|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"სასამართლო სისტემაში ძირითად პრობლემად აღმკვეთი ღონისძიებების გამოყენება რჩება"

თბილისისა და  ქუთაისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მონიტორინგის შედეგები "საიამ" ქუთაისის ფილიალში წარმოადგინა.  კვლევა მოიცავს 2015 წლის თებერვლიდან ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს.  

"საიას"  სისხლის სამართლის ანალიტიკოსის, გოგა ხატიაშვილის განმარტებით, არსებით პრობლემებად სასამართლო სისტემაში კვლავ რჩება ბრალდებულის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების გამოყენება, პატიმრობა და გირაო, რაც  საქმეთა 95%-ს შეადგენს.  ამ რიცხვში მოხდა ქუთაისის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც დეპუტატისა და „თავისუფალი ზონის“ სამი წევრის გახმაურებული დაპირისპირების საქმეს ეხებოდა. 

ასევე  გაიზარდა დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების პროცენტული წილი. 

 „ჩვენ შევისწავლეთ ასევე განჩინებებიც,  13 განჩინებიდან 10 იყო აშკარად დაუსაბუთებელი“-განაცხადა ხატიაშვილმა.  

ხატიაშვილის თქმით, ოჯახში ძალადობის რამდენიმე საქმესთან დაკავშირებით მოსამართლემ ბრალდებულების მიმართ გამოიყენა მინიმალური გირაოს თანხა, რასაც არ ექნებოდა ეფექტი, ამით მოსამართლემ საფრთხე შეუქმნა სწორედ ძალადობის მსხვერპლი ქალების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

პროკურატურას ასევე, უმრავლეს შემთხვევაში, არ მიჰქონდა სასამართლოში ბრალდებულის ფინანსური მდგომარეობის შესახებ, მაგრამ მაინც აყენებდა შუამდგომლობას გირაოს გამოყენების თობაზე.

მისი თქმით, მოსამართლეები, უმეტეს შემთხვევაში, იცავენ მხარეთა  თანასწორობისა და შეჯიბრობითობის პრინციპს, თუმცა გამონაკლისებიც დაფიქსირდა. მაგალითად, გიგი უგულავას პროცესზე მოსამართლემ დაარღვია ეს პრინციპი და მოწმეს დამაზუსტებელი შეკითხვები დაუსვა. 

ხატიაშვილის თქმით, მოსამართლეები ზოგჯერ  პროცესზე არაადექვატურად ლმობიერებიც არიან და ეს ძირითადად,  წესრიგის დაცვის საკითხს ეხება. წესრიგის დარღვევა უფრო გახმაურებული საქმეების დროს ხდება, ასეთ დროს  მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება სხდომის დახურვის შესახებ. "იყო ასეთი შემთხვევაც, როდესაც  მოწმეს ქონდა კუთხური კილო ადვოკატები და პროკურორები დასცინოდნენ,  ერთერთი ადვოკატი ლამის ჩაბჟირდა. ეს ეთიკური ნორმების დარღვევაა",-აღნიშნა ხატიაშვილმა. 

"საიას" ანალიტიკოსმა ცალკეული მიმართულებით სასამართლოს მიდგომების გაუმჯობესების ტენდენციაზეც ისაუბრა.  ეს შეეხება საპროცესო შეთანხმების სხდომებს, ამ მხრივ შედარებით უფრო გააქტიურდნენ მოსამართლეები.  გოგა ხატიაშვილის თქმით, იყო შემთხვევები, როდესაც აღმკვეთი ღონისძიების ალტერნატივად საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა დაფიქსირდა.

კიდევ ერთი ტენდენცია, რომელიც დაფიქსირდა ამ საანგარიშო პერიოდში, ესაა გამამართლებელი განაჩენების შემთხვევები. ასეთი მხოლოდ   სამი შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა „წინა საანგარიშო პერიოდში ას პროცენტიანი გამამტყუნებელი განაჩენები გვქონდა“, -აღნიშნავს ის.

რაც შეეხება რეკომენდაციებს, "საია" მოუწოდებს აღკვეთის ღონისძიებების სხვა ალტერნატიული ფორმებით ჩანაცვლებას. 

შეხვედრას ქუთაისის საქალაქო და სააპელაციო სასასმართლოს მოსამართლეები, ადვოკატები, და სამართალდამცავი სისტემის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გურამ გვენცაძის განცხადებით, მხარეებს არათანაბარი წვდომა აქვთ დოკუმენტაციაზე, მაგალითად, დაცვის მხარეს ხელი არ მიუწვდება კომპიუტერულ სისტემაში არსებული დოკუმენტაციის მოსაპოვებლად.

მონიტორინგის შედეგებს ეთანხმება ქუთაისელი ადვოკატი ელისო დათუსანი. ის "თავისუფალი ზონის" წევრების ინტერესებს იცავდა. მისი თქმით, სასამართლომ დაუსაბუთებლად გამოიტანა მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირებისადმი პატიმრობის გადაწყვეტილება და  არ იმსჯელა აღკვეთის ალტერნატიულ ფორმაზე ერთადერთი მოტივით, რომ ისინი დატოვებდნენ ქვეყანას. მისი თქმით, სასამართლო უმეტეს შემთხვევაში აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობას იყენებს.

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა