|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიის მიერ გასხვისებული სკვერი და საეჭვოდ გამხმარი ნაძვები

 ქუთაისში, ჯაჭვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სკვერი კერძო კომპანიაზე 20 წლის ვადით გახსვისდა. თვითმმართველობაში ირწმუნებიან, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში ქუთაისში არც ერთი სკვერი არ გაყიდულა და არც გასხვისებულა. თუმცა, ჯაჭვის ხიდის მიმდებარე სკვერი, მერიამ გასული წლის სექტემბერში, აღნაგობის უფლებით გასცა.

ტერიტორიის გასხვისება, სადაც საოფისე დანიშნულების შენობა უნდა აშენდეს, ადგილობრივების თქმით, ერთდროულად რადმენიმე პრობელმას ქმნის. განახევრებული სკვერი, გამხმარი ხეები და სამუშაო ადგილის გარეშე დარჩენილი ყვავილებით მოვაჭრეები - ეს ის პრობლემების ჩამონათვალია, რომლებიც სკვერის გასხვისებას მოჰყვება.

„იმის ნაცვლად, რომ სკვერისთვის მოევლოთ და აქ მოწესრიგებული დასასვენებელი ადგილი გაეკეთებიათ, გაასხვისეს. ჩვენთვის სკვერი აღარ დარჩება, არადა წლების განმავლობაში მოსახლეობა ვასუფთავებთ აქაურობას. ყოველთვიურად თანხას ვიხდით, რომ აუზი და მიმდებარე ტერიტორია ნაგვისგან გავასუფთაოთ. ჩვენი ძალებით მეტის გაკეთება არ შეგვიძლია,“ - ამბობენ ადგილობრივები.

ქუთაისის მერიამ ლერმონტოვის, ვარლამიშვილისა და წმინდა ნინოს ქუჩების გადაკვეთაზე არსებული სკვერი 2013 წლის 22 აგვისტოს ბრძანებულების (#1041) საფუძველზე, ამავე წლის 17 სექტემბერს აუქციონზე გაიტანა. ამ პერიოდში ქუთაისის მერია ჯერ კიდევ არ იყო გადასული აუქციონის ელექტრონულ სისტემაზე.

ქუთაისის მერიის არქიტექტურისა და ურბანული განვითარების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ანდრო მარჯანიშვილი ამბობს, რომ აღნიშნული სკვერი თანამდებობაზე მის დანიშვნამდე გაიცა სხვის სარგებლბაში.

მარჯანიშვილის ინფორმაციით, მოაღნაგე კომპანიის მიერ წარმოდგენილი პროექტი, რომელიც უფრო მასშტაბური იყო და სკვერს 100%-ით ფარავდა, ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელთან არქიტექტურის სამსახური გვერდის ავლით მოხვდა. თუმცა, მარჯანიშვილი ამბობს, რომ პირვანდელი პროექტი შეიცვალა და  მსუბუქი კონსტრუქციის შენობა მხოლოდ 20%-ზე განთავსდება.

ჩემმა წინამორბედმა მოასწრო და სანამ წავიდოდა გადასცა. არ მომწონდა და არ მინდოდა, მაგრამ შეჩერება ვეღარ მოხერხდა. ერთი რაც შევძელით ესაა, რომ მათ უნდოდათ დიდი შენობის აშენება, რომ იქაურობა მთლად შეეჭამათ. გაჩეხავდნენ ხეებს და არაფერი დარჩებოდა სკვერიდან. ეს მოვახერხეთ, რომ რაც მათ აქვთ გადაცემული, იმ ტერიტორიის 20% ათვისებულიყო შენობად. არ მოწონდათ ეს იდეა, მაგრამ დარწმუნდნენ, რომ არაფერი გამოუვიდოდათ და დათანხმდნენ. ამჟამინდელ პროექტის არქიტექტურაში უფრო მინის თემა ჭარბობს და რ მოხდარა აგრესიული ჩარევა,“ – განაცხადა ანდრო მარჯანიშვილმა.

მინის კონსქტრუქციის შენობას, სკვერის 250 კვ.მ ფართის მოაღნაგე, შპს „გეგი 2013“ ააშენებს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების მიხედვით, შპს „გეგი 2013“ კვების პროდუქტების მწარმოებელ საწარმოდაა დარეგისტრირებული 2013 წლის 6 სექტემბერს. სააგენტოს მონაცემებით, კომპანიაში წილები შემდეგნაირად ნაწილდება: 33-33% გიორგი მიქაბერიძესა და გაგა კოხრეიძის საკუთრებაა, ხოლო დარჩენილ 34%-ს ერეკლე თავაძე ფლობს.

ლერმონტოვისა და ვარლამიშვილის ქუჩის მოსახლეობის მტკიცებით, კომპანიის წარმომადგენლები საპარლამენტო უმცირესობის წევრ, ქუთაისის ყოფილ მერთან გია თევდორაძესთან დაახლოებული პირები არიან და მათ უკან სწორედ, თევდორაძის ინტერესები დგას.

„ამათ ვინმე მაღალჩინოსანი რომ არ მფარველობდეს, ამ საუკუნოვან ბაღში შენობის აშენების უფლებას ვინ მისცემდა. აქეთ გოჩა თევდორაძე გვიშენებს შენობას და იქეთ გია თევდორაძე,“ - აცხადებენ ადგილობრივი მცხოვრებლები.

თავად გია თევდორაძე შპს „გეგი 2013“–ის პარტნიორებთან მეგობრულ ურთიერთობას არ უარყოფს, მაგრამ ადგილობრივების ვარაუდს ამორალურს უწოდებს და აცხადებს, რომ აღნიშნული მოსაზრების უკან უშიშროების სამსახურები დგანან.

„გაგა კოხრეიძესთან მართლაც მაქვს ურთიერთობა და არა მარტო მასთან. ისინი რაღაც საქმიანობას ეწევიან ქუთაისში და მათთან ჩემი სახელის დაკავშირება, გარდა იმისა, რომ ადამიანური ფანტაზიის ნაყოფია, ამორალურიცაა. რაც ქონებრივ დეკლარაციაში მაქვს იმის იქეთ არაფერს ვფლობ. დაინტერესებულ პირებს, მათ შორის მოსახლეობასაც, პირადად შევხვდები პარტიის ოფისში ან ჩემს სამუშაო კაბინეტში, პარლამენტში და განვუმარტავ,“ – განაცხადა გია თევდორაძემ „ახალ გაზეთთან“ საუბრისას.

ჯაჭვის ხიდის მიმდებარე სკვერის მოაღნაგე კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ აღნიშნული ფართის სანაცვლოდ ბიუჯეტში ყოველწლიურად 12 550 ლარი უნდა გადაიხადონ. 20 წლის განმავლობაში კი მათ ადგილობრივ ბიუჯეტში 245 000 ლარის გადახდა მოუწევთ.

შპს „გეგი 2013“ სკვერის ტერიტორიის 20%-ზე საოფისე დანიშნულების შემინულ შენობას აშენებს. თუმცა, როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, მერიამ ფართი შენობის მიმდებარედ ტროტუარის კეთილმოწყობის და სკვერის ნაწილის განაშენიანების წინაპირობით გადასცა.

„ისეთ ლამაზ შენობას ავაშენებთ, რომ ქალაქის იერსახეს გაალამაზებს და ტურისტებისთვისაც მიმზიდველი იქნება. ნახეთ, ეს ტერიტორია ახლა რა ნაგვის ბუდედაა ქცეული და ნახეთ, როგორი იქნება 4 თვის შემდეგ,“ - განაცხადა შპს „გეგი 2013“-ის წარმომადგენელმა, გიორგი ქუთათელაძემ.

XXX

მიუხედავად კომპანიის წარმომადგენლის მტკიცებისა, რომ სკვერის იერსახე მოწესრიგდება, ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ სკვერში არსებულ მრავალწლოვან ნაძვებს მოაღნაგე მოჭრის. მათი მტკიცებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში სკვერში 2 ნაძვი გახმა, რაც მიზანმიმართულად მოხდა.

„გაახმეს ნაძვები იმისთვის, რომ მოჭრან და შენობა ააშენონ. ეს ხეები წლებია დგას და ვერავინ გაბედა შეხება,“ - ამბობს ადგილობრივი მოსახლე, ჯანო ქათამაძე.

მოსახლეობის ეჭვს იმის შესახებ, რომ სკვერში არსებული ნაძვები საეჭვო ვითარებაში გახმა, ქუთაისის მერიის არქიტექტურისა და ურბანული გავითარების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ანდრო მარჯანიშვილიც იზიარებს.

„საეჭვოდ გახმა იქ ორი ხე, რაც ძალიან მაბრაზებს. ჯანმრთელი ხე იყო შარშან და წელს გახმა, ამიტომაც აქვს მოსახლეობას საფუძვლიანი ეჭვი და მეც, ასევე, მათ შორის. რატომ გახმა მაინცდამაინც ის ხე, რომელიც შიგნით შენობაში უნდა ყოფილიყო,“ - აცხადებს ანდრო მარჯანიშვილი.

არსებული ეჭვის თაობაზე, რომ ნაძვებს მოჭრა ემუქრებათ, შპს „გეგი 2013“-ის წარმომადგენლები დარწმუნებით აცხადებენ, რომ ნაძვები მშენებლობაში ხელს არ უშლით და მათი მოჭრა არ მოხდება. კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გამხმარი ხეებიდან საშიშროებას პირიქით ელოდებიან, ხოლო სანაცვლოდ ახალი ნერგების დარგვა მათ ინტერესებში არ შედის.

„ეს ხეები არ გვიშლის ხელს თუ ზამთარში არ წაიქცა და აშენებული არ დაგვინგრია. ახლის დარგვა არ გვაინტერესებს,“ - აცხადებენ შპს „გეგი 2013“-ის წარმომადგენლები.

XXX

სკვერის ტერიტორიის გასხვისება ადგილობრივი მოსახლეობის გარდა, მორიგი სატკივარი აღმოჩნდა მიმდებარე ტერიტორიაზე ყვავილებით გარემოვაჭრეებისთვისაც. როგორც შპს „გეგი 2013“-ში ამბობენ, კეთილმოწყობის სამუშაოების დასრულების შემდეგ, მათ ვაჭრობის უფლებას არ მისცემენ.

„მეყვავილეები ვიყავით ამ სკვერში, მაგრამ სახანძროს და ჯარის გამოყენებით გამოგვყარეს წინა ხელისუფლების დროს. ომში არ მოხდებოდა ის, რაც ჩვენ იმ დროს დაგვმართეს. თუ ჩვენთვის არ შეიძლებოდა, ამათთვის რატომ შეიძლება. ორი ობოლი ბავშვი ჩემს კისერზეა. ვდგავარ ქუჩაში, რომ ბავშვებს პური მივუტანო და თუ აქაც არ გამაჩერეს, მაშინ სად წავიდე აღარ ვიცი,“ - ამბობს ყვავილებით მოვაჭრე, მარინა ავალიანი.

ანალოგიური პრობლემა აქვს მრავალშვილიან დედას, მარინა გაბუნიას, რომლის ოჯახისთვის ყვავილებით ვაჭრობისგან მიღებული შემოსავალი ერთადერთია.

„8 შვილის დედა ვარ. ცერემბრალური დამბლით დაავადებული შვილიშვილი მყავს და ოჯახი არის ჩემს კმაყოფაზე. ვთხოვ ხელისუფლებას, ამ ტერიტორიაზე გამოგვიძებნონ ადგილი და ნუ დამაკარგიებენ ჩემი ოჯახის ერთადერთ შემოსავალს,“ - ამბობს მარინა გაბუნია.

გარემოვაჭრეები ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილების თხოვნით ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართავენ. ქუთაისის მერიაში კი მოვაჭრეებს ვარლამიშვილის ქუჩაზე არსებულ „ყვავილების ბაზარზე“ მიუთითებენ. ვიცე-მერის, ნოდარ მიქიაშვილის განცხადებით, იმ მოვაჭრეებს, ვინც „ყვავილების ბაზარში“ ვაჭრობენ, არათანაბარ პირობებში ვერ ჩააყენებენ.

გარემოვაჭრეები კი აცხადებენ, რომ ვიცე-მერის მიერ მითითებულ „ყვავილების ბაზარში“ 10 კვ.მ-ზე ქირის სახით165 ლარის გადახდა მოუხდებათ, რისი საშუალებაც მათ არ გააჩნიათ.

ყვავილებით მოვაჭრეებს სკვერის მიმდებარედ ვაჭრობის უფლება მხოლოდ 4 თვის განმავლობაში აქვთ. თუმცა, შემდეგ გაურკვეველია, თუ სად გააგრძელებენ ისინი ვაჭრობას, ისევე, როგორც გაურკვევლია დასრულდება თუ არა ქუთაისში სკვერების გაიჯარება, გაყიდვა და აღნაგობის უფლებით გადაცემა.

ავტორი: დეა მანაგაძე