|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"სააგიტაციო მასალისთვის განკუთვნილ სტენდზე კერძო კომპანიის რეკლამა დაგვხვდა"

გიორგი ვაშაძე-ერთობა ახალი საქართველოს ძელქვიანის ოლქის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატის ანა გაბუნიას განცხადებით, ადგილზე, სადაც საარჩევნო სუბიექტებს სააგიტაციო მასალის გამოქვეყნების უფლება აქვთ, კერძო კომპანიის ბანერია გაკრული, რაც მათთვის ხელშემშლელი ფაქტორია.

 

“2017 წლის 22 აგვისტოს საკრებულომ გამოსცა განკარგულება, კონკრეტული მისამართებით სად შეუძლიათ საარჩევნო სუბიექტებს სააგიტაციო მასალების განთავსება. ახლა ვიმყოფებით თაბუკაშვილის ქუჩაზე, იმ ადგილზე, სადაც წესით,  შანსი გვაქვს სააგიტაციო მასალის გაკვრის, თუმცა სააგიტაციო მასალისთვის განკუთნილ სტენდზე კერძო კომპანიის რეკლამა დაგვხვდა. იმ ფონზე, როცა ყველა ფასიანი ბილბორდი სახელისუფლებო გუნდს აქვს დაკავებული, ჩვენ, იმ სუბიექტებს, ვისაც არ გვაქვს ბილბორდების თანხა, გვართმევენ შანსს, რომ ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ამომრჩევლის ინფორმირებულობის მიზნით გავაკრათ ჩვენი სააგიტაციო მასალა",- განაცხადა გაბუნიამ.

 

როგორც მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, აღნიშნულ ადგილზე რეკლამის განთავსების ნებართვა ქალაქის მერიას კერძო კომპანიისთვის არ მიუცია.

„არსებულ ფაქტთან დაკავშირებით რეაგირებას დღესვე მოვახდენთ, არცერთ კერძო კომპანიას მერიისგან მოცემულ ადგილზე ბანერის გაკვრის უფლება არ მიუღია"-განაცხადეს მერიაში.

 

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს მიერ გაცემული დადგენილების თანახმად სააგიტაციო მასალის განთავსება ქუთაისში 10 სტენდზეა შესაძლებელი.

ავტორი: ხატია ბანძელაძე