|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სტანდარტული ძეგლები და თანამედროვე ხედვის ნაკლებობა ქუთაისში

კვარცხლბეკზე ამაღლებულ ძეგლებს ვერც ოცდამეერთე საუკუნის ქუთაისი გაექცა. აკაკი, ილია, შოთა, ვაჟა, ექვთიმე - ეს ის კლასიკოსებია, რომელთაც ძეგლებს კვლავ გამენ. სტილი ერთია, კვარცხლბეკზე შემომდგარი ძეგლები, პიროვნებისთვის დამახასიათებელი მანერებითა და მოკრძალებული სტილით. მსგავს ძეგლებს ქუთაისის ცენტრალურ უბნებში არც თუ იშვიათად შეხვდებით.

ის რაც მისაღები იყო გასულ საუკუნეში, მიუღებლად მიაჩნიათ დღევანდელ რეალობაში, სადაც თაობები, ზოგადად, არა თუ სტილზე, ძეგლების არსებობის აუცილებლობაზეც ვერ თანხმდებიან და ხელოვნებას განსხვავებულ მოთხოვნებს უყენებენ.   ქუთაისში არსებული ძეგლების უმეტესობა კვარცხლბეკზე ამაღლებულ პიროვნებებს წარმოადგენს. მათ რიცხვს წელს კიდევ ერთი შემატა აკაკი წერეთლის ძეგლის სახით და რამდენიმე თვეში მათ რიგებს შოთა რუსთაველიც შეემატება. რა ტიპის იქნება რუსთველის ძეგლი ჯერ უცნობია. სავარაუდოდ, ვერც მისი ავტორი გაექცევა არსებულ სტილს.

ბოლო წლებში ბიუსტები აქტიურად იდგმება  ქუთაისის „მოსწავლე–ახლგაზრდობის პარკში, სადაც წარმოდგენილია, ოტიას, აკაკისა და ცისფერყანწელთა ხეივნების მათივე ბიუსტებით. მათი რიცხვი, შესაძლოა, მომავალში გაიზარდოს. პარკის დირექციის იდეას მოწინააღმდეგეებიც გამოუჩნდნენ. საზოგადოებაში თვლიან, რომ პარკი პანთეონს არ უნდა გავდეს.

„მოსწავლე - ახალგაზრდობის პარკია თუ პანთეონი? მოკრძალებული დავდივარ, ვინმეს ხსოვნას შეურაცხყოფა არ მიადგეს.  ამ პარკს  ხომ   მოსწავლე-ახალგაზრდობის სახელი ქვია. შესაბამისად,  ახალგაზრდების გემოვნებაზე  გათვლილი ძეგლები უნდა იყოს, აკაკი და ილია სკოლაში ისწავლება და მათი ძეგლებიც უკვე დგას ქალაქში.  პარკში უნდა იდგეს  ისეთი ქანდაკებები, რაც ახალგაზრდებს და არა მარტო მათ გაახალისებს და თუნდაც,  მათთან სურათების გადაღების სურვილს გაუჩენს. აკაკის ბიუსტთან, არა მგონია,  ვინმეს ფოტოს გადაღება მოუნდეს. იმიტომ კი არა, რომ პატივს არ ცემენ, უბრალოდ, ამას სხვა დატვირთვა აქვს. ზოგადად, არა მარტო ამ პარკში, ქალაქში არის ახალგაზრდული პროექტების ნაკლებობა, არაფერი კეთდება ახალაგაზრდებისთვის, ამის გამო ხდება, რომ არცერთი იდეა მათზე მორგებული არ არის“,–აცხადებს საჯარო სკოლის მოსწავლე ლიკა აბესაძე.

მისგან განსხვავებით, პარკში ცნობილი მწერლების ბიუსტების განთავსებაში  ცუდს ვერაფერს ხედავს მოქალაქე ციცინო ქარქაშაძე.

„ცუდს ვერაფერს ვხედავ, თუ ქართველი კლასიკოსების ძეგლები დაიდგმება. ამით პატივს მივაგებთ და ამავდროულად,  თაობებს ვუამბობთ მათ შესახებ.  თუმცა, არც განსხვავებული სკულპტურები უნდა დავივიწყოთ,  მივესალმები ორიგინალური ქანდაკებები თუ დაიდგმება, თუნდაც ამ მწერლების შემოქმედების მიხედვით, ან რაიმე ახალგაზრდული, რაც ჭირდება ქალაქს“,–ამბობს ციცინო ქარქაშაძე.

პარკში ბიუსტების განთავსების იდეა  დირექტორს გიზო თავაძეს ეკუთვნის, როგოც თავად განმარტავს, ამით  პარკს საგანმანათლებლო–შემეცნებით დატვირთავს სძენს, არ ეთანხმება გამოთქმულ შენიშვნას და ამბობს, რომ ახალგაზრდებს მეტი განათლება ჭირდება.

„აკაკის ძეგლზე მკითხეს,  ვინ არისო? ვერ იცვნეს. ეს ადამიანები ამბობენ, რომ საჭირო არ არის აკაკის ძეგლი. მათ თუ დავუჯერებთ,  არ იქნება საჭირო, მაგრამ რეალობას უნდა შევხედოთ. მე აქ რომ მოვედი, გავერანებული იყო ყველაფერი, შემოვღობეთ, მოვასუფთავეთ და ახლა ვცდილობთ შემეცნებითი გავხადოთ, რომ ახალგაზრდებმა გაიგონ მწერლების, პოეტების შესახებ. რამდენჯერმე რომ ჩაუვლის ამ ძეგლებს, აუცილებლად დაიმახსოვრებს მათ სახელებს. ამასთან, ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით, ახალგაზრდულ პროექტებს, მაგრამ მარტო სკეიტ პარკი არ არის ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი“, –განაცხადა თავაძემ.

  

პარკისთვის შემეცნებითი ფუნქციის მინიჭება მოსაწონია   საქართველოს ახალგაზრდული ინიციატივების ცენტრისმენეჯერიშალვა კამლაძისთვის, თუმცა ამბობს, რომ უმჯობესია თანამდეროვე  სკულპტურებზე  გაკეთდეს აქცენტი.

„კვარცხლბეკებზე შემომდგარ ძეგლებზე მსოფლიო უარს ამბობს, უპირატესობა თანამდეროვე სკულპტურებს ენიჭება. ამ პრაქტიკაზე ჯერ ვერ გადავედით.  რუსთაველის ძეგლის ესკიზზე გამოცხადდა კონკურსი, არადა აჯობებდა ყოფილიყო „ვეფხისტყაოსნის მოტივებზე“, თვითონ ნაწარმოების მიხედვით შესრულებული. მაგრამ ჩვეულ პრაქტიკას ვერ ვშორდებით. ზოგადად,  მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში, რაც ხდება, მომწონს, რადგან შემეცნებით ხასიათს ატარებს, თუმცა აუცილებელია ახალგაზრდული პროექტების განხორცილება,  სკეიტ პარკის და ტრენაჟორების მონტაჟი, რაც ჯანსაღი ცხოვრების წესს შეუწყობს ხელს. მთავარი პრობლემა ის არის, რომ არ ხდება ახალგაზრდული პროექტების დაფინანსება. ნახეთ რა მდგომარეობაშია  მოსწავლე - ახალგაზრდობის სასახლე და მიხვდებით, როგორ ზრუნავენ ახალგაზრდებზე“, – განაცხადა შალვა კამლაძემ.

ძეგლების დადგმის ჩვეულ პრაქტიკას იწუნებს  არასამთავრობო ორგანიზაციის „ევროპა ჩვენი სახლია“ დამფუძნებელი გია გოქაძე.

„მე როგორც ვატყობ, საკითხი წყდება ასე; მოაფიქრდა მერს რაღაც და გადაწყდა, ან რომელიმე მასთან დაახლოებულ პირს და მერმა გადაწყვიტა მაინც საბოლოოდ. აკაკის 2 ძეგლი და ერთი ბიუსტია ქალაქში,  რაც ანომალიაა. თან ჩვენ იმდენად ბევრი და საინტერესო ბიოგრაფიის ადამიანები გვყავდა, წარმოუდგენელია,  ყველა  მათგანის ძეგლის განთავსება, მაგრამ ერთი და იმავე ადამიანისათვის სამი ძეგლის დადგმა მეტისმეტია.  ჩვენ ისევ საბჭოეთში ვართ ამ კუთხით, რაც შეეხება კრეატივს, თუ ქალაქს საამისო ფული აქვს, შეიძლება გამოცხადდეს კონკურსი, მაგრამ ეს ყოველ 5 თვეში არ უნდა მოხდეს და ვიღაცისთვის სარგებლის ქცევის წყაროდ არ უნდა იქცეს“, –განაცხადა გია გოქაძემ.

ქუთაისში ტრადიციული ძეგლებისაგან  განსხვავებული რამდენიმე  ნამუშევარიც გვხვდება.  მესხიშვილის თეატრთან სკამზე ჩამომჯდარი იპოლიტე ხვიჩიას ძეგლი ერთ–ერთი საყვარელი ადგილია ქალაქის  სტუმრებისთვის,  ანალოგიურია ბორის გაპონოვის ძეგლი.(გიორგი კიკვიძის ნამუშევარი) მათ გვერდით ყველა ხშირად იღებენ ფოტოებს ტურისტები, ასევე პოპულარობით სარგებლობს თეთრ ხიდზე "პიკასოს ბიჭის" ქანდაკება. 

  მოსწავლე–ახალგაზრდობის პარკისაგან განსხვავებით, ფილმის გმირებზე შეაჩერეს არჩევანი ბოტანიკურ ბაღში, სადაც მოკლე ხანში  ქართული ფილმის „არაჩვეულებრივი გამოფენის“ პერსონაჟები დაიდებენ ბინას. რაც  კიდევ ერთხელ შეახსენებს მნახველს, რომ მხოლოდ ვიზუალური მსგავსება არ არის მთავარი და  ქანდაკებაზე მუშაობისას მოქანდაკის ხედვაც მნიშვნელოვანია.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა