|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისს ბიუჯეტის შესრულების პრობლემა ექნება" - ბესიკ ბრეგაძე

ქუთაისის ბიუჯეტის შესრულების მხრივ პრობლემები იქნება, - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ბესიკ ბრეგაძე. 

ქალაქის საბიუჯეტო საკითხებთან დაკავშირებით ქუთაისის ყოფილ მერსა და რამდენიმე მოწვევის საკრებულოს წევრს  ბესიკ ბრეგაძეს "ნიუპრესი" ესაუბრა.

 

-ბიუჯეტს წლის ბოლომდე, შემოსულობების ნაწილში პრობლემები ექნება. შესაბამისად, ეს აისახება ხარჯვის ნაწილშიც.  რეალურად,  ხაზინაში ფულის პრობლემა ახლაცაა.  მერიას თანხის განაღდების პრობლემა აქვს.  იყო რამდენიმე შემთხვევა, რაც მე ვიცი, მერიამ ფინანსური ანაზღაურება ვერ გასცა და პასუხი იყო, რომ ხაზინაში ამ წუთში ფული არ არის.  რეალურად, შემსრულებლებს, ტენდერში გამარჯვებულ ორგანიზაციებსაც პრობლემა აქვთ თანხის ანაზღაურების. სავარაუდოდ, არის საფრთხე, რომ თებერვალში ქალაქს ხელფასების გაცემის პრობლემა დაუდგეს.

 

-აცხადებთ, რომ ბიუჯეტის შესრულების მხრივ, ქუთაისს პრობლემები შეექმნება, რაზე დაყრდნობით ამბობთ  ასე?

-პრობლემაა საშემოსავლო მოსაკრებლის იმ ნაწილის მობილიზებაზე, რომელიც  თვითმმართველობას გადმოეცა, ასევე არის  პრობლემები,  დასუფთავების მოსაკრებელზე, რომლის გეგმა წლის განმავლობაში ორჯერ გაზარდეს, თანხის ამოღება დავალიანებების ამოღების ხარჯზე უნდა გაზრდილიყო. ასევე პარკირების მოსაკრებელზე, რომელის გეგმა არც შარშან შესრულებულა და მოსალოდნელია, რომ წელსაც არ შესრულდება. 

 

-რა გაძლევთ ამის თქმის საშუალებას?

-როდესაც კომისიის სხდომებზე კვარტალური შესრულებლის მაჩვენებლებს გავდიოდით, იმ პერიოდში ძირითადი ნაწილი უკვე მობილიზებული უნდა ყოფილიყო, თუმცა ვერ მოხერხდა და წლის ბოლომდე, ჩვენი პროგნოზებით, შეუძლებელი იყო ამ თანხების მობილიზება, თუ სხვა მეთოდებით, არ მოხდა ამ თანხების ამოღება.

 

-რა გაქვთ მხედველობაში?

-შეუძლებელია ეს მუხლები რამენაირად შესრულდეს, თუ რაიმე სხვა მეთოდს არ გამოიყენებენ, მაგალითად, შევარდნაძის დროინდელ ჩათვლების სისტემას. ან, ესაძლებელია, იძულების წესით ამოიღონ ეს თანხა.  ბოლო წლებში საგადასახადოში მიღებული პრაქტიკაა, ორგანიზაციებთან მისვლა და თხოვნა, რომ წინასწარ გადმორიცხონ გადასახადები. არ ვიცი, რამდენად ხართ ინფორმირებული ამის შეახებ, მაგრამ რეალურად, საგადასახადოს ინსპექტორები მიდიან და ეუბნებიან, წინასწარ შემოიტანონ გადასახადი. ანუ, არარეალიზებული პროდუქციის გადასახადს თხოვენ წინასწარ. ბევრი ფაქტია ასეთი, არ არის ერთი და ორი ფაქტი და არ არის მხოლოდ მსხვილ მოვაჭრეებთან. საუბარია ასევე წვრილ და საშუალო ბიზნესთან...

 

-მერია პრივატიზების გეგმის გადაჭარბებით შესრულებაზე საუბრობს, ეს ვერ შეცვლის მდგომარეობას?

-პრივატიზებიდან შემოსული გაზრდილი თანხის ოდენობა ვერანაირად ვერ გადაფარავს სხვა მუხლებში არსებულ პრობლემებს.

შემოსავლების ზრდასთან ერთად გეგმაც გაიზარდა. შესაბამისი ცვლილება ბიუჯეტის შესაბამის ნაწილში შემოტანილია და პრივატიზებიდან  მიღებული შემოსავლების შესაბამისად ხარჯიც გაწერილია.  ამის  გათვალისწინებით, ეს ვერ გადაფარავს სხვა მუხლებში არსებულ მინუსს.

2013 წლის ბიუჯეტში ჩემს მიერ ჩადებული პრივატიზების გეგმა ბატონმა შოთამ არარეალურად შეაფასა და განაცხადა, რომ ეს იყო კრახისთვის  განწირული ბიუჯეტი, რადგან ამ გეგმის შესრულება ქუთაისისთვის შეუძლებელი იყო. დღეს კი მერია ამბობნს, რომ უფრო მეტი თანხის მობილიზებაც ყოფილა შესაძლებელი. მე როგორც მახსოვს,  4 მლნ-ის ფარგლებში მქონდა გეგმა დატოვებული და სავსებით შესაძლებელი იყო იმ გეგმის შესრულება, მაგრამ მაშინ ქალაქის მერმა ის ბიუჯეტი არარეალისტურად შეაფასა. 

 

 -როგორ აფასებთ პრივატიზების შემოსავლების ასეთ ზრდას, ნიშნავს თუ არა, რომ ქალაქი ინვესტორებისათვის მიმზიდველი გახდა?

-მე ცოტა მწვავედ შევაფასებდი,  მოასწრეს რაღაც-რაღაცეები, კონკრეტული სახელი და გვარი თქვან, რომელი ინვესტორი შემოვიდა ქუთაისში და ინვესტიცია განახორციელა, არ ვამბობ 300 ათასის ქონება რომ იყიდა, ინვესტიცია ვინ განახორციელა? ქონება ბევრმა იყიდა, მაგრამ დაასაწყობა და ახლა ხან აგურები ცვივა იმ შენობებიდან და ხან სხვა პრობლემები იქმნება. 

-რამდენიმე ცნობილი ბრენდი შემოვიდა, მაგალითად, მ2 მწერალთა სახლის ადგილას სასტუმროს აშენებს...

- რეალურად ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია ამ ქონებებთნ დაკავშირებით, რომელიც ამ პერიოდში გასხვისდა,  განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში. მე როგორც ვიცი, სამართალდამცველებიც არიან დაინტერესებული, რამდენიმე გაყიდვასთან დაკავშირებით (მაგ:ახალგაზრდული თეატრის ყოფილ შენობასთან დაკავშირებით, თუნდაც მწერალთა სახლზე).

-ქალაქმა ისესხა რამდენიმე მილიონი,  როგორც მერიაში განაცხადეს, 4 მლნ დაჩქარებული პროექტებისათვის? რა ინფორმაციას ფლობთ, რისთვის მოხდა ამ ფულის სესხება?

-ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა,  მსგავსი ფაქტი ქუთაისში მხოლოდ 1914 წელს მოხდა. ამასთანავე, ბუნდოვანია მთლიანად სესხის პირობები,  ჩვენთვის არაა ცნობილი,  რა პირობითაა ეს  სესხი აღებული, რა პროცენტით და რა განკვეთით, ამასთან, ის მიზეზები, რაც ამ სესხისთვის იყო მოტანილი.  ესაა არასწორი მენეჯმენტის, დაუგეგმავობის შედეგი...თუ ბიუჯეტი სრულდება და პრობლემა არ იქმნება, მაშინ რატომ ავიღეთ თანხა ცენტრალური ბიუჯეტიდან? ესე იგი ფიზიკურად ფული არაა. ამას პასუხს სცემენ ზოდადად, ან სხვა მიმართულებით გადაქვთ ისრები,  არადა, კონკრეტულ გზავნილს, კონკრეტულ მიმართულებას ზუსტად ვეუბნებით, რა მიმართულებითაც არის სამუშაო და რას უნდა მიაქციონ ყურადღება.  წლის ბოლომდე არც ისე დიდი დროა დარჩენილი, ამ ორ თვეში ახალმა ხელისუფლებამ თავი უნდა იტეხოს ახალი ბიუჯეტის მიღებისათვის, რომელიც დეკემბრის ბოლოს უნდა დამტკიცდეს. პრობლემა შეიძლება შეიქმნას, ჯერ კიდევ არ ვიცით, რა ნაღმები შეიძლება ძველმა ხელისუფლებამ დატოვოს.

-2018 წლის ბიუჯეტზე რას იტყვით?

-მომავალი წლის ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები შემოტანილია, უკვე დოკუმენტს ველოდებით. მე მაინც ვფიქრობ,  სერიოზული მუშაობა მიდის ჯერ არ მოსული ხელისუფლების მხრიდან ბიუჯეტის მუხლების შეკვეცებთან დაკავშირებით.  

 

 

ამ თემაზე: "ძალიან ბევრი კითხვის ნიშნებია ამ პერიოდში გასხვისებულ ქონებებთან დაკავშირებით"- ბესიკ ბრეგაძე

         სესხი "დაჩქარებული პროექტებისათვის" - ოპოზიცია არასწორ მენეჯმენტზე საუბრობს

 

 

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე