|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ჩინური მაღაზიის მფლობელებს "მერიის თანამშრომლები" ფართის დატოვებას აიძულებენ

ქუთაისში ფალიაშვილის 11 ნომერში არსებული ჩინური მაღაზიის მფლობელებს უცნობი პირები, რომლებიც თავს მერიის ზედამხედველობის  სამსახურის თანამშრომლებად აცნობენ, ფართის დატოვებას თხოვენ - ამის შესახებ დღეს განცხადება ფართის მესაკუთრემ "გირჩის" ოფისში გააკეთა. 

ფართის მეპატრონის ბაქარ ჭაჭიაშვილის თქმით, უცნობმა პირებმა, რომელთა სახელები მისთვის უცნობია, თუმცა არსებობს ფოტო და ვიდეო კადრები, მაღაზიის მფლობელებს რამდენჯერმე მოთხოვეს ფართის დატოვება, ბოლოს ისინი მაღაზიაში 12 აგვისტოს იმყოფებოდნენ. მათი თქმით, შენობა ავარიულია და რეაბილიტაციის მიზნით შენობა უნდა დაიცალოს. მეპატრონის თქმით, ამ მოთხოვნით, მას როგორც ფართის მეპატრონეს, არავინ დაკავშირებია.

როგორც "გირჩის" ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერმა თემურ ცამციშვილმა განაცხადა, საქმე ეხება  კულტურის სახლის ყოფილ შენობას, რომლის მეორე სართული ავარიულია და ის "შიტრიტ ჯგუფის" საკუთრებაა, მაგრამ პირველ სართულზე ფუნქციონირებს მაღაზიები, ასევე აფთიაქი PSP. მერიის წარმომადგენლები კი მხოლოდ ჩინურ მაღაზიაში მიდიან და მაღაზიის მფლობელებს ფართის დატოვებას მოითხოვენ შენობას.

ნიუპრესის კითხვაზე, მიმართავენ თუ არა აღნიშნული პირების ვინაობის დადგენის მოთხოვნით სამართალდამცველებს, ცამციშვილმა განაცხადა, ჯერ მერიის რეაგირებას დაელოდება. 

როგორც ქუთაისის მერიაში აცხადებენ, ფოტოზე ასახული პირები მათი თანამშრომლები არ არიან. მეტიც, მერიაში პროვოკაციის მოწყობაში "გირჩს" ადანაშაულებენ.

"ეს ადამიანები არ არიან მერიის თანამშრომლები. ეს ტერიტორია არის კერძო საკუთრება და გამორიცხულია კერძო საკუთრებიდან უსაფუძვლოდ ვინმე გამოუშვა. ვიღაც სპეკულირებს მერიის სახელით და ჩვენ ვთხოვთ შესაბამისს სტრუქტურებს დაინტერესდნენ ამ ამბით. არ არის გამორიცხული, თავად გირჩის წარმომადგენლები აწყობდნენ ამ პროვოკაციას მერიის სახელით", -განაცხადა ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ბაქარ ჭეიშვილმა.

 

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა