|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სალომე ზურაბიშვილი დღეს პრეზიდენტის ფიცს დადებს

ახალარჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ფიცს დადებს, რის შემდეგაც საპრეზიდენტო უფლებამოსილებების განხორციელებას შეუდგება.

კონსტიტუციის თანახმად, თანამდებობის დაკავების წინ საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტი საპროგრამო სიტყვას წარმოთქვამს და დებს ფიცს: - “მე, საქართველოს პრეზიდენტი, ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, რომ დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას, ქვეყნის დამოუკიდებლობას, ერთიანობასა და განუყოფლობას, კეთილსინდისიერად აღვასრულებ პრეზიდენტის მოვალეობას, ვიზრუნებ ჩემი ქვეყნის მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისათვის, ჩემი ხალხისა და მამულის აღორძინებისა და ძლევამოსილებისათვის“.

ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე უფლებამოსილება შეუწყდება გიორგი მარეგველაშვილს.

ინაუგურაცია თელავში, ერეკლე მეორის სასახლეში, 15:00 საათზე დაიწყება და 40 წუთს გაგრძელდება. მოსახლეობას საშუალება ექნება ინაუგურაციას თვალი ვაჟა- ფშაველას სახელობის თეატრის წინ დამონტაჟებულ მონიტორზე ადევნოს.

დღესვე არჩეული პრეზიდენტი მოწვეულ სტუმრებთან ერთად, 16.00 საათზე, ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატულ თეატრში საზეიმო მიღებას გამართავს.

საქართველოს მე-5 პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიალში მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოს 55-მდე ქვეყნის 150-მდე წარმომადგენელი.

ავტორი: ნიუპრესი