|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში აღმოჩენილ მღვიმეს აფეთქება ემუქრება?

ქუთაისში, კლდიაშვილის ქუჩაზე (ჭახათას უბანი) მღვიმის აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია 2 დღის წინ გავრცელდა და თითქმის ყველა მედია საშუალება მოიარა, თუმცა, აღმოჩნდა რომ მღვიმის არსებობის შესახებ ერთი წლის წინ იცოდნენ ქუთაისში.   

ქუთაისელი ექიმის ვახო სიხარულიძის და მისი ძაღლის მიერ აღმოჩენილი მღვიმე 6 დეკემბერს, მღვიმე სპელეოლოგებმა ვალერი ბარბაქაძემ და გიგო ონიანმაც დაათვალიერეს და მისი შესწავლა დაიწყეს. მათი განცხადებით, პირველადი დათვალიერებით, მღვიმე უნიკალურია და ის სავარაუდოდ, ქვედა ცარცული პერიოდისაა და 30-50 ათასი წლის წინანდელი უნდა იყოს.

„მღვიმე უნიკალურია და რაც დავათვალიერეთ, სულ ორი დარბაზია, მათი სიგრძე 80 მეტრია. სამწუხაროდ, აფეთქებების შედეგად დაზიანებულია ნაღვენთი ფორმები, თუმცა ვნახეთ ექსცენტრიკული ფორმები, რაც საქართველოში მანამდე არ გვინახავს. ეს პირველია და სწორედ ეს სძენს მღვიმეს უნიკალურობას“, – განაცხადა  ვალერი ბარბაქაძემ.

როგორც გაირკვა, მღვიმეში გასულ წელს  იმყოფებოდა მთასვლელთა და მოგზაურთა კლუბის თეთრნულდი დამფუძნებელი ირაკლი ჯულაყიძე.  ამის შესახებ  ირაკლი ჯულაყიძის  მეგობრებმა გაიხსენეს  და ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელეს. 

აი, რა წერია ერთი წლის წინ ირაკლი ჯულაყიძის მიერ დადებულ ფეისბუკ პოსტში:

"მღვიმე მდებარეობს ქ. ქუთაისიდან 1 კმ. -ში ჭახათასთან არსებულ ინერტული მასალების კარიერზე! ის გამოჩნდა შარშან, მორიგი აფეთქების შემდეგ! სასიამოვნოა, რომ მღვიმის შესასვლელშივე შევამჩნიეთ ღამურების პატარა კოლონია 40-ამდე ინდივიდი! მღვიმის მაქსიმალური სიმაღლე დაახლოებით 5-7 მ. სიგანე 3-4 მეტრი, შუა ნაწილში არის (სავარაუდოდ) ჭა, რომელშიც წყალი ჩაედინება და მიწა აქვს მიყრილი, მაგრამ საშიშია იქ დგომა, ისეა თიხა და ქანები განლაგებული, რომ ერთ მშვენიერ დღეს ჩაინგრევა (მე ასე მომეჩვენა, ყოველ შემთხვევაში) კარიერი სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენს და დაქირავებული კერძო კომპანია მუშაობს, ზაფხულიდან განახლდება აფეთქებები და მასალის მოპოვება!"-წერს ჯულაყიძე პოსტში, რომელიც მისმა მეგობრებმა გააზიარეს.

  

 

აღნიშნულის გამო თავს უხერხულად გრძნობს ვახო სიხარულიძე და აღნიშნავს, რომ მას  ეს ინფორმაცია არ ქონდა. "ამერიგო ვესპუჩივით ვარ, ის მღვიმე უკვე აღმოჩენილი ყოფილა, თავს უხერხულად ვგრძნობ", -განაცხადა მან  და მღვიმის აღმოჩენის საკუთარი ისტორია გაიხსენა:

"სანამ ტელევიზიები და მედია სააგენტოები გაიგებდნენ ამას ამ „აღმოჩენის “ შესახებ,  ჩემს ფ.ბ. გვერდზე დავდე, 
არაფერი დამიმალავს, ირაკლი ფ.ბ. ფრენდებში მყავს, მას თეორიულად ყველანაირი შანსი ჰქონდა, რომ ეს გაეგო... შემდეგ მე და თორნიკე ბარათაშვილი ჩავედით მღვიმეში დაახლოებით 2 - 3 კვირის წინ, ფოტოებიც გადავიღეთ და ეს ამბავიც დავდეთ ფ.ბ. - ზე.  მერე, როდესაც ამ ყველაფერს რეაქციები მოჰყვა, ჩემმა მეგობარმა ლევან ლექვინაძემ შემომთავაზა სპელეოლოგებთან დაკავშირება...  ასეც მოხდა, მოვიდნენ სპელეოლოგები და მათთან ერთად ჩავედით მღვიმეში. შემდეგ დამიკავშირდა ქალბატონი ქეთევან ბერძენიშვილი და მან მოიზიდა მედეა საშუალებები", -გვიამბობს სიხარულიძე.
 

ირაკლი ჯულაყიძე "ნიუპრესთან" საუბარში ადასტურებს, რომ მღვიმე გასულ წელს დაათვალიერეს, მაგრამ მისი თქმით,  აღმოჩენა არც მას ეკუთვნის.

"2017 წელს 30 აპრილს დამიწერია ამის შესახებ ფეისბუკზე და ახლა  მეგობრებმა გაიხსენეს. მაშინ მე მღვიმის არსებობის შესახებ  მეგობარმა შემატყობინა, რომელიც იმ კომპანიაში მუშაობს, რომელიც ადგილზე სამუშაოებს აწარმოებს, მითხრა, აფეთქების შედეგად გამოქვაბული გამოჩნდა და შენ არ აპირებ მისვლასო, შემდეგ სხვამაც მითხრა და ავედით. მღვიმე დავათვალიერეთ.  ამის შესახებ გეოგრაფიის ინსტიტუტსაც მივწერე, მაგრამ გამოხმაურება არ ყოფილა... სპელეოლოგებსაც მივმართე, მაგრამ მაშინ ვერ მოიცალეს.  ვახოს ვულოცავ, მან შეძლო და მღვიმის მიმართ ყურადღების მიქცევა. იქნებ ახლა მაინც დაინტერესდეს  ვინმე", -განუცხადა ნიუპრესს ირაკლი ჯულაყიძემ.

მისი თქმით, მას რამდენიმე მღვიმე აქვს აღმოჩენილი და არ აპირებს ამ აღმოჩენაში ვახო სიხარულიძეს შეეცილოს. 

ჯულაყიძის თქმით, უფრო მნიშვნელოვანია, თუ რა ბედი ეწევა მღვიმეს. "იქ კერძო კარიერია, ტერიტორია 30 წლით აქვს აღებული. ალბათ, აფეთქებები გაგრძელდება და ამ მღვიმესაც ააფეთქებენ", - განაცხადა ირაკლი ჯულაყიძემ.

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა