|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მეწარმეებს საშემოსავლო გადასახადი 5-ჯერ შეუმცირდებათ

ქუთაისში მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს ახალი საგადასახადო ინიციატივა გააცნეს. მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ იმერეთის რეგიონში მცხოვრებ მეწარმეებს  ფინანსთა მინისტრის მოადგილე ესაუბრა.

ლაშა ხუციშვილის განმარტებით, ახალი საგადასახადო ინიციატივა განკუთვნილია საქართველოში მცირე მეწარმეობის წახალისებისთვის და ითვალისწინებს დაბეგვრის შეღავათიან საგადასახადო რეჟიმის შემოღებას.

"გრძელდება საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების, ახალი საგადასახადო ინიციატივების რეგიონებში დანერგვა. დღეს შეხვედრა გრძელდება ქუთაისში. ახალი ინიციატივა გულისხმობს, საშემოსავლო გადასახადის 5-ჯერ შემცირებას მცირე მეწარმეებისათვის და საშემოსავლო გადასახადი 5%-დან 1%-მდე შემცირდება. ზღვარის გაზრდას რაც შეეხება, 100 000 ლარიდან 500 000 ლარამდე გაიზარდა, რაც საშუალებას გვაძლევს აღნიშნული რეფორმიდან ისარგებლოს დაახლოებით 120 000-მა მცირე მეწარემ და მათ 5%-იანი საშემოსავლო გადასახადის ნაცვლად, მინიმალური 1% გადაიხადონ", -განაცხადა ლაშა ხუციშვილმა. 

რეფორმით, ამავდროულად, მცირე ბიზნესისთვის შენარჩუნდება უმარტივესი საგადასახადო აღრიცხვის წარმოების შესაძლებლობა, კერძოდ, საქონლის აღრიცხვისთვის სპეციალური ჟურნალის წარმოება და ბუღალტრული აღირცხვის ვალდებულება აღარ იქნება. ვალდებულება ექნება მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში გამოიყენონ საკონტროლო-სალარო აპარატი და სასაქონლო ზედნადები. 

სამინისტროში ვარაუდობენ, რომ ახალი რეფორმის შედეგად, მთლიან შიდა პროდუქტში მნიშვნელოვნად გაიზრდება მცირე ბიზნესის წილი. 

რეფორმას დადებით ნაბიჯად აფასებენ მეწარმეები. კოოპერატივ "თაფლი საჩინოს" მფლობელის მინდია ქავთარაძის თქმით, მნიშვნელოვანი ინიციატივაა მცირე მეწარმეობის განვითარებისთვის.

"დროული და ზედმიწევნით სწორად დაგეგმილი რეფორმა და ნაბიჯია სამინისტროს მხრიდან, საქართველოში უამრავი პროექტი ხორცილდებოდა ბიზნესის განვითარებისთვის და ეს უდიდესი ბიძგი იქნება სახელმწიფოს მხრიდან მეწარმეების მიმართ, რომ მეტად განვვითარდეთ",-განაცხადა მინდია ქავთარაძემ.

შეხვედრას მეწარმეებთან ერთად იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტეის მაჟორიტარი დეპუტატები და საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის პრეზიდენტი ესწრებოდა. 

საგადასახადო ინიციატივის გაცნობა უშუალოდ ფინანსთა მინისტრს უნდა მოეხდინა, თუმცა პრესსამსახურის ინფორმაციით, მამუკა ბახტაძეს თბილისში დაბრუნება მოუხდა. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა