|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ყველა ძირითადი პროდუქტი ევროკავშირის ბაზარზე თავისუფლად შევა

ასოციერების ხელშეკრულებას ევროპასთან ხელი მოეწერა და პირველმა ეიოფორიამაც ჩაირა. შედეგად, პატარა და გარდამავალი ეკონომიკის მქონე საქართველოს წინაშე მსოფლიოს ყველაზე დიდი 500 მილიონიანი ბაზრის კარი ფართედ გაიღო. თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ აგრარული პროდქუციისთვის, რადგან სხვა საექსპორტო საქონელს ქვეყანა პრაქტიკულად ვერ აწარმოებს. მოლოდინი როგორც ოპტიმისტურ, ისე პესიმისტურ ნოტებსაც შეიცავს. რამდენადაც დიდია ევროპის ბაზარი და მაღალი მსყიდველუნარიანობის ხიბლის შემცველი, იმდენად მძლავრი მწარმოებელი და კონკურენტიც არის იაფი ფინანსური რესურსით, თანამედროვე ცოდნითა და ტექნოლოგიებით აღჭურვილი. მართალია სოფლის მეურნეობა მთლიანი შიდა პროდუქტის 2.3%-ს შეადგენს, მაგრამ მონეტარულ გამოსახულებაში ეს ციფრი 319 მილარდ ევროს უდრის და ევროპის ბიუჯეტის 40-50% მის სუბსიდირებაზე იხარჯება. რა სავარაუდო სიკეთეს, თუ რისკს მოუტანს კონკრეტულად ქართულ სოფლის მეურნებას საბაჟო ტარიფების წაშლა ასეთ მძლავრ სავაჭრო პარტნიორთან, ამ საკითხზე პასუხის მისღებად bpn.ge-მ სოფლის მეურნეობის მინისტრს, შალვა ფიფიას მიმართა:
- ბატონო შალვა, აი გაიღო ევროპის ბაზრის კარი, და ხელშეკრულების მიხედვით, გათავისუფლებული გამოდის მხოლოდ 220 ტონა ნიორი. დანარჩენ პროდუქციაზე ან ქვოტა მოქმედებს ან ადვალური ფასის კომპონენტი. ამას როგორ ახსნით?
- არ არის ასე. ახლავე აგიხსნით. პირიქით, ნიორი არის ერთადერთი პროდუქცია, რომელზეც გვაქვს ქვოტა 220 ტონა წელიწადში, თუმცა ამაში პრობლემას ვერ ვხედავთ. და მიზეზი არის ის, რომ ევროკავშირი თვითონ აწარმოებს ნიორს. დანარჩენი არცერთ პროდუქტზე ქვოტა არ გვაქვს, არამედ გვაქვს ე.წ ტრიგერული რაოდენობა, რაც ნიშნავს რომ თუ მივუახლოვდებით ამ ტრიგერული (წინასწარ ფიქსირებული) მოცულობის ზღვარს ჩვენ უნდა ვაცნობოთ ევროკავშირს, რომ წელს ამ რაოდენობას გადავაჭარბებთ და თავისუფალია გადასახადისაგან. რაც შეეხება ადვალურ გადასახდს, ეს ნიშნავს, რომ თუ კონკრეტული პროდუქტის (რაზეც ვრცელდება ადვალური გადსახადი) საბოლოო სარეალიზაციო საცალო ფასი ევროკავშირში არის რაღაც ფასზე (ე.წ ადვალურ ფასზე) ნაკლები, მაშინ მეწარმემ უნდა გადაიხადოს სხვაობა ადვალურ ფასსა და თავის სარეალიზაციო ფასს შორის. მაგრამ იმდენად დაბალი ფასებია იმ ყველა პოზიციაზე, რაც არსებობს (ხელშეკრულებაში), რომ პრაქტიკულად შეუძლებელია ეს ფასი დაჯდეს. ვთქვათ, ციტრუსის შემთხვევაში 45-50 ცენტია ადგილზე საცალო ფასი და შეუძლებელია, რომ ასეთი დაბალი დაუჯდეს ქართველ მეწარმეს. ყველა შემთხევაში ამაზე მეტი იქნება და შესაბამისად, ადვალური ფასის მომენტი არის, მაგრამ იმდენად დაბალია ის ფასები, რაც განსაზღვრულია ევროკავშირთან, რომ რისკი მწარმოებლებს არ ემუქრებათ.
- რას გავიტანთ?
- ყველა ის პროდუქტი, რაც დღეს უკვე გადის ევროკავშირის ბაზარზე, როგორიცაა ღვინო, სპირტიანი სასმელები, მინერალური წყლები, თხილი, გამხმარი და გაყინული ხილი, სხვა თხილ-კაკალი, წაბლიც გადის - ისევ გავა ტარიფის გარეშე. რასაც აქვს პოტენციალი უახლოეს მომავალში ეს არის ხილი, ციტრუსი, და საშუალოვადიან პერსპექტივაში ეს არის თაფლი და ვეტერანურ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქცია.
-საშუალოვადიანი პერსპექტივა რა პერიოდს გულისხმობს?
- დღეს ჩვენ ხორცის და რძის იმპორტიორები ვართ. ამას გარდა, იქ არის მთელი რიგი რეგულაციები. ჩვენ სულ ახლახან მივიღეთ ცვლილებები სურსათის ეროვნულ კოდექსში, ეს არის ქოლგა დოკუმენტი და უკვე დავამტკიცეთ ეროვნული პროგრამა ამ ქოლგა დოკუმენტის ფარგლებში, შემედეგ 7 წლიან პერიოდში უნდა მოვახდინოთ შესაბამისი კანონმდებლობის ფორმირება, ეს არის 90-მდე კანონქვემდებარე აქტი, რომელიც უნდა შეიცვალოს ახლით. ეს ეხება როგორც სურსათის უვნებლობის, ისე ვეტერინარიის და ფიტო-სანიტარიის კუთხით, ამას უნდა მოყვეს შესაბამისი ადმინისტრირება. სურსათის ეროვნული სააგენტო უკვე გავაძლიერეთ, 180 ადამიანი დავამატეთ, გავაოთხმაგეთ ინსპექტორების რაოდნეობა. მიზანი არის ის, რომ ის სტანდარტი, რასაც ევროკავშირი მოითხოვს იმ პროდუქციაზეც დავაკმაყოფილოთ, რასაც ჯერ ვერ ვაკმაყოფილებთ. ამას გარდა, გავაძლიერეთ სოფლის მეურენობის სამინისტროს ლაბორატორია, სადაც ვეტერინარიის კუთხით 18 დაავადებაზე მივიღეთ საერთაშორისო აკრედიტაცია თებერვლის ბოლოს, ახლა ევროპელების ხელშეწყობით ვაშენებთ ფიტოსანიტარიულ ლაბორატორიას და იმედი მაქვს, წლის ბოლომდე მოვრჩებით. როგორც კი დავასრულებთ, მაშინვე შევეცდებით, რომ საერთაშორისო აკრედიტაცია მივიღოთ ამ მიმართულებითაც. ამას გარდა, გვაქვს გეგმა ჩვენს ლაბორატორიაში წლის ბოლომდე მოხდეს თაფლის დიაგნოსტიკა და საერთაშორისო სერთიფიცირება. აქამდე საქართველოში თაფლზე საერთაშორისო სერთიფიკატის გამცემი ორგანო არ არსებობდა. შესბამისად ცხოველური წამოშობის ვეტერინარული კონტროლს დაქვემდებარებულ პრდუქციაზე პირველ ეტაპზე შევძლებთ თაფლის დამზადებას, შემდეგ იქნება თევზი და სხვა ცხოველური წარმოშობის პროდუქცია. ქართულ თაფლზე დიდი მოთხოვნაა.
-მცირე მოცულობები ყოველთვის იყო ჩვენი ექსპორტის პრობლემა. ამას როგორ გადაჭრით?
- ვერ ვიტყვი, რომ მოცულობა იყო პრობლემა. გასულ წელს ჩვენ გავიტანეთ დაახლოებით 50 მილიონი ბოთლ ღვინოზე მეტი, გვაქვს პოტენციალი 100 მილიონის ფარგლებში გავზარდოთ. იმ ტენდეციას თუ გავითვალისწინებთ, რაც მოყვა ბოლო 2 წლის განმავლობაში ვენახების გაშენებას, თხილის გაშებას, მაქვს მოლოდინი, რომ ეს ჩვენი წარმოების უნარი გაიზრდება. საქართველო უკვე გადაიქცა ძალიან მნიშვნელოვან მოთამაშედ თხილის ბაზარზე. შარშან ვიყავით მესამე ყველაზე დიდი ექსპორტიორი და მეხუთე ყველაზე დიდი მწარმოებელი მსოფლიოში. თუმცა რაც შეეხება წარმოების ეფექტურობას, ეს გასაკეთბელია და ამაზე ვმუშაობთ. ჩვენ რამდენიმე პრობლემა გვაქვს. ერთი ის, რომ სამეცნიერო-კვლევითი მიმართულება ქვეყანაში არ არსებობდა, არანარირი ჯიშთა გამოცდა არ ხდებოდა, ახალი ჯიშები არ შემოდიოდა, ჩვენ გავაკეთეთ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, რომლის როლიც სწორედ ეს იქნება თანამედროვე ტექნოლოგიების ტრანსფერი და ახალი ჯიშების გამოცდა და შემდგომ გავრცელება. არის მიწების მაღალი ფრაგმენტაცის პრობლემა და ამის მოსაწესრიგებლად შარშან კანონი მივიღეთ სასოფლო სამეურნეო კოოპერაციების შესახებ, 94 დარეგისტრირდა დღეის მდგომარეობით.
- არსებობს მოლოდინი, რომ ევროპული იმპორტი წალეკავს ჩვენ სუსტ ბაზარს. რას აპირებთ კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად?
- შარშარ ჩვენი ექსპორტი აგრო მიმართულებაზე ევროპაში იყო 23% და იმპორტი დაახლოებით 12%. ნამდვილად არა მაქვს მოლოდინი, რომ ეს იმპორტის რაოდენობა შეიცვლება, რადგან ევროპის სოფლის მეურნეობის პროდუქცია მიუხედავად სუბსიდიებისა, ძალიან მაღალფასიანია და არა მგონია ეს ტენდენცია შეიცვალოს. თვითღირებულება არის საკმაოდ მაღალი მთელი რიგი მიზეზების გამო, პირველ რიგში, მაღალი ხელფასები და მაღალი დანახარჯები აქვთ წარმოებაზე. ასე რომ, იმის მოლოდინი თითქოს ევროპაში წარმოებული პროდუქცია დაგვახრჩობს, არ უნდა გვქონდეს.
ჩვენ უკვე ვმუშაობთ აგრო-დაზღვევის პროექტზე KFW-თან, ისინი თავისი დაფინანსებით აკეთებენ კვლევას და ამის საფუძველზე ჩვენ უკვე აგრარულ დაზღვევას შევთავაზებთ მოსახლეობას. იაფი საკრედიტო პროექტები კვლავაც გაგრძელდება, ასევე გამსხვილებას ხელს შეუწყობს სასოფლო-სამეურნეო კოოპერაცია, და ამისთვის სპეციალური - როგორც საგანმანთებლო, ისე ფინანსური ხელშეწყობის პროგრამები იქნება, რაც კოოპერატივებისთვის უმთავრესია. სასოფლო სამეურნეო ექსტენცია შემოვიდა ქვეყნაში, რაც არ არსებობდა 20 წლის მანძილზე საბჭოთა კავშირის შემდეგ. ეს ნიშნავს კონსულტაციებს ყველა ფერმერებისათვის თუ გადამამუშავებელისთვის. ასევე არის პროექტი პროფესიული სწავლებასთან დაკავშირებით. რეალურად ჩვენ გვაქვს სპეციალისტების პრობლემა ყველა დონეზე და ის კოლეჯები, რომლებიც დღემდე შენარჩუნებულია, ასეთია დაახლოებით 18 კოლეჯი, მათ ბაზაზე უნდა მოხდეს სწავლება. ახალი წლიდან ტექნიკური უნივერსიტეტი აიოვას უნივერსიტეტთან ერთად იწყებს სოფლის მეურნეობის მიმართულების კურსებს, რაც მოგვცემს ალტერნატიულ რეზერვს. დღეს მხოლოდ აგრარული უნივერსიტეტი სთავაზობს ასეთი ტიპის სწავლებას, და კონკურენცია თავისთავად გაზრდის სწავლის ხარისხს.
- აქ იაფი ფინანსურ რესურსზე ხელმისწავდომობა მაინც პრობლემად რჩება, რადგან ფერმრების დიდი ნაწილი იაფი კრედიტის პროგრამის მიღმა რჩება. ესენი როგორ იქნებიან კონკურენტუნარიანი?
- აქ ლაპარაკია კრედიტუნარიანობაზე, იმ ფერმერს, რომელსაც აქვს 1 ჰექტარი და რომელიც ვერ იღებს იაფ სესხს, აქვს ალტერნატია, გააკეთოს კოოპერატივი, გახდეს უფრო მიმზიდველი ბანკისთვისაც, დამფინანსებლისთვისაც და აიღოს ეს შეღავათიანი სესხი. 100-ზე მეტი კოოპერატივია დარეგისტრირებული 2 თვეში და კიდევ ბევრი დგას რიგში სტატუსის მისაღებად. მოლოდინი და სურვილი არის ძალიან დიდი, ვინც ამას ვერ გააცნობიერებს გრძელვადიან პერიოდში აღარ იქნება კონკურენტუნარიანი და მას მოუწვეს შეხედულების შეცვლა.
- სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიყიდვაზე არსებული ერთწლიანი მორატორიუმი საკონსტიტუციო სასამართლომ რამდენიმე დღის წინ ვადაზე ადრე გააუქმა. ანუ დაუცველი რჩება მიწა და ძველებურად ნებისმიერი ინვესტორი იყიდის, თუ ევროპულ მკაცრ რეგულაციებს შემოიღებთ ხელშეკრულების ფარგლებში?
- ერთი-ერთზე შემოღება არ შეიძლება, ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც განსხვავებული მიდგომა არსებობს. მე ვთვლი, რომ მორატორიუმი იყო საჭირო, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მიწა არ არის ჩვეულებრივი აქტივი, ის არის ამოწურვადი, განსაკუთრებული აქტივი და საჭიროა მისი განკარგვა სწორად. მე არ მაქვს პრობლემა კონკრეტულ უცხოელ ინვესტორთან, მაგრამ თითოეულ შემთხვევაში უნდა უზრუნველყოფილ იქნას მიწის ეფექტურად განკარგვა. ჩვენ გვაქვს არაეფექტური განკარგვის ძალიან ბევრი ცუდი მაგალითი. არსებობს კომისია, სადაც შედიან როგორც აღმასრულებელი, ის საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და ჩვენ უახლოეს პერიოდში ვეცდებით, რომ საკანონმდებლო რეგულაციებით დავარეგულიროთ ეს საკითხი, რომ ასეთი ძვირფასი და ამოწურვადი რესურსი განკარგულ იქნას მაქსიმალურად ეფექტურად, სწორედ ეს იყო მორატორიუმის მიზანი.

ნინო ფაცურია

bpn.ge

ავტორი: ნიუპრესი