენ ჩემს ანგარიშს მოსახლეობასთან და თუ როგორი მაჟორიტარი დეპუტატი ვიყავი, ამას მოსახლეობამ უნდა გასცეს პასუხი. ყველამ ძალიან კარგად იცით, რომ ყველა საკრებულოს სხდომაზე ვაყენებდი საკითხს, რაც აწუხებდა მოსახლეობას. არცერთ  სხდომაზე არ მითქვამს, მე რა მინდოდა. მიუხედავად იმისა, მქონდა სათქმელი, რომ ერთ თეთრი ამ მიმიღია.  პირადად მე რაც მეხება, არ ვიბრძვი, მოსახლეობას რაც ეხება, იქ ვიქნები შეუვალი და მათ ჩავაბარებ ანგარიშს. როგორც ამბობენ, 2%-მა დაგიჭირა მხარიო, როცა არ გეყოლება კოორდინატორი, როცა არ გექნება ფინანსები, საარჩევნო კამპანიას წარმართავ მარტო, შიშველი ხელებით და მიიღებს 3,5 %, არ არის ცოტა, გავიდნენ და რას მიიღებენ ამ მდგომარეობაში? ნუ ეჯიბრებიან ნატო ქათამაძეს, რომელსაც შემოსავალი არ აქვს და არც არავინ დამისაქმებია. მოსახლეობას თუ უნდა ანალიზი გააკეთოს, გაიგოს, ვინ იღებს ხელფასს და დანამატს და მოსახლეობის ფულით აკეთებენ ქველმოქმედებას.

ვერ ვიტყვი, რომ რთული იყო მაჟორიტარი დეპუტატობა, რადგან მიბმული ხარ შენს ამომრჩეველთან და იცი რა უჭირს მას. უფრო იყო, მომთმენი, გაძლების და ეპითეტების მიღების მერე ნერვებთან ბრძოლა. ბევრი ენერგია დავხარჯე და ბევრი დაუმსახურებელი რამ მივიღე კოლეგებისგან, რთული არ იყო, რადგან ამ საქმეს ადრეც ვაკეთებდი. ის, რომ არჩევნების წინ ვპოპულისტობ, ტყუილია, მე თავიდანვე ასეთი ვიყავი და აქ ფულის საკეთბლად არ მოვსულვარ.

მაჟორიტარ დეპუტატობაზე ჯერ არ მაქვს პასუხი. თუ დავაპირებ, ჩემს ოლქში ვიქნები, მაგრამ ჯერ გავაანალიზებ, ახლა არ შემიძლია პასუხის გაცემა. თუ მივიღებ გადაწყვეტილებას, რომ ჩავერთო არჩევნებში, ჩავერთვები იმ მოძრაობიდან,  რომელიც არის დავით უსუფაშვილის, პროფესიონალების გუნდის მოძრაობა, რომელი გუნდის წევრიც ვიყავი.

ბექა ყანჩელი: მაჟორიტარი დეპუტატობა დიდი  პასუხისმგებლობაა და მაქსიმალურად ვეცადე ეს მოვალეობა სრულად შემესრულებინა. ჩემს სამაჟორიტარო ოლქში არ დარჩენილა არცერთი ეზო,  არ დარჩენილა არცერთი ქუჩა და გზა, რომ არ მოწყობილიყო. ყველას რეაბილიტაცია მოხდა, ასევე პარლამენტის მიმდებარედ დამონტაჟდა შუქნიშანი და უსაფრთხოების კუნძულები. ჩვენ უბანში გასულ წელს 7 მოედანი მოეწყო და წელს 8 დაემატება, ასევე დავეხმარეთ მოსახლეობას სოციალური პროგრამებით და სარეზერვო ფონდიდანაც. ეს არის მოკლე ჩამონათვალი, თუმცა დეტალურად შემიძლია ყველა ქუჩის და ეზოს მისამართის წარმოდგენა. რაც შეეხება მაჟორიტარობას, მე გუნდს წარმოვადგენ და სადაც გუნდს დაჭირდება იქ ვიქნები, ეს არ არის შაბლობური ნათქვამი, ეს მართლაც ასეა და მზად ვარ მივიღო გამოწვევა.

მურმან გუბელაძე: ჩემს სამაჟორიტარო ოლქში არსებული პრობლემების მოგვარებას ყოველთვის ვცდილობ.  ერთადერთი მაჟორიტარი დეპუტატი ვარ, რომელიც ფეხით და საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადავაადგილდები.  ვხვდები მოსახლეობას და  ვეცნობი მათ პრობლემებს.  ვთანამშრომლობ სამსახურებთან, რომელთაც ვაწვდი ინფორმაციას.  ყველაზე მთავარი პრობლემა დაბალი სოციალური ფონია, უმუშევრობა და დაბალი ხელფასები, რის გამოც მოსახლეობა თანადაფინანსებითაც ვერ ახერხებს პრობლემის მოგვარებას და აქ ისევ ვცდილობთ, სოციალურად დაუცველებს შეღავათები მივცეთ. მარტო ვერ შევძლებ ამას, რომ არა ჩემი მუნიციპალიტეტის თანამშრომლები, რომლებიც თავად არიან ჩართული და ეცნობიან პრობლემებს, რისთვისაც მადლობა მათ. რაც შეეხება პროექტებს,  ეწყობა გზები,  მოედნები, ეზოები,  ხდება სადარბაზოების გაწმენდა. მაჟორიტარი დეპუტატობა არ არის რთული, თუ შეიყვარებს შენს საქმეს და ახლო კონტაქტი გექნება ადამიანებთან. მე მაქვს დიდი პარტიული გამოცდილება, ასევე მუშაობის გამოცდილება დავაგროვე  და თუ  პარტია გადაწყვეტს და შემომთავაზებს, რომ ჩავერთო არჩევნებში, მივიღებ ამ შემოთავაზებას.

საპატიმროში ასრულებს ვადას სულხან-საბას მაჟორიტარი დეპუტატი ლაშა გვენეტაძე.  მას მოქალაქის ცემის ბრალდებით სასამართლომ ექვსთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.

 

რამდენი სხდომა ჩატარდა მეხუთე მოწვევის საკრებულოში, რომელ დეპუტატი ესწრებოდა საკრებულოს სხდომას ყველაზე ხშირად და რომელი ყველაზე ნაკლებად,  ამის შესახებ "ნიუპრესი" ინფორმაციას უახლოეს მომავალში მოგაწვდით.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა