|
  • EUR 1 = GEL 2.9204
  • USD 1 = GEL 2.4844
|

"ანგელოზები ჩვენს გვერდით ცხოვრობენ" - მოსწავლის ამაღელვებელი წერილი

ანგელოზები  ჩვენს გვერდით ცხოვრობენ, თუმცა ძნელია მათი შემჩნევა, რადგან გვგონია, რომ მათ აუცილებლად დიდი ფრთები უნდა ჰქონდეთ - წერს  ბარბარე ჭიჭინაძე.  წერილში, რომელიც ზესტაფონის  საჯარო სკოლის მოსწავლემ "ნიუპრესს" გამოუგზავნა, თავის ამაღელვებელ ისტორიას გვიყვება.

 მას გამორჩეულად უყვარს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. ამბობს, რომ მის კლასში ყველა ბავშვი კარგად სწავლობს, რაც მაია მასწავლებლის დამსახურებაა.  ბარბარეს თქმით, როდესაც ილია ჭავჭავაძის შემოქმედებას გაეცნენ,   საგურამოში ღია გაკვეთილის ჩატარება გადაწყვიტეს. 

"მშობლებს ექსკურსიის შესახებ ვუთხარი, აღმოჩნდა, რომ საკმარისი თანხა არ გვქონდა. მათ არაფერი ვაგრძნობინე. მეორე დღეს მაია მასწავლებელს ყელში მობჯენილი ცრემლებით ვუთხარი, რომ ვერ შევძლებდი ექსკურსიაზე წასვლას და შინ გამოვიქეცი. სახლში მისვლამდე ბაღში შევჩერდი. ჩანთა მიწაზე დავდე. დავჯექი ბალახზე, ხელები თავქვეშ ამოვიდე, თვალები დავხუჭე და ცხოვრებაზე დავფიქრდი. საკუთარ თავს პირობა მივეცი, ყოველდღე უკეთესად მესწავლა. გავმხდარვიყავი ცნობილი ბიზნესმენი და გაჭირვებულ ბავშვებს დავხმარებოდი. გამიტაცა იმაზე ფიქრმა, თუ რამდენ ფეხსაცმელს და ქურთუკს ვუყიდდი მიუსაფარი სახლის პატარებს. ასეთ ფიქრებში თითქოს უკეთესად ვიგრძენი თავი. თუ მოვინდომებ, სამყაროში ჩემს პატარა კვალს დავტოვებ. მაგრამ, ასეთი აზრების მიუხედავად, მაინც მტკიოდა გული იმის გამო, რომ მეგობრებს გამოვაკლდი და ექსკურსიაზე წასვლა ვერ მოვახერხე. საღამოს გაკვეთილებს ვამზადებდი, როდესაც ჩემმა კლასელმა ლამაზი, წელში გამოყვანილი ასოებით დაწერილი წერილი გადმომცა. მაშინვე ვიცანი კალიგრაფია. ,,ბარბარე, საგურამოში ყველანი ერთად უნდა წავიდეთ,” – მწერდა მაია მასწავლებელი -,,შენს გარეშე ღონისძიება არ გამოვა ისეთი, როგორზეც ვოცნებობდით. დილის 9 საათზე მთელი კლასი სკოლასთან გელოდებით”.

მთელი ღამე ვერ დავიძინე. არ ვიყავი ისე პატარა, ამ სიკეთის მნიშვნელობა ვერ გამეგო. მეუხერხულა ასეთ სიტუაციაში ყოფნა, მაგრამ გულის სიღრმეში მივხვდი, ეს ყველაფერი იმაზე მაღლა იდგა, ვიდრე უსახსრობით გამოწვეული უხერხულობა. დილით, ინათა თუ არა, სწრაფად გავემზადე, ზურგჩანთას ხელი დავავლე და სკოლაში გავიქეცი. მაია მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად ავტობუსთან იდგა. თეთრი კაბა ეცვა და ყელზე იასამნისფერი ბაფთა ეკეთა. თავს მხიარულად გრძნობდა და ღიმილიანი სახით მიყურებდა. ეს იყო ჩემი პირველი გასვლა ქალაქიდან, ამიტომ ფანჯრიდან თვალს არ ვაშორებდი გზას.

დიდი ხნის შემდეგ კლასელის დედა შემხვდა, რომელმაც საუბრის დროს მითხრა, რომ მაშინ მაია მასწავლებელმა ექსკურსიის თანხა თავისი   ხელფასიდან გადაიხადა.

მინდა ყველას ვუთხრა, ანგელოზები და ფერიები ცაში არ ცხოვრობენ, ისინი ჩვენს გვერდით არიან. ზოგჯერ, ძნელია მათი შემჩნევა.  ვფიქრობთ, რომ მათ აუცილებლად დიდი ფრთები უნდა ჰქონდეთ, მაგრამ ფრთები არ აქვთ, რადგან უბრალო ადამიანები არიან ჩვენს მახლობლად ცხოვრობენ და კეთილი გული უდევთ მკერდში.

 ჩემთვის ასეთი  ანგელოზი  მაია მასწავლებელია. დიდ მადლობას ვუხდი იმ ლამაზი დღისთვის, რომელიც  მაჩუქა, მის სიყვარულს, სითბოს, მზრუნველობას არასდროს დავივიწყებ", - წერს ბარბარე ჭიჭინაძე.

                                                                 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ბოლო 5 წლის განმავლობაში რა მიმართულებით შეიცვალა ქვეყანაში ცხოვრების დონე?

გაუმჯობესდა - 20%
გაუარესდა - 60%
არ შეცვლილა - 20%
სულ - 85 ხმა