|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში პანტომიმის თეატრმა პრემიერა გამართა

 ქუთაისის პანტომიმის თეატრმა სპექტაკლის "ცოდვილნი" პრემიერა წარმოადგინა.  პრემიერა ოპერის თეატრში გაიმართა. 

"ცოდვილნი" ბიბლიურ სიუჟეტზე აგებული პირველი ცოდვის ისტორიაა, რომელიც მსახიობებმა მუსიკისა და მოძრაობის საშუალებით, შესაშური ოსტატობით გადმოსცეს. სპექტაკლში მონაწილეობენ  თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ბაქარ ბაქრაძე, რომელიც ამავე დროს სპექტაკლის რეჟისორიცაა,  ბელა მაჭავარიანი, (ბელა დათიაშვილი)  ბერდია სიმსივე და გიორგი ქობალია.

აპრილში თეატრი ამ სპექტაკლით ფოთს ესტუმრება,  მაისში კი დადგმას თბილისში ამირან შალიკაშვილის სახელობის პანტომიმის საერთაშორისო ფესტივალზე წარადგენს. 

 ქუთაისში კი, პანტომიმის მოყვარულები მომდევნო სპექტაკლის ნახვას  9 აპრილს შეძლებენ.  როგორც დასის ხელმძღვანელმა აღნიშნა, ამ დღეს ტრადიციულად იმართება წარმოდგენა, რომელსაც საქართველოს თავისუფლებისათვის თავდადებულ ადამიანებს უძღვნიან.

ახალ სპექტაკლზე მუშაობის დაწყებას ბაქარ ბაქრაძე შემოდგომიდან გეგმავს. მისი თქმით, მიუხედავად მიწვევებისა, დასი უცხოეთში გასტროლებზე გამგზავრებას უსახსრობის გამო ვერ ახერხებს.

ქუთაისში პარტომიმის  თეატრი უკვე 8 წლიან  ისტორიას ითვლის, თუმცა დასს, ჯერჯერობით, საკუთარი შენობა არ აქვს და ოპერის თეატრში მუშაობს. 

ბაქარ ბაქრაძის თქმით, ქალაქის ხელისუფლების მხარდაჭერით, შესაძლოა, თეატრი მოკლე ხანში საკუთარ შენობაში გადავიდეს.

სპექტაკლი "ცოდვილნი" მერიისა და ოპერის თეატრის მხარდაჭერით დაიდგა. 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე