|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რატომ ვერ გახდა ქუთაისი პოლიტიკური ცენტრი?

მეცხრე მოწვევის პარლამენტი 18 ნოემბერს უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა.  ერთი დღით  ქუთაისი  ქვეყნის პოლიტიკურ ცენტრად იქცა. დეპუტატთან ერთად  ქუთაისში  იმყოფებოდნენ ქვეყნის, მთავრობა,  პრეზიდენტი, დიპლომატიური კორპუსის,  ცესკოს, სხვადასხვა რელიგიური კონფესიების და არასამთავრობო ორგანიზაციების  წარმომადგენლები.  მთავრობის დამტკიცებისას ქუთაისი ყურადღების ცენტრში  კიდევ ერთხელ მოექცა, თუმცა პოლიტიკურ ცენტრად საპარლამენტო ქალაქი მაინც ვერ იქცა. 

წინა მთავრობის ჩანაფიქრი ქუთაისის საპარლამენტო და პოლიტიკურ ცენტრად გადაქცევის შესახებ არაერთელ გახდა განხილვის საგანი. „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის ქუთაისში გადმოტანა თავიდანვე არასწორ ნაბიჯად გამოაცხადა. საქართველოს პრეზიდენტმა ქუთაისში ვიზიტით ყოფნისას პარლამენტის ადგილმდებარეობის საკითხთან დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, რომ პარლამენტის გადმოტანამ ვერ გაამართლა, რადგან ქუთაისი პოლიტიკური ცენტრი მაინც ვერ გახდა.

ხელისუფლების ამგვარმა დამოკიდებულებამ  ქუთაისის საპარლამენტო ქალაქის სტატუსი და კონსტიტუციის უტყუარობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. კონსტიტუციის 48–ე მუხლში განსაზღვრულია, რომ პარლამენტის ადგილსამყოფელი არის ქუთაისი, თუმცა წინა მოწვევის პარლამენტის საქმიანობის შედეგად, საქართველოს  პარლამენტს ორი ადგილსამყოფელი აქვს, თბილისსა და ქუთაისში.

ოპოზიციის წარმომადგენლები სწორედ „ქართული ოცნების“ დამოკიდებულებას უკავშირებენ ქუთაისის სასახლის ფუნქციის დაკნინებას. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა არაერთხელ დაადანაშაულეს მთავრობა ქუთაისისადმი არასათანადო დამოკიდებულების გამო. ქალაქის საკრებულოს დეპუტატი ამირან ძოწენიძე პასუხისმგებლობის ნაწილს ადგილობრივ ხელისუფლებასაც აკისრებს და აცხადებს, ქუთაისის მთავარი მტერი ქალაქის თვითმმართველობაა.

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებამ  სათუო ქუთაისის ბედი გახადა.  მათ არ სურთ ქუთაისი იხილონ საქართველოს საპარლამენტო დედაქალაქად და კონსტიტუციის 48–ე მუხლს არღვევენ. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოახერხა და წინა მოწვევის პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა არ შეიქმნა,  წელს ამას მიაღწია ბიძინა ივანიშვილმა. მართალია,  ამომრჩეველმა ასე გადაწყვიტა, მაგრამ ვდგავართ სერიოზული საფრთხის წინაშე.  არ მჯერა, მათი წინასაარჩევნო დაპირების, რომ არ შეეხებიან პარლამენტს.  ვიცით არაფორმალური მმართველის დამოკიდებულება ქუთაისის მიმართ, რომელმაც თქვა, რომ „ორი კორპუსი და ერთი „სტოლბაა“ ქუთაისში და იქ რა უნდა პარლამენტსო?“, ამ საკითხს წელს ნაკლები წინააღმდეგობა შეხვდება პარლამენტში. ამიტომ  მოქალაქეების მყარი პოზიცია უნდა დავუპირისპიროთ და  არ დავუშვათ სტატუსის შეცვლა. სიკეთეები, რაც უნდა მოეტანა პარლამენტს, არ გვაქვს და ყველაფერი წაღებულია. ის 60 მილიონი,  რაც ქუთაისში უნდა იხარჯებოდეს, თბილისში იხარჯება. დღემდე პარლამენტს თბილისში საქმიანობა გაფორმებული აქვს, როგორც მივლინება, რის გამოც ქუთაისი კარგავს ძალიან ბევრს. ამ ყველაფერში კი მნიშვნელოვანი „წვლილი“ ადგილობრივმა ხელისუფლებამ და ქალაქის მერმაც შეიტანეს. თვითმმართველობას არასოდეს დაუფიქსირებია მყარი პოზიცია ქუთაისის საპარლამენტო სტატუსთან დაკავშირებით“, –განაცხადა ამირან ძოწენიძემ.

ქუთაისისათვის სტატუსის ჩამორთმევას შორეულ წარსულში მიღებულ გადაწყვეტილებას უკავშირებს „ახალი პოლიტიკური ცენტრის– გირჩის“ ქუთაისის ორგანიზაციის ხელმაძღვანელი თემურ ცამციშვილი. მისი განცხადებით, ცენტრის სტატუსის დაკარგვის  პრობლემა ქუთაისს დავით აღმაშენებლის გადაწყვეტილების შემდეგ აქვს.

„ქუთაისის პოლიტიკურ ცენტრად გახდომას ჰქონდა ერთადერთი მიზანი, ყოფილიყო რეგიონალური ჰაბი ყველა მიმართულებით. არა აქვს მნიშვნელობა პოლიტიკური ცენტრი იქნებოდა, საგანმანათლებლო, თუ საუნივერსიტეტო – მთავრი იყო, რომ ქუთაისს სჭირდება ფუნქცია და ეს საკითხი 2012 წელს გადაწყდა - ქუთაისი უნდა ყოფილიყო საპარლამენტო ქალაქი, პოლიტიკური ცენტრი, მაგრამ არასწორმა პოლიტიკურმა განცხადებებმა ეს საკითხი შეაჩერა, როგორც ინვესტიციის მოზიდვის, ასევე პოლიტიკურ ცენტრად  ჩამოყალიბების მხრივ. ამ პროექტმა  მმართველი გუნდის განცხადებების გამო ვერ იმუშავა. ქუთაისს აქვს დიდი პოტენციალი, მაგრამ გვჭირდება ფუნქცია, რომ ეს რესურსი გამოყენებული იყოს. ქვეყნის წინსვლასთან ერთად მთავარი მიზანი უნდა იყოს, რომ ბევრი სიკეთეები წამოვიღოთ ქუთაისში.  ეს პრობლემა მას შემდეგ დგას ქუთაისში, რაც დავით აღმაშენებლმა  მიიღო გადაწყვეტილება დედაქალაქის თბილისში გადატანის შესახებ. გვახსოვს ისტორია, როდესაც 250 ადამიანი ცხოვრობდა ქუთაისში, მაგრამ მეოცე საუკუნის დასაწყისში ქუთაისი იყო პოლიტიკური და კულტურული  ცენტრი. სწორედ ფუნქცია სჭირდება ამ ქალაქს, რომ მოახერხოს რესურსების გამოყენება“–განაცხადა თემურ ცამციშვილმა.

„ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ნებას უკავშირებს ქუთაისის განვითარების შეფერხებას არასამთავრობო ორგანიზაციის „ევროპა ჩვენი სახლია“ დამფუძნებელი. გია გოქაძის განცხადებით, როგორც ცენტრალურმა, ასევე ადგილობრივმა ხელისუფლებამ წაართვეს ქუთაისს პოლიტიკურ ცენტრად ჩამოყალიბების პერსპექტივა.

„ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვეტილებამ მნიშვნელოვნად შეაფერხა ქუთაისის განვითარება, ამასთან ერთად არც ადგილობრივი ხელისუფლება აღმოჩნდა მზად დაეცვა ქალაქის საპარლამენტო სტატუსი. მათმა განცხადებებმა შეაჩერა ინვესტიციები. ქუთაისის აღარ იყო საინტერესო ქალაქი, რის შემდეგაც მივიღეთ პარლამენტის ორი შენობა, ქუთაისსა და თბილისში, რომელსაც ჩვენ „ბუტკას“ ვეძახით. ხელისუფლების მტკიცება, რომ პარლამენტს არ გადაიტანენ, არავითარ ეფექტს არ გვაძლევს და ქალაქის პერსპექტივა ბუნდოვანი რჩება“,–განაცხადა გია გოქაძემ. 

ოპონენტების მოლოდინებს განზომილების ცვლილებად აფასებს ქუთაისის მერი, რომლის მტკიცებითაც ქუთაისი პოლიტიკური ცენტრი ვერ გახდებოდა, თუმცა არის რეგიონალური ცენტრი. ქალაქის მერმა არაერთხელ განაცხადა, რომ მას სურს პარლამენტი იყოს ქუთაისში.

„რატომ გვგონია რომ ვერ ჩამოყალიბდა ცენტრად,  ან რას ველოდით? პოლიტიკური ცენტრი არის თბილისი და თუ ვინმეს რაღაც განზომილების ცვლილება უნდოდა, ასე არ ხდება. რეგიონის ცენტრი იყო, არის და იქნება ქუთაისი, ასევე არის საპარლამენტო ქალაქის სტატუსის მქონე. ამ ქალაქში სამინისტროების, სახელმწიფო სტრუქტურების 22 წარმომადგენლობაა. სამინისტროების რეგიონალური ხელმძღვანელობა ყველა ქუთაისშია, ასევე რაჭა–ლეჩხუმის ხელმძღვანელობა არის ქუთაისში განთავსებული. აქ ფუნქციონირებს პარლამენტი. რაც შეეხება მთავრობის სახლს, ქუთაისში მთავრობის გადმოსვლა ვერ მოხერხდებოდა. ალოგიკური აღქმა ჰქონდათ.  მივესალმები, რაც მეტი დატვირთვა ექნება ქალაქს, მაგრამ ამ მთავრობის სახლში როგორ განთავსდებოდა მთავრობა?  რეალურ მიმართულებაზე ვიმსჯელოთ სჯობს. ქალაქს ბევრი რამ სჭირდება და არა მგონია, მხოლოდ პოლიტიკურ ცენტრად ჩამოყალიბება ცვლიდეს მის განვითარებას“–განაცხადა შოთა მურღულიამ.

განსხვავებით წინა პარლამენტისა, მეცხრე მოწვევის პარლამენტში მმართველმა გუნდმა საკონსტიტუციო უმრავლესობა 115 მანდატით მოიპოვა. ამის გამო ოპოზიციაში გამწვავდა ეჭვი, რომ „ქართული ოცნების“ დაპირების მიუხედავად, პარლამენტი სრულად „გადაბარგდება“ თბილისში. ოპონენტებს არც დეპუტატის „დაფიცების“ სწამთ, რადგან თვლიან, რომ ნარჩემაშვილის განცხადება საარჩევნო ბუტაფორია იყო, რადგანაც ის მისსავე წარმდგენ პარტიას არ და ვერ დაუპირისპირდება.

ვიდრე დეპუტატები პარლამენტის ბედს წყვეტენ, ქალაქი მისთვის გამომეტებულ სხვადასხვა პროექტებს „ებღაუჭება“.  საუნივერსიტეტო, საგანამანათლებლო, ინდუსტრიული... რომელიმე სტატუსს მიიღებს თუ არა ქალაქი,  ჯერ-ჯერობით ძნელია  პროგნოზირება. იქამდე კი საპარლამენტო ქალაქს მოუწევს  პოლიტიკური ცენტრის არშემდგარი იმიჯის  მორგება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა