|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შეცვლის თუ არა მერია პოზიციას უკანონო მშენებლობის მიმართ?

ქუთაისში, თამარ მეფის 10 ნომერში მიმდინარე მშენებლობის გამო კომპანია პროექტში ცვლილებების შეტანის ნებართვას ითხოვს. „სახლი #1“ მერიას სადაო სართულის კანონიერების აღიარების მოთხოვნით მიმართავს. კომპანიამ  მერიის დაჯარიმების შემდგომ კორექტირებული ვერსია მიაწოდა თვითმმართველობას და ნაცვლად ორი სართულისა ერთი სართული დემონტაჟს ითხოვს.

მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ზვიად ჯავახიას განცხადებით, კომპანიამ კორექტირებული ვერსია მერიას დეკემბერში წარუდგინა, თუმცა ხარვეზების გამო მერიამ პროექტი უკანვე დააბრუნა.

„ჩვენ მოგვაწოდეს კორექტირებული პროექტი, მაგრამ რიგი ხარვეზების გამო მათ ეს პროექტი უკან დავუბრუნეთ. მოხდება ხარვეზების შესწორება და ამის შემდეგ მოგვაწოდებენ ახალ პროექტს. სავარაუდოდ, დღეს შემოვა, რადგან დღეს იწურება ვადა. ამის შემდგომ გადავაგზავნით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში. თვითმმართველობას საკითხის განსახილველად 20-25 დღე აქვს“, -აცხადებს ზვიად ჯავახია, რომლის თქმითაც, მერიას საკითხზე პოზიციები არ შეუცვლია და ორი სართულის წინააღმდეგია.

„ჩვენ მივყვებით კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებს და მოვითხოვეთ ორი სართულის დემონტაჟი, მაგრამ კომპანიას აქვს უფლება კორექტირების, ამიტომ მოგვმართეს.  როგორც ცნობილია, ერთი სართულის დემონტაჟზეა საუბარი, ჩვენ ამ პროექტს წარვუდგენთ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს, თუ ისინი შეცვლიან გადაწყვეტილებას, იმის მიხედვით იმოქმედებს მერიაც.   თქვენ უკვე გაეცანით მათ პოზიციას, რომ კატეგორიული წინააღმდეგი არიან ადგილზე მშენებლობის გაბარიტების ზრდის, თუმცა დაველოდოთ მათ გადაწყვეტილებას, რაც შეეხება მერიას, ამ საკითხზე პოზიცია არ არის შეცვლილი“, -განაცხადა ზვიად ჯავახიამ.

მშენებლობის გაბარიტების გაზრდის წინააღმდეგია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო. როგორც სააგენტოს წარმომადგენელმა  ბექა ბარამიძემ "ნიუპრესს"  განუცხადა, ამ მშენებლობის მიმართ უკვე დაფიქსირდა პოზიცია, რაც სავარაუდოდ, არ შეიცვლება, თუმცა ჯერ კომპანიის ახალ პროექტს გაეცნობიან.

„მშენებლობაზე უკვე ეთქვათ უარი და არ მგონია გადაიხედოს ჩვენი განცხადება. სართულების დამატება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პრინციპებს ეწინააღმდეგება, თუმცა არ ვიცით, მერია რა პროექტს წარმოადგენს, დაველოდოთ და შემდგომ გაგაცნობთ გადაწყვეტილებას“,-განაცხადა ბექა ბარამიძემ.

შეგახსენებთ, ქუთაისის მერმა პოსტის დაკავებისთანავე უკანონო მშენებლობებს ბრძოლა გამოუცხადა. გიორგი ჭიღვარიამ ოფიციალურად დაანონსა, რომ არ დაუშვებდა და შეურიგებელი იქნებოდა ნებისმიერ უკანონო მშენებლობასთან. მერმა წესრიგის დამყარება თამარ მეფის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობასთან ბრძოლით დაიწყო. ჭიღვარიას მტკიცებით, ქალაქის ისტორიულ ნაწილში მშენებლობა კანონდარღვევით მიმდინარეობს და კომპანიამ არც მეტი არც ნაკლები, ორი სართული ნებართვის გარეშე დააშენა.

კომპანიის წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ მერს ახალი, კორექტირებული პროექტი მიაწოდეს და მისი შესწავლა მიმდინარეობდა. როგორც კომპანიაში განგვიმარტეს, კორექტირება ჩვეული მოვლენა და ამ საკითხზე მერიასა და კომპანიას შორის კონსენსუსი შედგა.

ფაქტს არ ადასტურებდნენ მერიაში და  და კომპანიისგან კანონშესაბამისად მოქმედებას მოითხოვენ. დარღვევის გამო "სახლი #1“ 1000 ლარით დაჯარიმდა.

 

 "სახლი #1"-ს სართულების დაშენებაზე კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ უარი უთხრა

ქუთაისის მერია კომპანიას ორი სართულის დემონტაჟით ემუქრება

არ დავუშვებთ ჩვენს ქალაქში უკანონო მშენებლობებს"-გიორგი ჭიღვარია

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა