|
  • EUR 1 = GEL 3.1897
  • USD 1 = GEL 2.7137
|

ქუთაისში, კაფე "არგოს" მიმდებარე მიწის ნაკვეთი 64 300 ლარად გაიყიდა

ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე 185 კვ.მ. მიწის ნაკვეთი 64 300 ლარად გაიყიდა. კაფე "არგოს" მიმდებარე ტერიტორია თეიმურაზ მინაშვილმა შეიძინა. მიწის ნაკვეთი მერიამ 5 სექტემბერს აუქციონზე გაიტანა. საწყისი ფასი  33 300 ლარს შეადგენდა, თუმცა 31 000 ლარით მეტად გაიყიდა.

მერიის ინფორმაციით, ტერიტორიის გასხვისება სამშენებლო პირობით არ მომხდარა.

კაფე "არგოს" მიმდებარედ მიწის ნაკვეთი გაყიდვის შესაძლებლობას საკრებულოს სხდომაზევე მოყვა უკმაყოფილება. საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის ნატო ქათამაძის განცხადებით, ტერიტორიას ისევ "არგოს" მფლობელი ნიკა ლატარია შეიძენდა.

"თავის დროზე საზოგადოების წინაააღმდეგობა გამოიწვია "ოქროს ჩარდახის" მიმდებარედ კაფე-ბარის  მშენებლობისათვის ტერიტორიის გადაცემამ. ამის მიუხედავად, მერიამ პოზიცია არ შეიცვალა და აიგო უსახური შენობა, ახლა კი დარჩენილი ტერიტორია გასაყიდად გამოაქვს, რომელსაც ცხადია, "არგოს"  მფლობელი ნიკა ლატარია შეიძენს. არჩევნებისათვის ხელისუფლებას ჭირდება მდიდარი ადამიანები და მათ კიდევ უფრო გამდიდრებას უწყობს ხელს, პარლამენტში თუ არის 41 მილიონერი, საკრებულოშიც სჭირდებათ. ქუთაისში ყველაფერი იყიდება", -განაცხადა ნატო ქათამაძემ.

ტერიტორიის გაყიდვასა და მისი "არგოს" მფლობელის მიერ შეძენაში პრობლემას ვერ ხედავდა ქუთაისის მერი შოთა მურღულია, რომლის განცხადებითაც, პრობლემა არ არის ვინ შეიძენდა ტერიტორიას, რადგან ამით ბიუჯეტში ფული შევა, ასევე განმარტავდა, რომ ტერიტორიაზე დამატებით სამუშაო ადგილები შეიქნებოდა.

კაფე "არგო" გასულ წელს აქციების პარალელურად აშენდა. გავრცელებული ინფორმაციით, მისი მფლობელი საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ნიკა ლატარია. ფაქტს ლატარია არ ადასტურებდა. ასევე არსებობდა ინფორმაცია,  რომ ტერიტორია ნიკა ლატარიას ოჯახთან დაახლოებულმა პირმა შეიძინა.

კაფე "არგოს" სამშენებლო სამუშაოები უკვე სრულდება. მოეწყო შენობის შიდა და გარე პერიმეტი და მიმდებარე ტერიტორია.

 

რუსთაველის ხიდსა და "არგოს" შორის არსებული ადგილი აუქციონზე გაიყიდება

"პარლამენტში თუ არის 41 მილიონერი, საკრებულოშიც სჭირდებათ"

"არგოს" მშენებლობის შესაჩერებლად ხელმოწერები გროვდება

"არგო"-ქუთაისელი ჩინოვნიკების გასაიდუმლოებული ბიზნესი

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი