|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი სახალხო დამცველს შეხვდა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი, სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად,  სახალხო დამცველს ნინო  ლომჯარიას შეხვდა.

კახა კახიშვილმა ნინო ლომჯარიას სახალხო დამცველად არჩევა მიულოცა და  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემაში გატარებული, ასევე, მიმდინარე რეფორმებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

მინისტრმა ომბუდსმენთან შეხვედრისას იმ გატარებულ საკანონმდებლო ცვლილებებზეც გაამახვილა ყურადღება, რომელიც მსჯავრდებულების/ბრალდებულების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. მინისტრმა ნინო ლომჯარიას პენიტენციურ სისტემაში განხორციელებული  და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია. როგორც მან აღნიშნა, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს პენიტენციური დაწესებულებების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად  მოწყობა წარმოადგენს.

შეხვედრაზე, ასევე ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშის მიხედვით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემაში არსებულ მდგომარეობაზეც ისაუბრეს.

სახალხო დამცველმა სასჯელაღსრულების სისტემაში ბოლო პერიოდში გატარებული რეფორმები პოზიტიურად შეაფასა, თუმცა აღნიშნა რომ არსებობს რიგი საკითხები, რომელთა მოგვარებაც სასურველია.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ომბუდსმენის აპარატთან თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება და არსებული გამოწვევები ერთობლივი კონსულტაციის შედეგად პოზიტიურად გადაწყდება.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა