|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რა პრობლემების გადაჭრა მოუწევთ გამარჯვებულ კანდიდატებს ბათუმში

„ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“ ამომრჩეველ ქალთა საჭიროებების შესახებ მოკვლევის ანგარიში გამოაქვეყნა. მოკვლევა მიზნად ისახავდა ამომრჩეველი ქალების საჭიროებების გამოვლენას და მათ შესახებ პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების ინფორმირებას, რათა მათი მხრიდან მოხდეს ქალთა საჭიროებების საარჩევნო პროგრამებში გათვალისწინება, არჩევის შემთხვევაში კი ამ საჭიროებებსა და პრობლემებზე მუშაობა.

 ქალთა საჭიროებების მოკვლევა 8 რეგიონის 12 ქალაქში ჩატარდა.  განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდა ქვემო ქართლში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, დევნილი და სოფლადმცხოვრები ამომრჩეველი ქალების საჭიროებების გამოვლენაზე. 

ქალთა საჭიროებების გამოვლენა მოხდა აჭარის რეგიონშიც. როგორც აღმოჩნდა, ბათუმში  სერიოზული პრობლემაა სანიაღვრე სისტემის გაუმართაობა;  ბათუმელი ქალებისთვის საჭიროებას წარმოადგენს საბავშვო ბაღების რაოდენობის ზრდა, რადგანაც,  ბაღების სიმცირის გამო ბავშვები სკოლამდელი აღზრდის გარეშე რჩებიან, ხოლო არის შემთხვევები, როცა დედებს სამსახურზე უარის თქმა უხდებათ, რადგან ბავშვებს ვერსად ტოვებენ. აღმოჩნა, რომ წელს ბათუმში 1000-ზე მეტი ბავშვი ვერ დარეგისტრირდა საბავშვო ბაღებში.  

შშმ პირებისთვის ისევ პრობლემაა არაადაპტირებული გარემო, განსაკუთრებით, პრობლემურია მათთვის ზაფხულში ზღვის სანაპიროზე  გასვლა; არაადაპტირებულია  ბათუმისა და ქობულეთის ბაზრების შესასვლელები, ქალაქში არსებული გაჩერებები და მუნიციპალური ტრანსპორტი. აჭარის მაღალმთიანეთში შშმ პირებისთვის არ არის შექმნილი ადაპტირებული საარჩევნო გარემო.  ბათუმელი ქალები ითხოვენ,  აუტიზმის სინდრომით დაავადებულ ბავშვებისთვის დღის ცენტრების შექმნას.

ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში, ნაწილობრივ ქობულეთშიც, ხშირია ნაადრევი ქორწინებების ფაქტები, განსაკუთრებით, მუსლიმ მრევლში. 

აწარის რეგიონში მცხოვრები ქალები ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს მცირე საწარმოების ამოქმედებას სთხოვენ.

ქალები დაბა ხულოდან კურორტ ბეშუმამდე მისასვლელი გზის გაკეთების საჭიროებაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ დაზიანებული გზის გამო  30 წუთის სავალს 2.30 საათში გადიან. ბეშუმში დაზიანებულია შიდა გზებიც, რაც პრობლემებს ქმნის განსაკუთრებით წვიმის დროს (https://uploadfiles.io/5ze6t  ანგარიშის სრული ვერსია   იხილეთ აქ). 

 

ქალთა საჭიროებები გამოვლინდა პროექტის „დაუჭირე მხარი ქალთა პოლიტიკაში ჩართულობას“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. პროექტის მიზანის ამომრჩევეი  არჩევნებში ჩართული ყველა მხარის ცნობიერების ამაღლება, რათა ხელი შეეწყოს 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქალი ამომრჩევლების მონაწილეობის ზრდას.

 

 

 

ავტორი: ნიუპრესი