|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რიონის ხეობაში ჰესის მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას გზა ორმხრივად გადაკეტილი აქვთ

რიონის ხეობაში დაპირისპირება სულ უფრო მწვავდება. მას შემდეგ რაც საპოლიციო ძალებმა ნამოხვანში კარვები აიღეს, ჰესის მოწინააღმდეგებმა გზა გადაკეტეს. 

როგორც ირკვევა, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს ნამოხვანში პროტესტის გაგრძელების უფლებას არ აძლევენ. იმერეთის სამხარეო პოლიციის უფროსის, სულხან თამაზაშვილის განცხადებით, კარვები დასაწყობებულია ავტომობილებზე და პროტესტის მონაწილეებს მათი გაშლა ნებისმიერ ადგილზე შეუძლიათ, ოღონდ არა ნამოხვანში.

ამ დროისათვის გზა ორმხრივად გადაკეტილია, საპოლიციო ძალებს გზა ნამოხვანის მიმართულებით აქვს გადაკეტილი, საპირისპირპოდ კი, გზის მეორე მხარე, გუმათის მიმართულებით აქციის მონაწილეებს.

რიონის ხეობის მცველები მოსახლეობას მხარდაჭერისაკენ მოუწოდებენ. მათი თქმით, რჩებიან ადგილზე და პროტესტს აგრძელებენ.

თავის მხრივ,  პოლიციის სამხარეო შეფი აცხადებს, რომ იმედოვნებს, აქციის მონაწილეები გზას გახსნიან და მათი დაშლა ძალის გამოყენებით არ მოუწევთ.

ავტორი: ნიუპრესი