|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შემცირებული შტატები და გაზრდილი სახელფასო ფონდი ქუთაისის მერიაში

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, მერიაში მიმდინარე წლიდან სახელფასო დანამატები აღარ გაიცემა,  თუმცა იზრდება სახელფასო ფონდი, რისთვისაც ბიუჯეტიდან  დამატებით  250 000 ლარი გამოიყოფა. ცვლილების შედეგად,  სახელფასო ფონდმა 3 460 000 ლარი შეადგინა.

მერიის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, სახელფასო ფონდის ზრდა მერიის ადმინისტრაციულ ერთეულებში, მერის წარმომადგენლების შტატში გადაყვანამ გამოიწვია, რომლის ვალდებულება ადგილობრივ თვითმმართველობას კანონის თანახმად ქონდა.

არსებული ინფორმაციით, ადმინისტრაციული ერთეულების ხელმძღვანელები, ამ დრომდე ხელშეკრულებით აყვანილ თანამშრომლებად ითვლებოდნენ, რომელთა ანაზღაურებაც დაახლოებით 1000 ლარამდე იყო, მიმდინარე წლიდან კი შტატიანი თანამშრომელები გახდნენ და მერის წარმომადგენლები ეწოდათ, მათთვის მხოლოდ სტატუსის შეცვლამ რატომ გამოიწვია სახელფასო ფონდის ზრდა,  კონკრეტულად, რომელ საშტატო ერთეულს და რამდენით გაეზარდა ხელფასი?- ამ და სხვა კითხვებზე მერიისგან პასუხი ამ დროისთვის ვერ ვიღებთ. 

აღსანიშნავია, რომ მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციის შედეგად თანამდებობა 48 თანამშრომელმა დატოვა, მიუხედავად შტატების შემცირებისა,  კი სახელფასო ფონდი 250 000 ლარით გაიზარდა.

თვითმმართველობაში ხელფასების მატებაზე მიუთითებს ოპოზიციის წარმომადგენელი. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის გიგა შუშანიას განცხადებით, ბიუჯეტის დაჩქარებულად დამტკიცების მიზეზი სახელფასო ფონდის გაზრდა გახდა. 

"თვითმმართველობისთვის მთავარი პრიორიტეტი ხელფასების გაზრდა გახდა, მათ არ აინტერსებთ მოსახლეობისთვის გაზრდილი კომუნალური გადასახადები ერთადერთი მიზეზი ბიუჯეტის დამტკიცების დაჩქარებისა გახლდათ ის, რომ თვის ბოლოს გაზრდილი ხელფასი მიიღონ,  ამიტომ ჩვენ ამ ბიუჯეტს მხარი არ დავუჭირეთ", - განაცხადა გიგა შუშანიამ. 

 

 მისი განმარტებით, თუ 20 იანვრამდე არ მიიღებდნენ ბიუჯეტს,  კანონით, გასული წლის ბიუჯეტის 1/12  უნდა გაეცათ, ეს კი ახალი ხელფასების დასარიგებლად არ ეყოფოდათ. 

ქალაქის მერმა ხელფასების მატება თანამშრომელთა მოტივაციით და ქალაქის უკეთ მსახურების მიზნით ახსნა. გიორგი ჭიღვარიამ განმარტა, რომ ხელფასების გაზრდა აუცილებელია თანამშრომლებისათვის, რომ უკეთ ემსახურონ ქალაქს.

"მერის ხელფასი არ იზრდება. მეტი მოტივაციის შექმნა და შრომის სათანადოდ დაფასება აუცილებელია თანამშრომლებისთვის, რომლებიც 400 ლარზე მუშაობენ, რომ უკეთ ემსახურონ ქალაქს"-განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.

მართალია, არ გაზრდილა მერის ხელფასი, თუმცა, ახალი სახელფასო ნუსხით ცნობილი ხდება, რომ ხელფასები მნიშვნელოვნად გაეზარდათ საჯარო მოხელეებს, მერის პირველი მოადგილის ხელფასი 3 700 ლარით განისაზღვრა და 1 600 ლარით არის გაზრდილი,  მერის მოადგილეების ხელფასი 3 500-3 500 ლარია, წინა მონაცემებით, მოადგილეების ხელფასი 2050 ლარი იყო. რაც შეეხება სპეციალისტების სახელფასო მატებას,  მხოლოდ 120-150 ლარით განისაზღვრა. 

ხელფასების მატებას შტატების დამატებით ხსნის საკრებულოს თავმჯდომარე. ნიკა ლატარიას განცხადებით, საკრებულოში ფრაქციების მოადგილეების ხუთი შტატი დაემატა, რომელთა ანაზრაურებაც წლიურად 72 000  ლარი განისაზღვრა. ლატარიას განცხადებით, ბიუჯეტი არა 72 000 ლარით, არამედ მხოლოდ 54 000 ლარით გაიზარდა, დარჩენილი თანხა საკრებულომ ხარჯების შემცირებით შეავსო.

დღეის მდგომარეობით, საკრებულოს წლიური სახელფასო ფონდი 839 400 ლარს შეადგენს. ჯამში კი, მერიისა და საკრებულოს სახელფასო ფონდმა 4 299 400 ლარი შეადგინა.

 

შეგახსენებთ,  ქუთაისის საკრებულომ 2018 წლის 54  000 000 ლარიანი ბიუჯეტი გუშინ დაამტკიცა.  მერია 8 მილიონს რეგიონული განვითარების ფონდიდან ელოდება, რის შემდეგაც ბიუჯეტი 62 მილიონი იქნება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა