|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სესხი "დაჩქარებული პროექტებისათვის" - ოპოზიცია არასწორ მენეჯმენტზე საუბრობს

ქუთაისის მერიამ 2017 წლის აგვისტოში საკრებულოდან  სესხის აღების შესახებ ნებართვა ითხოვა. როგორც საკრებულოს სხდომაზე მაშინ განაცხადეს, 6 მილიონი  სექტემბერში დასასრულებელი პროექტებისათვის იყო საჭირო. 

კითხვაზე,  თუ რომელი პროექტების დასრულებისათვის მოხდა აღნიშნული თანხის გამოყენება, "ნიუპრესს" ქალაქის მერიაში განუცხადეს, მიღებული თანხა ინფრასტრუქტურულ, სოციალურ და ეკონომიკურ პროგრამებში გადანაწილდა და ეტაპობრივად იხარჯება.

ამასთან, ქალაქის საფინანსო სამსახურში განმარტეს, რომ ფინანსთა სამინისტროდან ნაცვლად 6 მილიონისა, 4 მილიონის სესხება მოხდა. 

"ჩვეულებრივი ამბავია, რომ წლის ბოლომდე აიღო სესხი, რადგან გადასახადების დიდი ნაწილი ბიუჯეტში შემოდის სექტემბერსა და ნოემბერში. ქალაქში პროექტები დაჩქარებულად მიმდინარეობს და ჩვენ ასე გვქონდა განსაზღვრული, რომ სექტემბერში უნდა დასრულდეს. რომ არ მოხდეს შეფერხება, ამიტომ ვიღებთ სესხს",- აცხადებდა  შოთა მურღულია აგვისტოს თვეში. 

"დაჩქარებული პროექტების" შესახებ ინფორმაციას არ ფლობს ყოფილი და უკვე ახალი საკრებულოს წევრი, "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი დავით გოგისვანიძე.

"არ ვიცი, რომელი პროექტების დასრულებაზე იყო საუბარი, დაჩქარებულად გაკეთებული არაფერი ჩანს ამათ ხელში", -განაცხადა დავით გოგისვანიძემ "ნიუპრესთან" საუბარში.  

"ეს არის ძალიან ბუნდოვანი სესხი, რომელიც ჩვენც გვაინტერესებს, თუ კონკრეტულად რისთვის იყო საჭირო ეს თანხა.   როგორც კი შეიკრიბება საკრებულო, აუცილებლად დავაყენებთ ამ საკითხს" ,- განაცხადა გია უკლებამ, რომელიც ასევე როგორც ყოფილი ასევე ახლად არჩეული საკრებულოს წევრია.  მისი ინფორმაციით, სესხი  საკმაოდ მაღალი პროცენტით აქვს ქალაქს მიღებული.

 ნაციონალური მოძრაობის კიდევ ერთი  წარმომადგენელი და საკრებულოს წევრი ბესიკ ბრეგაძე კი არ გამორიცხავს, რომ ქალაქს ამ სესხის გადახდის პრობლემა შეექმნას. 

"ბუნდოვანია მთლიანად სესხის პირობები. ჩვენთვის არაა ცნობილი რა პირობითაა ეს  სესხი აღებული, რა პროცენტით და რა განკვეთით. ამასთან , ის მიზეზები რაც ამ სესხისთვის იყო მოტანილი ესაა არასწორი მენეჯმენტის, დაუგეგმავობის შედეგი. ვიღაც რომ სექტემბერში ამთავრებდა სამუშაოებს და თანხა იყო საჭირო, ეს აგვისტოში გაიგეს? უპრეცედენტოა  ქუთაისის მერიის მიერ სესხის აღება, მსგავსი ფაქტი ქუთაისში მხოლოდ 1914 წელს მოხდა.  დეკემბრის თვეში მე ამ თანხის გასტუმრება შეუძლებლად მიმაჩნია, რადგან იმ სახეობის გადასახადიდან, საიდანაც მობილიზებული თანხით ამ ვალდებულების დაფარვას გეგმავენ, ჩემი ინფორმაციით, ამ მხრივ პრობლემები არსებობს"-განაცხადა ბესიკ ბრეგაძემ.  

ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ სესხთან დაკავშირებით საგანგებო რტაფერი ხდება და ნასესხები თანხას წლის ბოლოს მიღებული შემოსავლების ხარჯზე გაისტუმრებს. 

 

შეგახსენებთ, საკრებულოს დეპუტატებმა არჩევნების წინ თანხების მობილიზება წინასაარჩევნო პერიოდს დაუკავშირეს.  

ავტორი: ხატია ბანძელაძე