|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დაპირისპირება ქუთაისის ბაზრის მოვაჭრეთა და გარემოვაჭრეებს შორის მწვავდება

  სიცივე და ანტისანიტარია - ეს ის პირობებია, სადაც ქუთაისელ გარემოვაჭრეებს მუშაობა უწევთ. თუმცა, თავად გარემოვაჭრეები თავის მხრივ პრობლემებს უქმნიან იმ ადამიანების, რომლებიც ბაზარში დახლებთან დგანან. 

დაპირისპირება ბაზრისა  და გარემოვაჭრეებს შორის სულ უფრო იზრდება და საპროტესტო მუხტი ხელისუფლებისაკენაა მიმართული, რომელიც ამ შემთხვევაში, თავის ფუნქციას ხეირიანად ვერ ასრულებს.

როგორც ბაზარში მყოფები აცხადებენ, გარემოვაჭრეთა გამო მათ ხარჯი  მეტი აქვთ, ვიდრე  - შემოსავალი. მოვაჭრეები ასევე პროდუქციის ხარისხზე და წონის სიზუსტეზეც ეჭვს გამოთქვამენ. მათი თქმით, ის პროდუქცია, რომელიც გარემოვაჭრეთა მიერ იყიდება, სრულიად შეუმოწმებელია და არანაირ კონტროლს არ გადის. „ჩვენი მთავარი პრობლემა ეს გარევაჭრობაა. ისინი, ვინც გარეთ დგანან, არანაირ გადასახადს არ იხდიან. ჩვენ კი, დღიურ გადასახადზე ვართ და ეს ყველაფერი ძალიან გვირთულებს ცხოვრებას. არავინ არ დგას აქ იმისთვის, რომ ულხინს და ეს მისი ერთგვარი ჰობია. არა, ჩვენ ყველას კრედიტები გვაქვს, ოჯახები გვყავს, რომლებსაც რჩენა უნდა," - განაცხადა ბაზრის  მოვაჭრემ,   აზა ირემაძე ,,ახალ გაზეთთან“  საუბრისას. 

მოვაჭრეები ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობაზე საუბრობენ. „დიდი იმედი გვქონდა ქალაქის მერის - შოთა მურღულიასი.  თუმცა, საერთოდ არ იხედება ჩვენსკენ,  არ იქმნება სამუშაო ადგილები, რაში არგია ვინმეს უფასო განათლება, თუკი ადამიანმა ვერ იმუშავა პროფესიით. დღეს ქალაქი სრულიად დაცლილი და დაბერებულია, რადგანაც ახალგაზრდები, ან დედაქალაქში, ან საზღვარგარეთ გადიან, მხოლოდ იმიტომ, რომ აქ დასაქმებას ვერ  ახერხებენ. გახსნან რაიმე ასკაციანი წარმოება, შავ მუშად გვამუშაონ, მინიმალური თანხა მოგვცენ რაიმე და ჩვენც ჩაგვწერონ ადამიანთა სიაში,“ - აცხადებს აზა ირემაძე.

მოვაჭრეთა თქმით, უმრავი თანხა შედის მათგან  სახელმწიფოს,  თუმცა  სანაცვლოდ საჭირო  მხარდაჭერას ვერ გრძნობენ: "ჩვენ არ ვახსენდებით. სამაგიეროდ, კარგად ახსოვთ თავიანთვის მაღალი ხელფასები. თუკი ადგილობრივი ხელისუფლება გარემოვაჭრეებს ვერ შემოიყვანს შიგნით და არ დააკისრებს გადასახადს, ისევე, როგორც ჩვენ, მაშინ ამ საახალწლოდ გაგვათავისუფლოს გადასახადებისგან და მოგვცეს იმის საშუალება, რომ ჩვენც ვიგრძნოთ ახალი წლის მოახლოვება, “ - განაცხადა აზა ირემაძემ.

,,ახალი გაზეთი“ შეეცადა ქუთაისის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბაქარ ჭეიშვილისაგან გაერკვია, თუ რა სახის რეგულაციები არსებობს გარევაჭრობასთან დაკავშირებით და რა კონკრეტულ ღონისძიებებს ატარებს მერია პრობლემის მოსაგვარებლად. ჭეიშვილი გარევაჭრობას ერთგვარ „ჰობს“ უწოდებს და მიიჩნევს, რომ სწორედ ამ ჰობით არიან შეპყრობილი ეს ადამიანები. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გარევაჭრობა კანონით იკრძალება, თვითმმართველობას არ გააჩნია რაიმე კონკრეტული ბერკეტი და მხოლოდ გარემოვაჭრეთა გაფრთხილებით შემოიფარგლება.

,,კანონმდებლობაში დევს, რომ გარევაჭრობა უნდა აიკრძალოს. თუმცა თვითმმართველობებს კანონის მიერ არ აქვთ მინიჭებული ისეთი ბერკეტები, რომლითაც შეიძლება ამ პრობლემას ვებრძოლოთ. ჩვენ ამ ეტაპზე, მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოვიფარგლებით. მაგალითად: „ადექით, ნუ ზიხართ“ და ასე შემდეგ. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ჩვენი თანამშრომლები დღის განმავლობაში იყვნენ მობილიზებულები მსგავს ადგილებზე და არ მივცეთ მათ დაჯდომის საშუალება, თუმცა, ეს ძალიან რთულია.ახლა საახალწლო დღესასწაულები მოდის და მითუმეტეს,  ამ პერიოდში,  პრაქტიკულად შეუძლებელია მათი შეჩერება. გვქონია იმისი მცდელობა, რომ გადაგვეყვანა ისინი ბაზრის ტერიტორიაზე, თუმცა მაქსიმუმ, ორი კვირით ჩერდებიან და ისევ უკან, ქუჩაში ბრუნდებიან. მათი ჰობია, ალბათ, გარეთ ყოფნა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ისინი ყველა  შიდა მოვაჭრეები არიან და  ერთგვარი დაპირისპირება აქვთ ერთმანეთში, რაც უბიძგებთ ალბათ, გარეთ გამოსვლაში. რაც შეეხება ბაზრობაზე გადასახდელ ,,დახლის“ თანხას, ბაზარი ეს კერძო სექტორია და ჩვენ მას ვერც გავაკონტოლებთ, არც ვინტერესდებით ამ საკითხით, “ - განაცხადა ჭეიშვილმა.


გარევაჭრობა რომ კანონით აკრძალულია, ეს თავად გარემოვაჭრეებმაც იციან. თუმცა, მათივე თქმით, სხვა გზა არა აქვთ და იძულებულები არიან ლუკმა-პურის საშოვნელად, სოფლებიდან ჩამოვიდნენ და ქუჩაში დადგნენ. მათივე თქმით, მერიის მხრიდან არანიარ ზეწოლასა და შეზღუდვას არ განიცდიან.

,,სოფლიდან ჩამოვდივარ. ყოფილა შემთხვევა, როდესაც სამგზავრო ფულიც კი არ დამრჩენია და ავტობუსიდან ჩუმად ჩავსულვარ. მშივრები ვართ. იმის გამო, რომ ორი კაპიკი ვიშოვოთ, სიცივესა და უამინდობაში გვიწევს ქუჩაში დგომა. შვილი მყავს გულით ავადმყოფი და მიტოვებული მყავს მთელი დღეები. უხერხულში არავის ჩაუგდივართ, ყოველთვის ,,თვინიერად“ მოგვმართავს ყველა. სხვა გზა არ გვაქვს, მივყვებით ცხოვრების დინებას. მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, გარევაჭრობა კანონით იკრძალება, მაინც ვურჩობთ, რადგანაც სხვა გზა არ გაგვაჩნია,“ - განაცხადა გარემოვაჭრე მაყვალა ჟორჟოლიანმა.

მაშინ, როცა კანონით გარევაჭრობა იკრძალება, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობა კანონის ამოქმედების ბერკეტის ძიებაშია, ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში გაცხოველებული აღებ-მიცემობაა გაჩაღებული. ამ ფონზე,  კონფლიქტი მოვაჭრეებსა და გარემოვაჭრეებს შორის სულ უფრო იძაბება და საშიშ ფაზაში გადადის.  

 

 

ავტორი: გიგა გელხვიიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა