|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მსოფლიო პრემიერები და VIP სერვისები "კინო საქართველოში" [PHOTO]

ქუთაისის მრავალწლიანი მოლოდინი, შესაძლოა, მალე დასრულდეს. პროცედურული საკითხების მოგვარებისთანავე ქუთაისში თანამედროვე სტანდარტების კინოდარბაზი გაიხსნება.  შესრულებული სამუშაოებითა და არსებული პრობლემებით  "ნიუპრესი" დაინტერესდა. 

კინო "საქართველოს" რეაბილიტაცია წინა ხელისუფლების დროს დაიწყო. მასში დაახლოებით 32 მილიონი ევროს ინვესტიცია ქუთაისელმა ბიზენსმენმა თენგიზ აბესაძემ ჩადო. მისი განცხადებით, მას არ აქვს მოკლევადიანი გათვლა და არ არის ორიენტირებული თანხის ამოღებაზე. როგორც თავად აცხადებს, მისი სურვილი ქალაქში თანამედროვე სტანდარტების უახლესი ტექნიკით აღჭურვილი კინოს არსებობაა.

 როგორც ცნობილია, კინოდარბაზის გახსნას პარკირების ადგილების არასაკმარისი რაოდენობა აფერხებს.  საკითხი მრავალჯერ გახდა განხილვისა და დებატების საგანი, მათ შორის ქალაქის საკრებულოს სხდომაზე. 

როგორც კინო "საქართველოს" წარმომადგენელი  ზვიად ნიშნიანიძე  განმარტავს, მათ აქვთ ხელშეკრულება გაფორმებული მსოფლიო ბრენდებთან "პარამოუნთ ფიქჩერსთან" და "სონი ფიქჩერსთან",  რომლებიც სრულყოფილ სერვისებს ითხოვენ. ინფრასტრუქტურის მოწერიგებასთან ერთად მათი მთავარი მოთხოვნა დარბაზებში არსებული ადგილების რაოდენობის შესაბამისი პარკირების არსებობა არის.  ამიტომ, თავის დროზე, ქალაქის ხელმძღვანელობას  მიმართეს,  შენობის მიმდებარე ტერიტორია პარკირებისთვის დაეთმოთ.  ნიშნიანიძის თქმით, შეთანხმება შედგა "სამი ოთარის" ძეგლის მიმდებარე ტერიტორიის მფლობელთან, რომელსაც მერიამ ახალი ადგილი რიონის სანაპიროზე შესთავაზა. ამ გახმაურებული საქმის დეტალები საზოგადოებისათვის კარგადაა ცნობილი.  

პრობლემები კაფე "ფლამინგოსთან" მიმართებით შეიქმნა. მას ადგილმონაცვლეობისათვის ტერიტორია არსებული კაფეს დემონტაჟის და ქალაქის სხვა უბანში გადასვლის პირობით შესთავაზეს. "ფლამინგოს" მეპატრონის არც თუ მარტივად დათანხმების მიუხედავად, სირთულეები კაფესათვის შერჩეულ ახალ მისამართზე შეიქმნა. ბუხაიძის ქუჩის მცხოვრებლებმა კატეგორიული უარი განაცხადეს ტერიტორიის კაფესათვის დათმობაზე და საკრებულოს გადაწყვეტილების სასამართლოს ძალით გაუქმებაც კი მოითხოვეს. 

შექნილ პრობლემებზე რუსეთში მოქმედი ბიზნესმენი თენგიზ აბესაძე "ნიუპრესს" ესაუბრა. 

"ჩვენ გვინდა, რომ სრულყოფილი სერვისი გვქონდეს,  მათ შორის აუცილებელია პარკირება, ამიტომ მივმართეთ მერიას, ჩვენს ირგვლივ არსებული ტერიტორია გადმოეცათ იჯარით. ეს ადგილი ახლაც და მერეც იქნება უფასო მოქალაქეებისთვის. ვიღაცეებს ჰგონიათ, რომ ჩვენ ვსარგებლობთ ამით, რაც არაა სიმართლე, რადგან ჩვენ  პარკირებისთვის მერიას წინსწრებით 10 წლის იჯარა გადავუხადეთ. არ მესმის იმ ადამიანების, რომლებიც ცდილობენ სხვა კუთხით წარმოაჩინონ ეს.

ჩვენს შენობაში შემოსული ბიზნესმენები წარმოუდგენლად მიზერულ თანხებს იხდიან, რადგან მინდა, ხელი შევუწყო მათ, თორემ ის გადასახადი, რასაც იხდიან,  მინიმალურია. ცვდილობთ, ქალაქი განვითარდეს, ამისთვის ჩაიდო ინვესტიცია, რომელსაც მე ორ-სამ წელიწადში ვერ ამოვიღებ, არც მაქვს ასეთი გათვლა. მე კი არ უნდა ვიხვეწებოდე, რომ ქველმოქმედება გავაკეთო, თქვენ უნდა მეხმარებოდეთ ამაში.  ასევე, კარგი მინდოდა გამეკეთებინა და კინო ფესტივალს ხელი შევუწყვე,  დარბაზი დავუთმე, მაგრამ ესეც ცუდად შემომიბრუნდა", -განაცხადა თენგიზ აბესაძემ.

მისი თქმით, კინო 'საქართველო" რამდენიმე პრობლემის  მოგვარების შემდეგ გაიხსნება. როგორც აღნიშნა,  გახსნას,  შესაძლოა, თავადაც დაესწროს.

"რამდენიმე დაბრკოლება შეიქმნა, ამის გამო მოხდა გაჭიანურება. მაქსიმალურად ვცდილობთ, დავაჩქაროთ, თუმცა მხოლოდ ჩვენ სურვილზე არაა. ახლა ორი პრობლემა გვაქვს, ერთი ფინანსთა სამინისტროში და მეორე,  ქუთაისში, პარკირების საკითხზე. როგორც კი ეს საკითხები მოგვარდება, ჩვენ მზად ვართ ფუნქციონირებისთვის.

ვიცით, რომ თვითმმართველობამ  სხვა ადგილი შესთავაზა კაფეს მფლობელს, მაგრამ იქაც პრობლემა შეიქმნა და ველოდებით მის მოგვარდებას,  რადგან ჩვენი პარტნიორები ითხოვენ პარკირებას"-განაცხადა თენგიზ აბესაძემ.  

 

 

 შენობაში 6 კინოდარბაზი მოეწყო, ამათგან ორი VIP იქნება. დანარჩენ ოთხში 3DX და 4DX კინოდარბაზები მოეწყობა, რომელიც ჯამში  400-მდე მაყურებელს დაიტევს. კინოდარბაზები აღჭურვილია თანამედროვე სავარძლებით და ეკრანებით. ჩვენებები სხვადასხვა  ეფექტებით ჩაივლის, რაც მაყურებლის ემოციებს გაზრდის.  ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ მათ ხელშეკრულება გააფორმეს კომპანიებთან, რომლებიც უზრუნველყოფენ მსოფლიო კინო პრემიერების პარალელურად ჩვენებების ქუთაისში ჩატარებას.

"მსოფლიო პრემიერებიდან ერთ კვირაში ქუთაისში გაიმართება კინო ჩვენება, შეიძლება, თბილისზე ადრეც მოხდეს. ჩვენი გათვლაა, ქუთაისში მაყურებელი მოვიზიდოთ, რომ გაიზარდოს კონტიგენტი. რაც შეეხება ფასს, იქნება თბილისში არსებულ ფასებზე 25%-ით ნაკლები, გვინდა, რომ ადამიანებმა შეძლონ კინოში სიარული", -აცხადებენ ადმინისტრაციაში.

მათივე ინფორმაციით, შენობაში არ არის ფანჯრები და ყველა სართული კლიმატკონტროლზეა, ასევე არ აქვს გადახურვა და სახურავის ნაცვლად არის ე.წ. კაუჩუკი, რაც გათვლილია წონის მოგებაზე, სახურავზე იგეგმება ორი აუზის მოწყობა, დამონტაჟებულია ლიფტი და ადაპტირებულია შშმ პირებზე. მესამე სართულზე, სადაც დარბაზებია განთავსებული მოეწყობა კაფე, სადაც გაიყიდება აშშ-დან ჩამოტანილი კოკა-კოლა, ბატიბუტი და ის პროდუქცია, რაც დამახასითებელია კინო თეატრებისთვის. პროდუქცია უკვე სრულად არის შემოტანილი. მოწყობილია თანამედროვე სალაროები, სადაც მაყურებელი შეძლებს სასურველი ადგილის დაჯავშნას და ბილეთის შეძენას. ასევე მოეწყობა კაფე ღია აივანზე. 

  

 შენობის მეოთხე სართულზე, რომელიც არის იზოლირებული, იხსნება თანამედროვე სტანდარტების დარბაზი, სადაც შესაძლებელი იქნება ვარჯიში სხვადასხვა ასაკის მსურველთათვის.

 სპორტულ დარბაზს ქართველი კალათბურთელი ზაზა ფაჩულია ხსნის. მას  უკვე აქვს მოლაპარაკებები შენობის მფლობელთან და სამუშაოებიც მიმდინარეობს. 

 

შენობის პირველ სართულზე ფუნქციონირებს ბრენდული მაღაზიები, მეორე სართულზე გახსნილია დღის ცენტრი.

 

  

შენობა მრავალწლიანი მოლოდინის შემდეგ სრულად დაიტვირთება და ერთ-ერთი საინტერესო გასართობი ადგილი გახდება.

ამ დროისათვის მიმდინარეობს თანამშრომელთა მომზადება.

 

 

ამ თემაზე:

"ქალაქის ხელმძღვანელობა მაიძულებს ადგილის დატოვებას"-"ფლამინგო'" ბუხაიძეზე გადადის

ხელშეკრულება შეჩერებულმა მეიჯარემ ტერიტორია თურქ ინვესტორზე გაასხვისა?

ქუთაისში, სადავო ტერიტორიაზე ახალი ინვესტორი გამოჩნდა

პრივილეგირებული მდგომარეობა კინოთეატრის სახელით

ქუთაისში კინო თეატრი ორ თვეში გაიხსნება

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა