|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებლით საქართველოს 42-ე ადგილი უკავია

გაეროს ბავშვთა ფონდის, „იუნისეფის“ მონაცემებით, საკვების მწვავე დეფიციტის, ან მასთან დაკავშირებული სხვადასხვა მიზეზით, როგორიცაა ორსულთა ანემია, ახალშობილთა მცირეწონიანობა, ფოლიუმის მჟავის ნაკლებობასთან ასოცირებული თანდაყოლილი ანომალიები, არასრულფასოვანი ძუძუთი კვების გამო და სხვა, საქართველოში ყოველწლიურად 300 ბავშვი იღუპება. დაახლოებით 77 ათასი ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი მაია ქურციკიძე „იუნისეფის“ კვლევებს ეყრდნობა და აცხადებს, რომ საქართველოში 9.4 %, ანუ 77 ათასი ბავშვი ცხოვრობს უკიდურეს სიღარიბეში, ასევე ამ კვლევის შედეგად გაირკვა, რომ „ბავშვიანი ოჯახები არიან უფრო ღარიბნი და დაუცველნი, ვიდრე საზოგადოების სხვა ჯგუფები და არსებული სოციალური დაცვის მექანიზმები, რომლებიც ქვეყანაში მოქმედებს, სათანადოდ ვერ ითვალისწინებს ბავშვების ინტერესებს“.

ამავე კვლევის დასკვნაში წლიური მაჩვენებლის შესახებ ვკითხულობთ: „ყოველწლიურად 800 ბავშვი იღუპება 5 წლამდე ასაკის. აქედან 700 იღუპება პირველი 12 თვის განმავლობაში, ხოლო 400 ბავშვი ამ 700-დან იღუპება დაბადებიდან პირველი კვირის განმავლობაში, რომელიც არის ყველაზე კრიტიკული ბავშვის სიცოცხლის შენარჩუნებისათვის. აქედან 300 უკავშირდება ამა თუ იმ კვებასთან დაკავშირებულ დეფიციტს, როგორიცაა, მცირეწონიანობა, ანემიასთან დაკავშირებული პრობლემები და ასე შემდეგ“.

ბავშვთა სიკვდილიანობის მხრივ ევროპის 44 ქვეყანას შორის საქართველოს 42-ე ადგილი უკავია. ბოლო 10 წლის განმავლობაში  ამ კვების მწვავე დეფიციტმა, მალნუტრიციამ ქვეყანას 1.3 მილიარდი დოლარის ოდენობის ზარალი მიაყენა და 4 300 ახალშობილის სიცოცხლე იმსხვერპლა.

გაეროს ბავშვთა ფონდმა გარკვეული რეკომენდაციებიც შესთავაზა ხელისუფლებას, მათ შორის ფქვილის ფორტიფიკაცია, ანუ – გამდიდრება რკინით, ფოლიუმის მჟავით. ასევე ზოგადად საზოგადოების განათლება, რომ მან იცოდეს, გაიაზროს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სწორედ ასეთი ვიტამინები და მიკროელემენტები მათი ჯანმრთელობისთვის. საზოგადოებისგანაც უნდა წამოვიდეს გარკვეული მოთხოვნა ისეთ პროდუქტებზე, რომელიც დღესდღეობით, სამწუხაროდ, არ არის.

ასევე მთავარია დაფინანსების გაზრდა სოციალურ პროგრამებში.    

 

   

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა