|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში აღმოჩენილ მღვიმეს, შესაძლოა, ძეგლის სტატუსი არ მიენიჭოს

ქუთაისში კლდიაშვილის ქუჩაზე, ჭახათას უბანში აღმოჩენილ მღვიმეს ამ დრომდე არც სახელი აქვს და არც სტატუსი მინიჭებია. 

 მღვიმე გასული წლის 6 დეკემბერს სპელეოლოგებმა ვალერი ბარბაქაძემ და გიგო ონიანმა დაათვალიერეს, პირველადი დათვალიერების შემდეგ განაცხადეს, რომ მღვიმე უნიკალურია.

მღვიმის აღმომჩენის ექიმი ვახო სიხარულიძის ინფორმაციით, მღვიმის შესახებ ინფორმაცია შესაბამის სტრუქტურებს იმ სპელეოლოგებმა მიაწოდეს, რომლებიც მღვიმეში იყვნენ და მდგომარეობა შეისწავლეს. მისი თქმით, როგორც მას არაოფიციალურად განუცხადეს, მღვიმისათვის ბუნების ძეგლის სტატუსის მინიჭებაზე უარს აცხადებენ.

"როგორც არაოფიციალურად მითხრეს, გეოგრაფიის ინსტიტუტიდან ჩამოსული იყვნენ, მღვიმე დაათვალიერეს და თქვეს, რომ პატარაა. ამის გამო სტატუსი არ მიენიჭებაო"- განაცხადა ვახო სიხარულიძემ.

ადგილზე ქვის მომპოვებელი კომპანია აფეთქებით სამუშაოებს აწარმოებს, აფეთქების ბიძგები კი ადგილობრივების სახლებს აზიანებს, თუმცა მოსახლეობის ერთი ნაწილი ამ კომპანიაშია დასაქმებული და მათთვის კარიერის მუშაობა მნიშვნელოვანია. ვახო სიხარულიძის თქმით, მღვიმის ოფიციალურად აღიარების შემდეგ კი ეს ადგილი ტურისტებისათვის მიმზიდველი გახდებოდა და მოსახლეობა ტურისტურლი ინფრასტრუქტურის განვითარებას შეძლებდა. 

 ცნობილი გეოგრაფის გიორგი დვალაშვილის ინფორმაციით, ძეგლს სტატუსი დაცული ტერიტორიების სააგენტომ უნდა მიანიჭოს, თუმცა ამისათვის ქალაქის თვითმმართველობამ ოფიციალურად უნდა მიმართოს. 

 ჩვენ ასევე დავუკავშირდით დაცული ტერიტორიების სააგენტოს, სადაც განგვიცხადეს, რომ  მღვიმისათვის სტატუსის მინიჭების საკითხი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს პრეროგატივაა. ნიუპრესმა ასევე კითხვით მიმართა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, რომლის პასუხსაც ველოდებით.

ქუთაისის მერიას მღვიმესთან დაკავშირებით პოზიცია ოფიციალურად ამ დრომდე არ დაუფიქსირებია. აღნიშნულთან დაკავშირებით "ნიუპრესმა" ქალაქის მერიას კითხვით მიმართა, რომლის პაუხსს შესაძლებლობისთანავე  გაგაცნობთ.  

ავტორი: ირინა მაკარიძე