|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში რიონის სანაპიროზე სასტუმროს მშენებლობის ნებართვის გაუქმებას ითხოვენ

ქუთაისში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა პრემირ-მინისტრის, იმერეთის გუბერნატორის და ქალაქის მერის სახელზე ღია წერილი დაარეგისტრირეს.

ორგანიზაციები ქუთაისში, ტაბიძის ქუჩაზე სასტუმროს მშენებლობას აპროტესტებენ. მათი განცხადებით, დაუშვებელია რუსთაველის და წითელ ხიდებს შორის, ქალაქის ისტორიულ ნაწილში სასტუმროს მშენებლობა.

"მივმართეთ პრემიერ-მინისტრს და ადგილობრივ ხელისუფლებას, არ დაუშვან აღნიშნულ ადგილზე სასტუმროს მშენებლობა, ასეთ მცირე მონაკვეთზე, სადაც "ქალთა კლუბის" მიერ ხეივანი გაშენდა და რომელიც ისტორიულ ნაწილში მდებარეობს, დაუშვებელია მსგავსი ტიპის მშენებლობა", -განაცხადა ასოციაცია "ქალები რეგიონის განვითარებისთვის" პრეზიდენტმა მაკა ხეცურიანმა.

ამავე ასოციაციის თავმჯდომარის ქეთი ბერძენიშვილის განცხადებით, მდინარის სანაპიროზე 20 მეტრის მანძილზე ტერიტორიის გასხვისება კანონით დაუშვენებლია, ამას ემატება ისიც, რომ ადგილზე მწვანე საფარია.

"მოვითხოვთ, მოხდეს ხელშეკრულების გაუქმება და მფლობელს ახალი ტერიტორია მიეცეს და შევინარჩუნოთ მწვანე საფარი, მით უმეტეს, რომ დაუშვებელია მდინარის ნაპირზე ასე ახლოს ტერიტორიის გასხვისება და მშენებლობა. ამას შეიძლება პრობლემური შედეგები მოყვეს. ქუთაისში ერთ სულ მოსახლეზე მწვანე საფარის რაოდენობა მინიმუმამდე არის დაყვანილი და კიდევ ამ ტერიტორიის გაუქმება, არასწორია. არ შეიძლება ადამიანებს დაგვიტოვონ მწვანე ზოლი, რომ ჰაერი გვქონდეს? მით უმეტეს საუბრობენ, იმაზე, რომ სკვერები არ უნდა გასხვისდესო და რეალობა სხვაა", -განაცხადა ქეთი ბერძენიშვილმა. 

"ქალები რეგიონის განვითარებისთვის"  მოთხოვნას 12 არასამთავრობო ორგანიზაცია შეუერთდა.

ქუთაისში, მდინარის სანაპიროზე 151 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი გასული წლის ნოემბერში, წინა მერის მმართველობის პირობებში გასხვისდა.

ადგილზე სასტუმროს მშენებლობა იგეგმება.

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა