|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„მივეჩვიეთ უკვე, მოდიან, გვპირდებიან, მაგრამ არაფერი იცვლება"

„მივეჩვიეთ უკვე, მოდიან, გვპირდებიან, მიდიან, მაგრამ არაფერი იცვლება, ამიტომ ბოდიშს გიხდით ასეთი საუბრისთვის“-მობოდიშებით დაიწყეს საუბარი ყოფილი სამხატვრო სკოლის შენობაში შესახლებულებმა. მათი თქმით, წლების განმავლობაში გაცემული შეუსრულებელი დაპირებების გამო, არც თვითმმართველობის და არც მედიის იმედი აღარ  აქვთ.

„მივეჩვიეთ უკვე და დავიღალეთ ერთი და იგივეს საუბრით. მოდიან, გვეკითხებიან, გვპირდებიან და შეუსრულებელი რჩება ყველაფერი. ამიტომ ბოდიშს გიხდით, ასე რომ გესაუბრებით, მაგრამ არც უკეთესი მომავლის იმედი გვაქვს და არც პირობების გაუმჯობესების. ჩვენი თავის იმედად ვართ მხოლოდ. თვითმმართველობა არაფერში მოგვხმარებია“, - განაცხადა ადგილობრივმა მზევინარ ლოლომაძემ.

ქუთაისის სამხატვრო სკოლის ყოფილი შენობა ავარიულია. დაზიანებულია კედლები, ჩამტვრეულია მინები და სრულებით ვერ აკმაყოფილებს საცხოვრებელ პირობებს, თუმცა ის ადამიანების ერთადერთი თავშესაფარია, რომლის დაკარგვის შიშში წლებია, ცხოვრობენ.

სოციალურად დაუცველები ამ შენობაში წლების წინ შესახლდენ. თვითნებურად შეჭრის გამო მათ მერია გამოსახლებით დაემუქრა, თუმცა მოახერხეს ამ დრომდე შენობის შენარჩუნება.

სამხატვრო სკოლაში 11 ოჯახი ცხოვრობას, მათგან რამდენიმეს ოჯახში არასრულწლოვანი ყავს. ბავშვების ერთადერთი გასართობი ეზო და მიმდებარედ არსებული დაბინძურებული არხია.

ქუთაისის იუსტიციის სახლის, პროკურატურისა და ახლა უკვე არქივის მიმდებარედ არსებული შენობა და შენობის ბინადრები ყოველგვარი პირობების გარეშე საკუთარი შესაძლებლობებით ახერხებენ არსებობას. მათი პირობებიც და გასაჭირიც ერთნაირია. შენობაში ელექტროენერგიაც რამდენიმე წელია, შეიყვანეს, ისიც ადგილობრივებმა დიდი ბრძოლისა და საკუთარი სახსრებით მოახერხეს.

 

„შემოვიყვანეთ დენი, დიდი ბრძოლის შემდეგ და მაგაშიც ჩვენ გადაგვახდევინეს თანხა, წყალიც ჩვენით შემოვიყვანეთ. არავინ გვეხმარება, არც აინტერესებთ და ჩვენც მივეჩვიეთ“, -განაცხადა ადგილობრივმა. მისი განცხადებით, შენობაში შვილთან ერთად ცხოვრობს, სოციალური დახმარება 60 ლარი კი მხოლოდ მას დაუნიშნეს, რადგან შვილი თვითდასაქმებულია.

შენობას არ აქვს კანალიზაცია და ადგილობრივებმა ხის საპირფარეშოც ეზოში საკუთარი ძალებით ააშენეს.

შენობაში მცხოვრები სამი ოჯახი მერიამ მუნიციპალურ თავშესაფარში გადაიყვანა. განცხადება ყველა ოჯახს ქონდა დაწერილი, თუმცა მოქალაქეების განცხადებით, მათ საკმარისი ქულები ვერ დააგროვეს და ახალი საცხოვრებელიც ვერ მიიღეს.

შენობაში განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა ზამთარშია. ბუნებრივი აირის არარსებობის გამო სიცივეს ქალაქში მოგროვებული შეშით ებრძვიან.

„რომ შემოვედი წლების წინ, მაშინ დავწერე განცხადება შეშაზე, მაგრამ ჯერ არ მოუტანიათ“, -განაცხადა მზევინა ლოლომაძემ.

 

 

ქუთაისის სამხატვრო სკოლის შენობა მერიის ბალანსზეა. მერიაში განმარტავენ, რომ მოქალაქეების გაყვანა მუნიციპალურ თავშესაფარში ქულების მიხედვით მოხდა.

„შენობა არის მერიის საკუთრება. რაც შეეხება იქ შესახლებულ ადამიანებს, რამდენიმე ოჯახმა დააკმაყოფილა კრიტერიუმები და მოხვდა მაღალი ქულით სოციალურ საცხოვრისში. შემდეგ ეტაპზე დაკმაყოფილდება, ვისაც შედარებით დაბალი ქულა აქვს“-აცხადებენ მერიაში.

შენობის დაბრუნებას გასულ წელს მერიის კულტურის ააიპი ითხოვდა. მერიის აიიპ „კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანების“ ხელმძღვანელმა ელისო ქაროსანიძემ, რომლის დაქვემდებარებაში არის „სამხატვრო სკოლა“,  შენობის დაბრუნების საკითხი დასვა. ქუთაისის განვითარების გეგმის „2021“-ის განხილვის დროს ელისო ქაროსანიძემ თვითმმართველობას მიმართა, მოეხდინათ "სამხატვრო სკოლის" ყოფილი შენობიდან იქ შესახლებულთა გამოყვანა და შენობის ძველი მფლობელებისათვის დაბრუნება.

„კარგი იქნებოდა, თუ სტრატეგიულ გეგმაში შევიტანდით ერთ-ერთ პუნქტად და "სამხატვრო სკოლაში" ძველ ბინადრებს დავაბრუნებდით“, - განაცხადა ელისო  ქაროსანიძემ. მისი თქმით, ის სოციალურად დაუცველების არა ქუჩაში გაშვებას, არამედ ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილებას ითხოვს.  

მერიაში აცხადებენ, რომ თვითნებურად შესახლებული მოქალაქეების შენობიდან გამოყვანისთვის რადიკალური ზომების გამოყენებას არ აპირებენ. 

 

  

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი