|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

1 კოლოფი სიგარეტი, შესაძლოა, 5 ლარი გახდეს

2024 წლისთვის სიგარეტის აქციზი დაახლოებით 3 ლარამდე გაძვირდება. ეს იმას ნიშნავს, რომ 1 კოლოფი "ვინსტონი" 5 ლარზე მეტი ეღირება. ფინანსთა სამინისტრო საბოლოო გეგმას წლის ბოლომდე დაამტკიცებს. მანამდე კი თამბაქოს იმპორტიორები ცდილობენ, მთავრობა გაცილებით გრძელვადიან გეგმასა და აქციზის შედარებით დაბალ განაკვეთზე დაითანხმონ. საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმება ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობის ევროპის საბჭოს 2011 წლის 21 ივნისის 2011/64/UE დირექტივასთან (წარმოებული თამბაქოს აქციზის გადასახადის სტრუქტურისა და განაკვეთების შესახებ) დაახლოებას. დირექტივის მე-10 მუხლის შესაბამისად, განსაზღვრულია აქციზის მინიმალური განაკვეთი 1000 ღერ სიგარეტზე, 90 ევროს ოდენობით.
 ამასთანავე, თამბაქოზე აქციზის განაკვეთის ყოველწლიური ზრდის გრაფიკი ამჟამად შემუშავების ეტაპზეა, მიმდინარეობს კონსულტაცია ბიზნესსექტორთან და აქციზის ზრდის გეგმა წლის ბოლომდე დამტკიცდება. "რეზონანსისთვის" ცნობილი გახდა, რომ თამბაქოს ინდუსტრიას ბიზნესომბუდსმენმა ფინანსთა სამინისტროში შემუშავებული 8-წლიანი გეგმა წარუდგინა. გეგმის მიხედვით, აქციზის ზრდა გაგრძელდება 2017 წელსაც და ყოველწლიურად 2024 წლამდე. "ეს განპირობებულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, რომელიც ითვალისწინებს აქციზის გადასახადის მატებას. საქართველოს აქვს ვალდებულება, 2024 წლამდე აქციზის განაკვეთი სიგარეტზე გაიზარდოს 90 ევრომდე ათას ღერზე და იმის გამო, რომ ერთბაშად არ მოხდეს აღნიშნული განაკვეთის ფასში ასახვა, ყოველწლიურად იზრდება აქციზი თამბაქოს ნაწარმზე მცირე დოზით", - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილმა.

ამ დროისთვის 1000 ღერ სიგარეტზე აქციზის ღირებულება 21 ევროა. 90 ევრომდე გაზრდა (არსებული კურსის გათვალისწინებით) ნიშნავს იმას, რომ 2024 წლისთვის 1 კოლოფ სიგარეტზე აქციზი 3 ლარამდე გაიზრდება; ანუ რამდენიმე წელიწადში სიგარეტ "ვინსტონის" ფასი 5 ლარის ფარგლებში იქნება. მთავრობის გეგმის მიხედვით, 8 წლის განმავლობაში 1 კოლოფ სიგარეტზე აქციზმა 40 თეთრით უნდა მოიმატოს, შესაბამისად, თამბაქოს პროდუქციაც ყოველწლიურად დახალოებით ასეთი ბიჯით გაძვირდება.

წყარო: ipn.ge

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი