|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ცხოვრება მუყაოებით შეჭედილ ოთახებში - 16 დევნილი ოჯახი დახმარებას ითხოვს

დანგრევის პირას მყოფი შენობა, მუყაოს კედლები და ცხოვრება წყლისა და ელექტროენერგიის გარეშე – ასეთ პირობებში იმყოფებიან ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩა #58–ში მცხოვრები დევნილები. ისინი  ხელისუფლებისგან დროულ ყურადღებას ითხოვენ.

ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩა #58–ში, ყოფილი სასადილოს ამორტიზებულ შენობაში, სადაც ელემენტარული საცხოვრებელი პირობებიც არ არსებობს, დევნილთა 16 ოჯახი ცხოვრობს.

ყოფილი სასადილოს ერთსარულიანი შენობის მოშლილი კედლები, რომლებიც დევნილებმა მუყაოებით თავად გაამაგრეს, ყოველდღიურად დანგრევის საფრთხის წინაშეა.

„კარდონებით შეჭედილ ოთახებში ვცხოვრობთ, მცირეწლოვნებით, მოხუცებით და ჯანმრთელობაშერყეული ხალხით. როდის ჩამოგვექცევა ჭერი თავზე არ ვიცით და არც ის, როდის გაგვიყვანენ ამ შენობიდან,“- ამბობენ ყოფილი სასადილოს შენობაში მცხოვრები დევნილები.

დევნილების თქმით, დასახმარებლად როგორც ადგილობრივ, ასევე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართეს წერილობთ. დამხარებას სთხოევს პრეზიდენტსაც. თუმცა  ლტოლვილების თქმით, პასუხები ამ დრომდე არავისგან მიუღიათ.

„შემოგვიარონ და დაგვხედონ, ის კიარა საარჩევნოდ ჯიპით რომ დადგებიან და შორიდან შემოიჭვრიტებიან, არამედ შემოვიდნენ და ნახონ რა ოთახებში გვიწევს ყოფნა. რწყილები რომ დაესევათ, მერე ნახავენ და იგრძნობენ რა პირობებში ვართ და რამდენად დროულია ჩვენთვის ყურადღების მოქცევა,“- ამბობენ დევნილები.

დევნილების თქმითვე, ისინი იძულებული გახდნენ ყოფილი სასადილოს შენობაში მას შემდეგ შესახლებულიყვნენ, რაც მათი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილება არ მოხდა.

დევნილები საცხოვრებელი ფართების მიღებას, ამავე ტერიტორიაზე, სასადილოს შენობის წინ მდებარე სკოლა–ინტერნატის შენობაში ელოდნენ.

„ვიდრე სასადილოს შენობაში გადმოვბარგდებოდით სკოლა–ნტერნატის ყოფილ შენობაში ვცხოვრობდით. შენობიდან რომ გამოგვიშვეს და მისი რეაბილიტაცია ისევ დევნილებისთის გადასაცემად დაიწყეს, რა თქმა უნდა  ყველამ დავწერეთ განცხადება, ბინების მისაღებად. თუმცა ჩვენგან მხოლოდ 6 ოჯახი დააკმაყოფილეს, დანარჩენები ისევ ქუჩაში დავრჩით,“– ამბობენ დევნილები.

ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩა #58–ში, სკოლა–ინტერნატის ყოფილი შენობის რეაბილიტაცია, მიმდინარე წელს განხორციელდა. შენობაში საცხოვრებელი ფართები, ქულების შეფასების სისტემით,  68 დევნილ ოჯახს გადაეცა.

ლტოლვილტა და განსახლების სამინისტროს ქუთაისის ტერიტორიულ ორგანოში ამბობენ, რომ მათთვის ჭავჭავაძის ქუჩაზე, ყოფილს სასადილოს შენობაში მყოფები დევნილების პრობლემა ცნობილია.

„ამ ხალხიდან ნაწილმა ბინები ქულების მიხედვით მიიღო. რა თქმა უნდა, ზოგს ჰქონდა მეტი ქულა, ზოგს ნაკლები და შესაბამისადაც დაუნაწილდათ ბინები. პირველად ისინი დაკმაყოფილდნენ, ვისაც უფრო მეტად უჭირდა. ვიცით, რომ ამ ხალხსაც უჭირს, მაგრამ ცხადია, ყველას ერთდროულად დაკმაყოფილება ვერ მოხდებოდა,“– ამბობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი გია სანთელაძე.

მისივე თქმით, ქუთაისში მიმდინარეობს რამდენიმე ალტერნატიული ფართის რეაბილიტაცია, სადაც დევნილების შესახლება სამუშაოების დასრულების შემდეგ იგეგმება. რეაბილიტირებულ საცხოვრებელ კორპუსებში კი ეტაპობრივად იმ დევნილების შესახლება მოხდება, რომლებიც   ამ დრომდე საცხოვრებელი ფართების  გარეშე არიან დარჩენილი.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა