|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისური ოჯახების შესახებ შექმნილი წინგის პრეზენტაცია გაიმართა

ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში ქუთაისური ოჯახების შესახებ შექმნილი წიგნის მესამე ტომის პრეზენტაცია გაიმართა.  გამოცემაში შესულია 16 ქუთაისური ოჯახის ისტორია. 

 პროექტის ავტორის, პოეტი და პუბლიცისტი ცირა შალაშვილის განცხადებით, ქუთაისი მრავალმხრივ მდიდარი, მრავალფეროვანი ქალაქია, მისი ოჯახების ისტორიებიც სწორედ ასეთია, გამორჩეულად  საინტერესო.  მისი თქმით, სწორედ ამან გაუჩინა იდეა წიგნად ექცია ეს ისტორიები. წიგნის პირველი ტომი 2004 წელს გამოვიდა.

,,პირველი წიგნი, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის, მეუფე კალისტრატეს ლოცვა-კურთხევით გამოვიდა. ,,შენგან გამოსულ ყოველ წიგნს ექნება ჩემგან კურთხევაო’’, მითხრა მაშინ, აღნიშნულ გამოცემას მის ხსოვნას ვუძღვნით. ოჯახი ხომ ის საყრდენი წერტილია, რომელიც ქაოსისა და უწონობისგან იცავს ადამიანს. ვფიქრობ, რომ აღნიშნულ ტომში თავმოყრილი ყველა ოჯახი, ჭეშმარიტად ქართული და ზოგადადამიანურია, ანუ ისეთი, როგორიც ეკადრება ქვეყნის უიშვიათეს წარსულს, წინაპართა იმ პლეადას, ვისაც საკუთარი პიროვნება, ყოველთვის მიაჩნდა საზოგადოებისა და ქვეყნის ორგანულ ნაწილად. რაც უფრო მეტად დაიხარჯება სასიკეთოდ ამ წუთისოფელში, მით უფრო ვალმოხდილი იქნება უზენაესი შემოქმედის შინაშე’’, -განაცხადა ცირა შალაშვილმა.

 წიგნში მოთხრობილია ბალუაშვილების, გეწაძეების, გურეშიძეების, თევდორაძეების, იმედაშვილების, კოკელაძეების, კოპალეიშვილების, კოპალიანების, კუბლაშვილების, ნიშნიანიძეების, სულაძეების, ქათამაძეების, ქანდარიების, ჩოგოვაძეების და ჯულაყიძეების ოჯახების შესახებ.

წიგნის მესამე ნაწილზე მუშაობდნენ ჟურნალისტები: ია იაშვილი, ნინო ძოწენიძე. გარეკანზე გამოსახულია მარინა აბულაძის ნაქარგი - რიონისპირი მაგნოლიის ფონზე. კომპიუტერული უზრუნველყოფა შორენა ხუნდაძის. 

წიგნის გამოცემისთვის საჭირო ხარჯები ქუთაისის მერიამ და რამდენიმე ქუთაისურმა ოჯახმა გაიღო.

 

ავტორი: ნიუპრესი