|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ხელოვანი რაიმე საზღვრებში მოქცეული არ უნდა იყოს“

 

ინდირა ჯგერნაია ქართველმა მსმენელმა ტელეკომპანია ,,რუსთავის 2“-ის მუსიკალური პროექტიდან ,,ჯეოსტარი“ გაიცნო, სადაც ის იმერეთის სახელით გამოდიოდა.  შემდეგ იყო ტელეკომპანია ,,იმედის“ პროექტი ,,ახალი ხმა“. ახლა კი ინდირამ ბედი ისევ ტელეკომპანია ,,რუსთავი 2“- ის პროექტში „,ნიჭიერი“ სცადა. მუსიკალური კონკურსების პარალელურად, ინდირა ქუთაისის ერთ-ერთ  რესტორანში მღერის და როგორც თავად ამბობს, მას ძალიან მოსწონს საქმე, რომელსაც აკეთებს.

   ,,Newpress.ge“ დაინტერესდა, რა უშლის ხელს ნიჭიერ ახალგაზრდებს, საკუთარი თავი მშობლიურ ქუთაისში წარმოაჩინონ; რატომ ცხოვრობენ ისინი პროექტიდან- პროექტამდე.

   - ინდირა, რას სიახლეს ელი პროექტიდან ,,ნიჭიერი“?

-    ყველაფერი წამოვიდა იქედან, რომ ,,ჯეროსტარის“ და ,,ვოისის“ შემდეგ იკლო ოვაციებმა, იკლო პოპულარობამ, საქმის კეთებამ... პროექტი „ნიჭიერის“ ქასტინგები როცა ტარდებოდა, არც კი მიფიქრია გასვლა. თუმცა, ,,ნიჭიერი“ ეკრანზე გამოჩენის და სცენაზე დაბრუნების საუკეთესო საშუალება იყო.

რატომ არ ჩანს ინდირა ჯგერნაია პროექტებს შორის?

-      მაქვს რამოდენიმე სიმღერა, რომლის პრემიერასაც აუცილებლად გავაკეთებ ახალ წლამდე და ახალი წლის შემდეგაც. ,,ნიჭიერში“ ნანუკას შენიშვნა, სრულიად სამართლიანი და სწორი იყო.

-რატომ ვერ ახერხებთ  ნიჭიერი ახალგაზრდები იმერეთში და ქუთაისში საკუთარი თავის რეალიზაციას?

-         დავიწყოთ იქედან, რომ იმერეთში ჩვენ არ გვყავს ესტრადის მასწავლებელი. მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს უამრავი მუსიკალური სასწავლებელი. აუცილებელია იყოს ისეთი პედაგოგი, რომელიც თუნდაც ,,რუსთავი 2“-ის კონკურსების დონეზე მოამზადებს ბავშვებს. ქუთაისიდან მიდიან საკმაოდ სუსტად მომზადებული ახალგაზრდები და მერე თბილისში კარგად მოძლიერების შემდეგ უკან აღარ ბრუნდებიან. თუმცა, მე მაგ კატეგორიის ადამიანთა ჯგუფს არ მივეკუთვნები. მე ძალიან მიყვარს ჩემი ქალაქი, ჩემი საქმე,  სადაც ვმუშაობ. მიუხედავად იმისა, ფინანსურად მიჭირს თუ არა, კმაყოფილი ვარ ამ ყველაფრით. არის იმის შესაძლებლობა, რომ თბილისში ვცხოვრობდე, თუმცა არ მინდა მივატოვო და უარი ვთქვა იმაზე, რასაც ჩემი შრომით და მეგობრების გვერდში დგომით მივაღწიე.

რაც შეეხება პროექტს ,,ახალი ხმა“...  საკმაოდ ხმაურიანი იყო შენი გამოჩენა იქ, ძალიან მოეწონე მწვრთნელებსაც. თუმცა, შენ „რინგიდან“ დატოვე პროექტი. რამ განაპირობა ეს ყველაფერი?

-         ,,ახალი ხმიდან“ ჩემი წამოსვლა მდგომარეობდა იმაში, რომ მე ქუთაისიდან დავდიოდი რეპეტიციებზე და „ბრმა ქასტინგისთვის“ ვემზადებოდი ქალბატონ რუსა მორჩილაძესთან. მოგეხსენებათ, რუსა იყო მაშინ ტელე „იმედის“ მუსიკალური პროდიუსერი. „ბრმა ქასტინგის“ შემდეგ, როდესაც მოხდა მწვრთნელის არჩევა, რეპეტიციებზე უნდა გევლო მწვრთნელის თიმში. დავდიოდი, მაგრამ ვერ ვხედავდი იმის საჭიროებას, რომ მე იქ უნდა მევლო. მე მაინც ვაგრძელებდი რუსასთან სიარულს და ალბათ, ეს გამაღიზიანებელიც იყო ვინმესთვის - „აი, ჩვენ არ გვკადრულობს და სხვაგან მეცადინეობს“. მე მათთან ვერანაირ საინტერესოს ვერ ვხვდებოდი, ეს იყო გაღიზიანების პირველი მომენტი. მერე ის იყო, რომ არავის არ უნდოდა ჩემთან „რინგზე“ სიმღერა დუეტში. ალბათ, ჩემში მეტ საშიშროებას ხედავდნენ. მე პირიქით მეგონა, რომ კარგს ვაკეთებდი (რადგანაც ნინოს ცოტა მსუბუქად უყურებდნენ და თუკი მის გუნდში ასეთი ძლიერი მომღერალი იქნებდოდა, სათანადოდ შეაფასებდა მას). წინა საღამოს ზუსტად ერთი საათი მამღერა შეუსვენებლივ. სიმართლე რომ გითხრათ, ერთგვარდ ვალი მოვიხადე და ვიმღერე. არცერთი ვოკალისტი არცერთ ნორმალურ მომღერალს ერთი საათი შეუსვენებლად არ ამღერებს, რადგანაც ამან შეიძლება ხმაზე ძალიან ცუდად იმოქმედოს. ასეც მოხდა, ჩამეხლიჩა ხმა და ძალიან ცუდად ვიყავი. თუმცა, „რინგზე“ უკვე მქონდა ხმა და ასე რომ ვთქვათ, ვერ წამაქციეს.  

  

დღეს ცნობილი ფაქტია, რომ მსგავს კონკურსებზე იბლოკება რუსული სიმღერები და უპირატესობა ინგლისურ ენაზე შესრულებულ რეპერტუარს ენიჭება. ასევე, ქართულ კონკურსებზე ნაკლებად გვესმის ქართული სიმღერები. რას ფიქრობ ამ თემაზე?

 

-       არ მესმის, რატომ უნდა დაიბლოკოს რუსული რეპერტუარი. რუსულ რომანსებზე იზრდებოდა თაობები. რუსული რომანსი ეს არის ყველაფერი, რომლის შესრულებაც არცთუ ისე მარტივია. კულტურა ეს ისეთი თემაა, რომ ქვეყნის ფარგლებს გარეთ უნდა გადიოდეს. ხელოვანი ადამიანი არ უნდა იყოს რაიმე საზღვრებში მოქცეული. რაც შეეხება ქართულ და უცხოურ რეპერტუარს, ვერ განვასხვავებ ერთმანეთისგან, რადგანაც მე ორივეს ვასრულებ. თუმცა, არჩევანის წინაშე რომ დავდგე,  ქართულს ავირჩევ. 

 -და ბოლოს, რას ეტყვი ქუთაისს და ქუთაისლებს?

-         ქუთაისს და ქუთაისლებს ვერტყვი, რომ ძალიან მიყვარს ჩემი ქალაქი და ჩემი ხალხი. იმიტომ, რომ არიან ძალიან თბილები და იციან ერთმანეთის გატანა. სულ ვამბობ თბილისში როცა ვხვდები, რა გეშველებოდათ ქუთაისლების გარეშე-თქო (იცინის). ბოლოს კი ვთხოვ ყველას, მხარი დამიჭირონ ,,ნიჭიერში“.


სრულად ინტერვიუ იხილეთ გაზეთის "ახალი გაზეთი" 1-7 დეკემბრის ნომერში


ავტორი: გიგა გელხვიიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა