|
  • EUR 1 = GEL 3.0375
  • USD 1 = GEL 2.4671
|

"სასამართლოში ჩალას მივიტან და ვაჩვენებ, რომ ქვეყანა ჩალით არის დახურული"

წყალტუბოში მცხოვრები მაყვალა დანგაძე (ჯანგავაძე) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს უმოქმედებაში ადანაშაულებს. დანგაძის განცხადებით, 2014 წელს სასამართლოში შეტანილ საჩივარზე მოკვლევა ჯერ არ დაწყებულა, რის გამოც მისი ოჯახი ზარალდება. როგორც დანგაძემ დღეს ქუთაისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მისი საკუთრებაში წიაღისეულის მოპოვება უკანონოდ ხდება. ფაქტს წლების წინ მისი მეუღლე შეეწირა. 

"2005 წელს ამ დავას ჩემი მეუღლე შეეწირა. წლების შემდეგ ვნახე საბუთები, რომ ტერიტორია არის ჩვენი ოჯახის საკუთრება. მივმართე სასამართლოს, შეეჩერებინა ჩვენს საკუთრებაში გრანიტის მოპოვების სამუშაოები, მაგრამ სასამართლომ 2014 წლიდან ჯერ საქმის განხილვა ვერ დაიწყო. მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძემ განაცხადა, რომ შეიძლება ამ საქმის განხილვას ხუთი წელი დასჭირდეს და შპს-ს საქმიანობას ხუთი წელი ვერ გავაჩერებო. გამოდის, რომ ჩემი უფლებების დაცული არ არის ამ ქვეყანაში. ვერიდები კონფლიქტს და ვცდილობ, პროვოკაციას არ ავყვე, მაგრამ როდემდე გაგრძლედება ასე?",-განაცხადა მაყვალა დანგაძემ.

საქმე ეხება სოფელ ზედა ჟონეთში ნახევარ ჰექტარ მიწის ნაკვეთს, რომელიც იმ ფერდობის ქვემოთ მდებარეობს, სადაც   შპს "ანრე 2006" და შპს "სვაიას" წარმომადგენლები წიაღისეულს მოიპოვებენ. მათ აქვთ წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია, თუმცა არ აქვთ დანგაძის ტერიტორიაზე მუშაობის უფლება.

მაყვალა დანგაძეს მხარდაჭერა გამოუცხადა პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ. გოგი წულაიას განცხადებით, სასამართლო იძულებულს ხდის მოქალაქეს, სამართალი ალტერნატიული გზებით ეძებოს.

"მე არ ვიცი, კონკრეტულად ვინ არის მართალი, ეს უნდა დაადგინოს სასამართლომ, მაგრამ სასამართლო აჭიანურებს ამ საქმეს, რომ არ დაზარალდნენ შპს-ები და მოქალაქე არ აინტერესებს. ასეთი დამოკიდებულების გამო მოქალაქე იძლებული გახდება ალტერნალიული გზებით ეძებოს სამართალი, მათ შორის მიმართოს ე.წ. ქურდულ სამყაროს. ეს იწვევს ქურდული სამყაროს გააქტიურებას,  მერე უკვირთ არსებული სტატისტიკა. მოვუწოდებ, დაიცვან ადამიანის უფლებები, არ გაუჩინონ მოქალაქეებს უსამართლობის განცდა, რადგან ამას არასახარბიელო შედეგი იქნება",-აცხადებს გოგი წულაია.

მაყვალა დანგაძის თქმით,  აპირებს სასამართლოს ეზოში ჩალა მიიტანოს და ამით აჩვენოს, რომ ქვეყანა ჩალით არის დახურული.

"თუ არ მოყვება რეაგირება, სასამართლოში  ჩალას მივიტან და ვაჩვენებ, რომ ქვეყანა ჩალით არის დახურული",-აცხადებს მაყვალა დანგაძე. 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი