|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საპროცესო შეთანხმება

საინფორმაციო სააგენტო newpress.ge და "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ქუთაისის ფილიალი ახორციელებს ახალ, ერთობლივ პროექტს: "იცოდე კანონი და იქნები დაცული".

როგორ განსაზღვრავს კანონი ამა თუ იმ საკითხს? - მიიღეთ სამართლებრივი განმარტებები და ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო ყველა თემასთან დაკავშირებით.

დღევანდელი თემაა

საპროცესო შეთანხმების არსი


· სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის საფუძველია საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმადაც ბრალდებული აღიარებს დანაშაულს და უთანხმდება პროკურორს  სასჯელზე, ბრალდების შემსუბუქებაზე ან ნაწილობრივ მოხსნაზე.

· საპროცესო შეთანხმების დადებისას ბრალდებული პროკურორს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ პირობებთან ერთად შეიძლება შეუთანხმდეს თანამშრომლობაზე ან/და ზიანის ანაზღაურებაზე.

საპროცესო შეთანხმების დადება


·     საპროცესო შეთანხმება იდება ზემდგომ პროკურორთან წინასწარი წერილობითი შეთანხმებით.

· საპროცესო შეთანხმების დადების შეთავაზება შეუძლია როგორც ბრალდებულს/მსჯავრდებულს, ისე პროკურორს. საქმის განხილვისას სასამართლო უფლებამოსილია გაარკვიოს მხარეებს შორის საპროცესო შეთანხმების დადების შესაძლებლობა.

·  საპროცესო შეთანხმების დადებისას პროკურორი ვალდებულია გააფრთხილოს ბრალდებული საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ    და განუმარტოს მას, რომ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის გარეშე გამოაქვს და საპროცესო შეთანხმების დადება არ ათავისუფლებს ბრალდებულს სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან.

· განსაკუთრებულ შემთხვევაში საქართველოს მთავარ პროკურორს ან მის მოადგილეს უფლება აქვს, სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით ბრალდებულის სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან სრულად ან ნაწილობრივ განთავისუფლების შესახებ. ამ შემთხვევაში სამოქალაქო პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრება.

·  საპროცესო შეთანხმების საფუძველზე პროკურორს უფლება აქვს, მოითხოვოს ბრალდებულისათვის სასჯელის შემცირება ან დანაშაულთა ერთობლიობისას მიიღოს გადაწყვეტილება მისთვის ბრალდების შემსუბუქების ან ნაწილობრივ მოხსნის თაობაზე.

· ბრალდებულისათვის სასჯელის შემცირების მოთხოვნისას ან ბრალდების შემსუბუქების ან ნაწილობრივ მოხსნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას პროკურორი ითვალისწინებს საჯარო ინტერესს, რომელსაც იგი  სახელმწიფოს სამართლებრივი პრიორიტეტების, ჩადენილი დანაშაულისა და მოსალოდნელი სასჯელის სიმძიმის, დანაშაულის ხასიათის, ბრალეულობის ხარისხის, ბრალდებულის საზოგადოებრივი საშიშროების, პიროვნული მახასიათებლების, ნასამართლობის, გამოძიებასთან თანამშრომლობისა და დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით ბრალდებულის ქცევის შეფასების საფუძველზე განსაზღვრავს.

· დაუშვებელია საპროცესო შეთანხმების დადება ადვოკატის უშუალო მონაწილეობისა და მის დადებაზე ბრალდებულის წინასწარი თანხმობის გარეშე.

· დაუშვებელია ისეთი საპროცესო შეთანხმების დადება, რომელიც უზღუდავს ბრალდებულს უფლებას, წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შემთხვევაში მოითხოვოს შესაბამის პირთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება.

·  საპროცესო შეთანხმების შესახებ დგება ოქმი, რომელშიც ასახულია ბრალდებულსა და პროკურორს შორის მოლაპარაკების პროცესი (საპროცესო შეთანხმების ოქმი). საპროცესო შეთანხმების ოქმის ასლი ბრალდებულსა და მის ადვოკატს გადაეცემა. ბრალდებულსა და მის ადვოკატს უფლება აქვთ, საპროცესო შეთანხმების ოქმზე გამოთქვან შენიშვნები. ისინი თან ერთვის ამ ოქმს. საპროცესო შეთანხმების ოქმს ხელს აწერენ პროკურორი, ბრალდებული და მისი ადვოკატი, აგრეთვე ბრალდებულის კანონიერი წარმომადგენელი, ასეთის არსებობის შემთხვევაში. 


ბრალდებული და მისი ადვოკატის  მისი ადვოკატის ხელმოწერა საპროცესო შეთანხმების თაობაზე


· სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობას თან ერთვის ბრალდებულის წერილობითი განცხადება, რომელსაც ხელს აწერენ ბრალდებული და მისი ადვოკატი. ბრალდებულის განცხადებაში დადასტურებული უნდა იყოს, რომ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანაზე თანხმობა ბრალდებულმა ნებაყოფლობით, ადვოკატისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ განაცხადა. ამასთანავე, ბრალდებული სრულყოფილად უნდა აღიქვამდეს საპროცესო შეთანხმების შინაარსს და მოსალოდნელი განაჩენის სამართლებრივ შედეგებს, რის შესახებაც უნდა აღინიშნოს ბრალდებულის განცხადებაში.

· სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობას ხელს აწერენ პროკურორი, ბრალდებული და მისი ადვოკატი, აგრეთვე ბრალდებულის კანონიერი წარმომადგენელი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

 

სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობა და საპროცესო შეთანხმების ოქმი საჯაროობა

 

· სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობა და საპროცესო შეთანხმების ოქმი საჯაროა, გარდა იმ ნაწილისა, რომელშიც მითითებულია ბრალდებულის მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაცია. ბრალდებულის მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაციის გაცნობის უფლება აქვთ მხოლოდ მის ხელმომწერ პირებსა და სასამართლოს,  აგრეთვე იმ ბრალდებულს (მის ადვოკატს), რომლის შესახებაც  სხვა ბრალდებული საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გამოძიებას  მამხილებელ ინფორმაციას აწვდის. ასეთი ბრალდებულისათვის (მისი ადვოკატისათვის) აღნიშნული საპროცესო შეთანხმების შინაარსი სრულად უნდა იყოს ხელმისაწვდომი.  

· სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობას თან ერთვის საპროცესო შეთანხმების ოქმი.

 

სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობის განხილვა

საპროცესო შეთანხმება უნდა გაფორმდეს წერილობით და დამტკიცდეს სასამართლოს მიერ. საპროცესო შეთანხმება უნდა აისახოს სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენში.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: სასამართლო ვალდებულია საპროცესო შეთანხმების დამტკიცებამდე დარწმუნდეს, რომ:

ა) საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე;

ბ) საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და ბრალდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს;

გ) ბრალდებული სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის, ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს;

დ) ბრალდებულს ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა;

ე) ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება;

ვ) ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც ის აღიარებს;

ზ) ბრალდებულისათვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ;

თ) ბრალდებული აცნობიერებს, რომ, თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდის;

ი) ბრალდებული აცნობიერებს, რომ მას აქვს შემდეგი უფლებები:

ი.ა) დაცვის უფლება;

ი.ბ) საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის უფლება;

ი.გ) სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლება;

კ) ბრალდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს;

ლ) საპროცესო შეთანხმებაში ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობაა ასახული;

მ) ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.

მოსამართლე ვალდებულია ბრალდებულს განუმარტოს, რომ მის მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.

მოსამართლე საპროცესო შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კანონის საფუძველზე და არ არის ვალდებული, დაამტკიცოს ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმება. 

ავტორი: ნიუპრესი