|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ცნობილი გორელიეფის წინ ღია კაფე და სავაჭრო პავილიონები მოეწყობა

ქუთაისის საკრებულოს გადაწყვეტილებას, ქონების პირდაპირი წესით გადაცემის შესახებ, ოპოზიცია აპროტესტებს. 

"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი  შპს "ფარისთვის" ტერიტორიის პირდაპირი წესით დამატებას არ დაეთანხმა.

ბესო ბრეგაძე აცხადებს, რომ როდესაც ხდება ტერიტორიის გადაცემა, ის მაინც უნდა იცოდეს თვითმმართველობამ, რა შენდება ადგილზე. 

"არასწორი საკადასტრო გეგმა ქონდათ შედგენილი შპს "ფარისთვის" და როგორც ამბობენ, მიმდინარეობს ნახაზის კორექტირება. 25 კვ. ფართობის დამატება მოხდა. გასწორება სხვა ფორმით წარმოუდგენელია, რადგან მას უსწორებ ვისაც უკვე მიეცი, მაგრამ ხაზს გავუსვამ იმას, რომ ისედაც საინტერესო ადგილია, ამიტომ პირდაპირი წესით ამ ტიპის ადგილის მიცემა არის არასწორი.

 სხვადასხვა ინფორმაცია მოვისმინეთ ამასთან დაკავშირებითაც, რომ გარემოვაჭრეების დასმა  მოხდება ადგილზე. მერიიდან ამბობენ, რომ კაფე-ბარზეა საუბარი. აზრიც არაა ჩამოყალიბებული  და როდესაც აღნაგობის წესით იცემა ტერიტორია, ის მაინც უნდა იცოდნენ მერიაში, რა შენდება, მსუბუქი თუ მძიმე კონსტრუქცია", -აცხადებს ბესო ბრეგაძე.

შპს "ფარს", რომელიც ცენტრალური ბაზრის მფლობელია, გარკვეული ტერიტორია გასულ წელს გადაეცა,  მემორანდუმის ფარგლებში კომპანიას ადგილზე გარევაჭრობის პრობლემა უნდა მოეგვარებინა და როგორც ცნობილი გახდა, ღია ტიპის კაფე უნდა მოეწყო. ბაზრის დირექტორი ოლეგ არღვლიანი განმარტავს, რომ ადგილზე ნამდვილად მოეწყობა ღია კაფე და პავილიონები, სადაც სხვადასხვა სახის სუვენირები გაიყიდება. 

"არქიტექტორებთან ვთანამშრომლობთ, რომ მოხდეს იერსახის შენარჩუნება, რაც შეეხება ობიექტს, მოწესრიგდება ტერიტორია, დაიგება ფილები, გაკეთდება გამწვანება და მოქალაქეების ჩამოსაჯდომი ადგილები. ასევე მოეწყობა ღია ტიპის კაფე და დაიდგმება პავილიონები მსუბუქი კონსტრუქციის. ადგილზე მოხდება სუვენირების და სხვადასხვა ნივთების გაყიდვა. იმ ადამიანებმა, რომლებიც ე.წ. პასაჟებში მუშაობდნენ, მოგვმართეს და შემოგვთავაზეს ასეთი რამ. განვიხილეთ ეს იდეა და ვცდილობთ, მოვაწყოთ ლამაზი პავილიონები, სადაც დაახლოებით 8 ადამიანი დასაქმდება. რაც შეეხება ვადებს, მიმდინარეობს მოლაპარაკებები. პროექტი გადაგზავნილი იქნება კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთვის და მათი ნებართვის შემდეგ დაიწყება ადგილის მოწყობა", -განაცხადა ოლეგ არღვლიანმა.  

საკრებულოს გადაწყვეტილებით, შპს "ფარს" გუშინ 25 კვ. მ ფართობი დაემატა,  რისთვისაც წლიურად 700 ლარის გადახდა დაევალა.

პირდაპირი წესით ქონების გადაცემის წინააღმდეგია "ევროპული საქართველოს" წევრი მერაბ მეშველიანი.  მერაბ მეშველიანის თქმით, უმჯობესია ტერიტორიები აუქციონზე გასხვისდეს და ბიუჯეტში მეტი თანხა შევიდეს. მერაბ მეშველიანმა 2017 წელს პირდაპირი წესით და ელექტრონული აუქციონით გასხვისებული ქონებების მონაცემები წარმოადგინა და განმარტა, რომ ელექტრონული აუქციონი, გაცილებით ხელსაყრელია ქალაქისთვის.

"გაცილებით აჯობებს თუ მიწის ნაკვეთს გავასხვისებთ ელექტრონული აუქციონის წესით, რადგან ამით მეტი თანხა შევა ბიუჯეტში. 2017 წელს გაიცა 37 ობიექტი. აქედან 14 ტროტუარი, 7 მიწის ნაკვეთი და 16 გაზონი. პირდაპირი იჯარით გაიცა 30 ობიექტი და 61 128 ლარი შემოვიდა ბიუჯეტში. ელქტრონული აუქციონით გასხვისდა 7 ობიექტი და 29 400 ლარი შევიდა ბიუჯეტში. თანხებში სხვაობა დიდია, ამიტომ  ჯობია, თუ ელექტრონული აუქციონით გავასხვისებთ", -განაცხადა მერაბ მეშველიანმა. 

პირდაპირი წესით ქონების გასხვისება არ მოსწონს საკრებულოს უმრავლესობასაც, თუმცა დეპუტატების განმარტებით, არის ობიექტები, რომელიც მხოლოდ ერთი კონკრეტული პირის ინტერესს წარმოადგენს, ამიტომ ხდება პირდაპირი წესით გადაცემა. საკრებულოს თავმჯდომარის ნიკა ლატარიას განცხადებით, როდესაც საუბარია, კიბის უჯრედის მოწყობაზე, ამ შემთხვევაში  გაიცემა თანხმობა, სხვა შემთხვევაში კი, მერია პირდაპირი წესით გასხვისების წინააღმდეგია.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი