|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის სასამართლოში მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით ექსპერტი დაიკითხა

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის საქმის განხილვა  ერთთვიანი შესვენების შემდეგ დღეს განახლდა.

პროცესს მოსამართლე მურთაზ კაპანაძე უძღვება.  სხდომას ადვოკატთან ერთად ესწრება მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი. სასამართლოში იმყოფება გარდაცვლილი გიორგი პაპასკირის მამა მალხაზ პაპასკირი.

პროცესზე ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტი დავით გველესიანი დაიკითხა. დავით გველესიანმა ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ დაწერილი დასკვნებზე პროკურორის და ადვოკატის კითხვებს უპასუხა. მისი თქმით, პირველ დასკვნაში საუბარი იყო, რომ მერაბ კვირიკაშვილის ქმედება არ შეესაბამებოდა მოძრაობის წესებს, რაც ექსპერტის თქმით, განპირობებული იყო თვითმხილველების ჩვენებაზე, რომლებიც აცხადებდნენ, რომ მოძრაობის დროს ხელისშემშლელი გარემოება არ დაუნახავთ, ამ ჩვენებას დაეყრდნო გამოძიება.

მეორე დასკვნის დროს მოძრაობის ერთ-ერთი მონაწილე ადასტურებდა მერაბ კვირიკაშვილის ინფორმაციას, რაც გზაზე საპირისპიროდ მოძრავი ავტომობილის არასწორ მანევრირებას გულისხმობდა და რამაც ავტოსაგზაო შემთხვევის პროვოცირება გამოიწვია.

"პირველი დასკვნა დაიწერა იმ თვითმხილველების გამოკითხვის საფუძველზე, რომლებიც შემთხვევის დროს ადგილზე იმყოდებიდნენ და რომლებიც რამდენიმე საათში დაიკითხნენ, თუმცა გამოძიების პროცესში დაიკითხა მოწმე, რომელიც აცხადებდა, რომ მოძრაობის დროს გზაზე ნამდვილად გადაადგილდებოდა ავტომობილი, რომლის მოძრაობამაც გამოიწვია კვირიკაშვილის მანევრირება, ამიტომ მეორე დასკვნა დაიწერა ამ ახალი გარემოებების საფუძველზე. დადგინდა მოძრაობის ტრაექტორია და მანძილი", -განაცხადა დავით გველესიანმა.

პროკურორის კითხვაზე, უნდა დაეკისროს თუ არა პასუხისმგებლობა მერაბ კვირიკაშვილს, უპასუხა: "საქმის მასალებიდან გამომდინარე, მერაბ კვირიკაშვილის ქმედება გამოწვეული იყო აუცილებელი გარემოებებით". პროკურორ ვალერი კუჭუხიძის განმარტებით, ექსპერტიზის დასკვნების გარშემო რამდენიმე დაუზუსტებელი კითხვა რჩება.

მომდევნო სხდომაზეც ექსპერტები და გამომძიებელი დაიკითხებიან. პროცესი 4 თებერვალს დაინიშნა.

საქმე ეხება 2016 წელს ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარ შემთხვევას,  რასაც კვირიკაშვილის მეუღლის და შემხვედრ ავტომობილში მყოფი სამი ადამიანის დაღუპვა მოყვა. კვირიკაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით წარუდგინეს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მერაბ კვირიკაშვილს 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა