|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გზა ღვარსადენის გარეშე - ქუთაისის მერია და კომპანია ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციას ავრცელებენ

ქუთაისში, ლესელიძის ქუჩის მეორე შესახვევში გზის საფარის რეაბილიტაცია დასრულდა. შპს „ჯეო როუდ ინვესტის“ მმართველმა რევაზ ჩირაძემ დაადასტურა, რომ შესრულებული სამუშაოები მერიამ ჩაიბარა. მისი თქმით, სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, მათ საფარის განახლება ევალებოდათ.

კომპანიის წარმომადგენლისთვის დასრულებული სამუშაოები არასწორად შესრულებულად მიაჩნია ადგილობრივ მოსახლეობას. მოსახლეობამ რამდენიმე დღის წინ აქცია გამართა და გზის სანიაღვრე არხის გარეშე მოწყობა გააპროტესტა. 

ქალაქის მერიაში განაცხადეს, რომ აღნიშნულ შესახვევში გზის სამუშაოებზე პროექტი მერიამ გასულ წელს შეიძინა და წელს უშუალოდ სამუშაოები დაიწყო. მათივე ინფორმაციით, ახლა მერია წინა ხელმძღვანელობის დროს შედგენილი პროექტის დასამთავრებლად თანხების მოძიებას ცდილობს.

სატენდერო დოკუმენტაციით ირკვევა, რომ აღნიშნულ შესახვევში სამუშაოებზე ტენდერი მიმდინარე წელს, თებერვალში არის გამოცხადებული. ამავე ტენდერში ვკითხულობთ, რომ ოთხ ქუჩაზე, მათ შორის ლესელიძის ქუჩის მეორე შესახვევში გზის ბეტონის საფარით მოწყობის (ღვარსადენთან ერთად) სამუშაოებისთვის მერიამ 506 856 ლარი გამოყო.

ტენდერში ოთხი კომპანია მონაწილეობდა, მათ შორის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის ამირან კოპალეიშვილის ოჯახის კომპანია, თუმცა ტენდერი შპს „ჯეო როუდ ინვესტმა“ გაიმარჯვა. მან ყველაზე ნაკლებ თანხად 436 740 ლარად შეასრულა სამუშაოები.

კომპანია 2016 წელს ქუთაისში არის რეგისტრირებული. მისი მმართველი რევაზ ჩირაძე არ იზიარებს ადგილობრივთა შენიშვნებს და აცხადებს, რომ სამუშაოები ღვარსადენის მოწყობას არ ითვალისწინებდა და მან ნაკისრი ვალდებულება სრულად შეასრულა. 

საწინააღმდეგოს აცხადებენ მერიაში. პრესსამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, აღნიშნულ ქუჩაზე ტენდერის მიხედვით მოწყობილი არის სანიაღვრე და დარჩენილია მხოლოდ გვერდულები, რომელთა მოწყობაც მალე მოხდება.

ადგილზე ღვარსადენის არსებობას არ ადასტურებს პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია. რამდენიმე დღის წინ გოგი წულაია მოსახლეობის პროტესტს პრეზიდენტობის კანდიდატთან კახა კუკავასთან ერთად შეუერთდა.

 „ტყუილი, მე თავად ვიყავი იქ და არ არის ღვარსადენი, გზაც კი არაა დასრულებული, ელემენტარული გადასასვლელები არაა გზიდან და მანქანები სტრატეგიულ ობიექტამდე  ვერ შეძლებენ მისვლას. მოსახლეობა სწორედ ამას აპროტესტებს, რომ ღვარსადენი არ არის და მერიაში როგორ ამბობენ ასეთ ტყუილს, რომლის გადამოწმებაც შესაძლებელია? მერია ვალდებულია გაითვალისწინოს ადგილობრივების მოთხოვნა“, - განაცხადა გოგი წულაიამ.

ერთი თვის წინ შეწყვეტილი  სამუშაოების განახლებას ელოდება ადგილობრივი მოსახლეობა, კომპანიაში კი განმარატავენ, მათ ყველა სამუშაო დაასრულეს.

 

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი