|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საკრებულოსთან გენდერული თანასწორობის საბჭო შეიქმნება

 ქუთაისის  საკრებულოსთან  გენდერული თანასწორობის საბჭო შეიქმნება.  საბჭოს  დებულება საკრებულომ  ბოლო სხდომაზე დაამტკიცა.  რაც შეეხება თავად საბჭოს შექმნას, პროცესი დაწყებულია და მისი შემადგენლობა, სამუშაო დებულება და სხვა საკითხები რამდენიმე დღეში დამტკიცდება. 

 ქუთაისის საკრებულოსთან გენდერული საკონსულტაციო საბჭო 2013 წელს მეოთხე მოწვევის საკრებულოსთან შეიქმნა, ფონდი "სოხუმის" ინიციატივით, ბოლო წლებში კი საბჭოს მუშაობა შეჩერდა. საბჭოს შექმნის აუცილებლობაზე მიუთითებდა არასამთავრობო სექტორი. 

"წინა მოწვევის საკრებულომ არ შექმნა ასეთი საბჭო, მიუხედავად იმისა, რომ ვალდებულება ჰქონდა და ჩვენც არაერთხელ მოვითხოვეთ, ფონდს "სოხუმს" ჰქონდა წერილობითი მიმართვა. მას შემდეგ კიდევ არაერთხელ გაჟღერდა ეს თემა, მათ შორის ქუთაისის თვითმმართველობას მინუსად ჩაეთვალა ასეთი საბჭოს არარსებოდა და მაშინ ახალმა ხელმძღვანელობამ დააფიქსირა მზადყოფნა და საკრებულომაც მიიღო დებულება. უახლოეს მომავალში, ალბათ, შემადგენლობაც გახდება ცნობილი, სამოქმედო გეგმა მომზადდება, თუ რა უნდა აკეთოს ამ საბჭომ 2018 და შემდეგ წლებში", - განაცხადა ჯიქიამ. 

ქუთაისის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარის ვლასი გარდაფხაძის განცხადებით, საბჭოს შემადგენლობაში შევლენ არასამთავრობო სექტორის, საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები. საბჭოს რიცხოვნობა დებულებით შეზღუდული არაა. 

ამ დროისათვის გადაწყვეტილი არ არის, თუ ვინ იქნება გენდერული საბჭოს თავმჯდომარე.  დებულების თანახმად, შესაძლებელია, ეს პოსტი საკრებულოს თავმჯდომარემ, მისმა მოადგილეებმა, ან კომისიის თავმჯდომარეებმა შეითავსონ.

ცნობილია, ის რომ საბჭოს შემადგენლობაში მუშაობის მზადყოფნა გამოთქვეს ქალაქის საკრებულოს ქალმა დეპუტატებმა.

რაც შეეხება მერიის წარმომადგენელს, კანონი  გენდერული კუთხით მერიაში  ახალი შტატის  დამატების შესაძლებლობას იძლევა, თუმცა ასევე შესაძლებელია, გენდერული საკითხები მერიაში მომუშავე რომელიმე თანამშრომელმა შეითავსოს. თვითმმართველობაში ამ დროისათვის ახალი შტატის შექმნას გამორიცხავენ  და აცხადებენ, რომ საქმე ფიქრია ხაჭაპურიძეს დაევალება.  

აღნიშნულს ადასტურებს მერიის ადმინისტრაციული  სამსახურის უფროსის მოადგილე ფიქრია ხაჭაპურიძე, რომელიც აღნიშნავს, რომ მას ამ საკითხზე ოფიციალური ბრძანება არ მიუღია, თუმცა გენდერულ საკითხებს 2014 წლიდან ითავსებს და ამ ეტაპზეც ჩართულია მიმდინარე პროცესში.

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე