|
  • EUR 1 = GEL 3.0375
  • USD 1 = GEL 2.4671
|

"საწურბლიას სპელეო-გამაჯანსაღებელს მღვიმეს ანალოგი არ გააჩნია"

 საწურბლიას მღვიმე პირველი საერთაშორისო სტანდარტების სპელეო-გამაჯანსაღებელი მღვიმე იქნება კავკასიის რეგიონში. მღვიმეში სასუნთქი გზების პრობლემების მქონე პირები გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩატარებას შეძლებენ. 

 იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დირექტორი ზაალ კვანტალიანის თქმით,  მისი თვისებებიდან გამომდინარე, მღვიმეს ანალოგი არ გააჩნია. "მღვიმეში არის ის მიკრო კლიმატი,  რომელიც განსაკუთრებული არის აღნიშნული დაავადებების სამკურნალოდ. ექსპერტების დასკვნებით, ამ ადგილს ევროპაში ანალოგი არ გააჩნია" , - განაცხადა იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დირექტორმა ზაალ კვანტალიანმა.

 წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატის  ცოტნე ზურაბიანის თქმით, მღვიმე გარდა იმისა, რომ ბევრ ადამიანს მოუტანს ჯანმრთელობას ასევე, სამედიცინო ტურიზმის განვითარებისკენ გადადგმული ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

"საწურბლიას მღვიმე არის დამატებითი შემოსავალი წყალტუბოსთვის, არის სამედიცინო ტურიზმისკენ გადადგმული ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი. მღვიმის შესაძლებლობებიდან გამომდინარე, გვეყოლება ბევრი ვიზიტორი. დარწმუნებული ვარ, ეს მომსახურება ბევრ ადამიანს მოუტანს ჯანმრთელობას, სიკეთეს, რომელიც ამ მიკროკლიმატით შეიქმენება ადგილზე" - ამბობს ცოტნე ზურაბიანი.

საწურბლიას მღვიმე პირველ ვიზიტორებს გაზაფხულის ბოლოდან მიიღებს. იგი პრომეთეს მღვიმიდან 2 კმ-ის მოშორებით მდებარეობს. ინფრასტრუქტურული პროექტი საქართველოს ბიუჯეტიდან 647 000 ლარით დაფინანსდა.

პროექტის პარგლებში, აშენდა ვიზიტორთა ცენტრი; ამბულატორია. მღვიმეში დამონტაჟდა განათების სისტემა. საწურბლიას მღვიმე ორ, - აქტიურ და პასიურ ზონად დაიყო. აქტიურ ზონაში მოეწყო სათამაშო მოედანი ბავშვებისთვის, ხოლო პასიურ ზონაში განთავსდა შეზლონგები.

ავტორი: ნიუპრესი