|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ, ქართველებო!"

ხშირად ჩემს სტატიებს ემიგრანტებისადმი მიმართვით ვიწყებ, ახლაც არ დავარღვევ ტრადიციას და უპირველესად თქვენ მოგილოცავთ, ჩემთვის ძალიან ძვირფასო ემიგრანტებო, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ, რადგაც ჩვენ ყველაზე მეტად გვენატრება ჩვენი ქვეყანა და არანაკლებად გვიყვარს, ვიდრე საქართველოში დარჩენილ ქართველებს.

პირველ რიგში, სწორედ  ჩვენი მისამართით ისმის ხოლმე საყვედურები იმის შესახებ, რომ დავტოვეთ ქვეყანა. ყველას აქვს მიგრაციაში ყოფნის მიზეზი, თუმცა ეს მიზეზი ბოლოს მაინც საქართველოს სიყვარულთან მიდის და გვაერთიანებს. ასევე ჩვენს ხელშიცაა სამშობლოს გადარჩენა. მიგრაციაში ყოფნისას ყველაზე დიდი საშიშროება მშობლიურ ენას ემუქრება, ენას, რომლის შენარჩუნებაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ამიტომ, ჩვენო ძვირფასო მშობლებო, რაც უნდა უცხო ენით გესაუბროთ საკუთარმა შვილებმა, ეცადეთ, მათ ყოველთვის ქართულად უპასუხოთ! თქვენ ამ დროს ერის გადარჩენის მისია გაკისრიათ (ერის იდენტობის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ხომ სწორდ ენაა); თქვენ ამ დროს სამშობლოს, ჩვენი მიწა-წყლის, ჩვენი ისტორიის შენარჩუნება გევალებათ. დღეს სამშობლოს დასაცავი იარაღი თქვენს ხელშია, რომ შვილებს ქართულად ესაუბროთ, რათა საქართველოში მიმავალი გზა არ აებნეთ. გზის აბნევაზე გამახსენდა, ჩემს ერთ-ერთ სტატიაში ემიგრანტებს "გზააბნეული" ვუწოდე და ამან გაუგებრობა გამოიწვია; ბევრმა ეს ემიგრანტების შეურაცხყოფადაც მიიღო, თუმცა მე ცუდი არაფერი მიგულისხმია...- დღეს ჩვენი გზის პოვნა სწორედ ჩვენი ენის დაცვასა და სამშობლოს გადარჩენაშია.  დღეს რომ ილია ცოცხალი ყოფილიყო, ზუსტად იმავეს დაწერდა, რაც იმ დროს თავის წერილში „რა გითხრათ, რით გაგახაროთ?!“ ალბათ, იმასაც იტყოდა, რომ მიგრაციის ვირუსსაც გადავურჩითო.

ერთი კვირის წინ ერთ-ერთმა ქართველმა ემიგრანტმა მითხრა, რომ საქართველოში ბრუნდება. ჯერ გავიფიქრე, მომეჩვენა-მეთქი და ვკითხე, მართლა ამბობდა, თუ ხუმრობდა და იცით, რა მიპასუხა? ის, რომ მან რამდენიმე ჰექტარი მიწა იყიდა და არაფრის ეშინია, დარწმუნებულია, რომ თავს იქაც ირჩენს და გარკვეული რაოდენობის ადამიანს დაასაქმებს. უკვე სხვებიც გამოჩდნენ, რომლებიც ფიქრობენ სამშობლოში დაბრუნებაზე. ამის ფონზე მე საკუთარი თავი ერთ უმწეო და უძლურ ემიგრანტად ჩავთვალე.

აქვე მინდა აღვნიშნო იმ ქართველების გმირობაც, რომლებმაც მძიმე გასაჭირის დროს ქვეყანა არ დატოვეს და ჩვენი წინაპრების სისხლით შენარჩუნებულ სამშობლოს დაახვედრებს ემიგრანტ ბავშვებს, რომლებიც დაიზრდებიან და უცხო ქვეყანაში შეძენილ ცოდნასა და გამოცდილებას თავიანთ ქვეყანას მოახმარენ. ყველაფერი ეს ძალას მაძლევს და  აღარც უძლურებას განვიცდი, რადგან მეც იმ ქართველ ემიგრანტთა რიცხვს მივეკუთვნები, ვინც მთავარ ინვესტიაციას შვილის განათლებაში დებს და მჯერა, რომ ოდესღაც ისინი სამშობლოში დაბრუნდებიან.

 ვერ მოვითმენ, კვლავ ფილადელფიაში მცხოვრები ქართველი ახალგაზრდები რომ არ ვახსენო. ისინი ისეთი ქართული ტრადიციებით იზრდებიან, ისეთი სიყვარულით უმღერიან სამშობლოს, ვერ დავიჯერებ, რომ ოდესღაც მათი ცოდნა ქვეყანას არ წაადგება უკეთესი მომავლის შექმნაში.

იცით, აქ ჩოხოსნებიც არსებობენ და მეუფე საბამ ისინი დიდი სიყვარულით დაასაჩუქრა! პენსილვანიაში დიდი თუ პატარა ქართული ჩოხებით შეიმოსნენ და საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ახალი ტაძრის გახსნით აღნიშნეს; ტაძრის, რომელსაც სურს გააერთიანოს ქართველი ემიგრანტები; ტაძარი, სადაც გაიხსნება ქართული სკოლა და მოხდება საქართველოს ისტორიის შესწავლა. ამით მომავალი თაობა უკეთ გაეცნობა თავიანთ წინაპრებს და იამაყებენ მათით. ასევე იმ წარამატებული ქართველი ემიგრანტების ისტორიას გაიცნობენ, რომელიც მაგალითი იქნება უცხო ქვეყანაში მცხოვრები ბავშვებისთვის, ისინი ხომ საქართველოს პატარა ელჩები არიან.

ფილადელფიაში ხშირად ნახავთ ქართველების კარ-მიდამოში ღვინის მარნებს და სწორედ ისეთ პატარა სუფრებსა და ჯირკოებს, სოფლებში ბაბუა რომ ხისგან გვითლიდა, ასევე თიხის ღვინის სასმისებსაც.

კვლავ დიდი ილიას სიტყვები მახსენდება: „დღევანდელს ცხოვრებაში სუფრის თავში ის ერი დაჯდება, ვინც ირჯება, ვინც მუდამ შრომობს, ვინც ცდილობს ეკონომიურად წელში გამაგრდეს“. ჰო და ჩვენ ვართ ეს ერი და არ მივიღებთ ვინმესგან საყვედურებს, რომ ქვეყანა გასაჭირში მივატოვეთ! ჩვენ აქედან დავამუშავებთ მიტოვებულ სოფლებში არსებულ მიწებს, დავასაქმებთ უმუშევრებს და შემდეგ სიბერეში ხომ მაინც დავუბრუნდებით ჩვენს მიწა-წყალს... ამასობაში მომავალი თაობაც წამოგვეშველება და ერთად ავაღორძინებთ საქართველოს! ერთი კი არა, ბევრი მერცხალი გვახარებს გაზაფხულის მოსვლას.

 საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ, ქართველებო!

 

 

ავტორი: ლელა ვაშაკიძე, "ნიუპრესის" კორესპონდენტი აშშ-ში

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა