|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ავტოკატასტროფებში დაღუპულთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით აქცია გაიმართება

 
მოძრაობა "იარე ფეხით" განცხადებას  ავრცელებს: "22 ოქტომბერს, ქვეითთა უდიდესი შიში ქუთაისში გამართლდა. გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომობილის მძღოლი ზებრა გადასასვლელზე ორ ახალგაზრდა ქვეითს დაეჯახა. საბედნიეროდ, 15 წლის ახალგაზრდები სიკვდილს გადაურჩნენ, თუმცა მიიღეს სხეულის დაზიანება, ხოლო მათ გამოჯანმრთელებას საკმაო დრო დასჭირდება. ეს ყველაფერი კი მოხდა ზებრა გადასასვლელზე, სადაც ქვეითები უპირატესობით უნდა სარგებლობდნენ.
სოციალურ ქსელში ფართოდ გავრცელდა შემთხვევის ამსახველი კადრები, რადგან ყოველდღიურად, საქართველოს ყველა ქალაქში, თითოეულ ჩვენგანს იგივე საფრთხე ემუქრება. მძღოლები ხშირად უგულებელყოფენ საგზაო ნიშნებსა და მონიშვნებს, არ ემორჩილებიან სიჩქარის შეზღუდვებსა, არღვევენ ქვეითის უფლებას ისარგებლოს უპირატესობით ზებრა გადასასვლელზე. სამწუხაროდ, ყველა ამ დარღვევას უმეტეს შემთხვევაში არ მოჰყვება სათანადო რეაგირება სამართალდამცავების მხრიდან, არ ხდება სამართალდამრღვევების დაკავება, ბრალდება და მსჯავრდება.
ჩვენ მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს სათანადო რეაგირება მოახდინოს ამ შემთხვევაზე და საზოგადოების მომატებული ინტერესიდან გამომდინარე გააცნოს მას დამდგარი შედეგი.
"იარე ფეხით" მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს გაძლიერდეს ერთობლივი ძალისხმევა მძღოლთა ცნობიერების ამაღლების მხრივ, მუდმივად აღსრულდეს კანონი და დაჯარიმდნენ ის მძღოლები, რომლებიც მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ყოველდღიურად საფრთხეში აგდებენ",-ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

სწორედ ამ მიზნით, 20 ნოემბერს ავტოკატასტროფებში დაღუპულთა და დაშავებულთა ხსოვნის დღეს "იარე ფეხით", "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" და სხვა სამოქალაქო ორგანიზაციები გამართავენ მსვლელობას, რუსთაველის გამზირზე.
 
მსვლელობის მიზანია ხელისუფლებას მოუწოდოს მეტი ქმედითი ნაბიჯების გადადგმა საგზაო უსაფრთხოების პრობლემების მოსაგვარებლად საქართველოში. ახალი პარლამენტის შეკრების შემდეგ დაუყოვნებლივ, საკითხთა პირველ ნუსხაში მოხდეს საგზაო კანონის, ქულათა სისტემის და უკონტაქტო პატრულირების განხილვა და მიღება, რათა შემცირდეს ავტო-საგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა, რომლის 95% ადამიანური ფაქტორებითაა გამოწვეული.

აქციაში  მოძრაობის თეატრი, მოხალისეები, სტუდენტები, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ჩაერთვებიან.
ნოემბრის მესამე კვირა დღე ავტოკატასტროფებში დაღუპულთა და დაშავებულთა ხსოვნის საერთაშორისო დღეა, რომელიც გაერომ ოფიციალურ დღედ 2005 წელს გამოაცხადა და იგი მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება.
 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა