|
  • EUR 1 = GEL 3.1766
  • USD 1 = GEL 2.706
|

როგორც ცხოვრობდა მეფე ტახტიდან ჩამოგდების შემდეგ?

"ნიუპრესი" აგრძელებს რუბრიკას, რომელშიც ქუთაისში გამომავალ,  100 წლის წინანდელ გაზეთებში გამოქვეყნებულ ამბებს გაცნობთ.

ამჯერად საქართველოში მონარქიისადმი გამოჩენილი ინტერესის გათვალისწინებით გთავაზობთ ზუსტად 100 წლის წინანდელ გაზეთში "ჩვენი მეგობარი" გამოქვეყნებულ ცნობას, რომელიც რუსეთის იმპერიის ტახტიდან ჩამოგდებული მეფე ნიკოლოზისა და მისი ოჯახის ცხოვრებას აღწერს.

 შეგახსენებთ, 1917 წლის თებერვალში რუსეთის ბურჟუაზიული რევოლუციის შედეგად ტახტიდან ჩამოგდებული მეფე და მისი ოჯახი სოფელში გადაასახლეს.

"მეფის სოფელში ალექსანდრეს სასახლეს, სადაც ნიკოლოზ რომანოვი და მისი ოჯახობა ცხოვრობს, გაძლიერებული მცველები არტყია გარს. შესავალ კარებთან შიგნით და გარეთ დარაჯები სდგანან, პარკთანაც დარაჯები, გზაზეც დარაჯები.

თვით ნიკოლოზი ძალიან მშვიდათაა. დამცველი რაზმის უფროსის თქმით, ის ამ უკანასკნელ ხანებში გამოცოცხლდა. ხშირათ ხეებს ხერხავს და ბოსტანს უვლის. პოლიტიკა სრულებით არ აინტერესებს. კითხვით ცოტას კითხულობს, თუმცა, გაზეთებს ყოველდღე ღებულობს. "ვეჩერნეე ვრემიას" უეჭველად ყოველდღე ყიდულობს. ჯარისკაცებს უბრალო, უმნიშვნელო კითხვებს აძლევს. ეკითხება, რომელი გუბერნიიდან ხარო და სხვა.

მეფე იღებს ნიჩაბს ხელში, თხრის მიწას ერთგულათ.  მის გარშემო ქალიშვილები და მისი ვაჟი სულ იცინიან. ყველანი გულმოდგინეთ თხრიან მიწას და მიაქვთ. ხელები შავი მიწით ესვრებათ. შავი მიწით გასვრილ ხელებზე ოქროს ბეჭედი და სამჯური აქვთ", -წერს "ჩვენი მეგობარი" 1917 წლის ივნისი ნომერში.

სამეფო ოჯახის ტრაგედია ყველასათვის ცნობილია, თუმცა როგორც ამ მონათხრობიდან ჩანს, მეფე სრულიად შეგუებული იყო თავის ბედს და ასეთი მკაცრი განაჩენის არანაირი საჭიროება არ არსებობდა.

 

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე