|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქართველი ბარიტონის ევროპული წარმატება

    ჩაიკოვსკის ”პიკის ქალი”-დან ტომსკის ურთულესი პარტიის შესრულების შემდეგ ლონდონის ერთ-ერთი წამყვანი ჟურნალი წერდა: ”მესამე აქტი თავქარიანი ტომსკის ბრწყინვალე შესრულებით დააგვირგვინა ქართველმა გოჩა აბულაძემ, ვისურვებდი, რომ მომავალშიც მქონდეს ამ ენერგიული ქართველი მსახიობის არაერთხელ მოსმენის საშუალება”,-ეს შეფასება გერმანიაში მოღვაწე ქართველ ბარიტონს, გოჩა აბულაძეს  ეკუთვნის.  მისი სახელი ქართველი პუბლიკისთვის ნაკლებად ცნობილია, თუმცა  მას დიდი სიყვარულით ხვდება გერმანელი, იტალიელი და ბრიტანელი მაყურებელი.

ცნობილი, რომ  ქართველ ბარიტონს მარტის თვეში გამართულ დაჯილდოების ცერემონიალზე საუკეთესო მომღერლად დაასახელებენ. დაწყებულია ფილმის გადაღება, რომელიც მის  შემოქმედებას და მიღწევებს შეეხება.  გოჩა აბულაძე  "Newpress.ge"-ის  სტუმარია.

- გვიამეთ თქვენს შესახებსად მოღვაწეობთ ახლა?

- გერმანიაში ვმუშაობ, მაგდენბურგის თეატრის წამყვანი სოლისტი ვარ, თუმცა უკვე მეხუთე წელია ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ვმღერი.

- როგორი იყო გზა წარმატებამდე?

- გზა, რომელმაც აქამდე მომიყვანა საინტერესო და ამავდროულად რთულიც იყო, თუმცა მე სიმღერა პროფესიად არ ამირჩევია, ეს ჩემი ცხოვრებაა. მე მაშინაც ბედნიერი ვარ,  როცა ჩემთვის სრულიად მარტო რაღაცას ვღიღინებ.  ალბათ, ამ დიდმა სიყვარულმა მომიყვანა დღემდე და ვარძელებ ისევ დიდი ენერგიითა და სიხარულით წინსვლას.  ჩემი პირველი პედაგოგი იყო ლუბა ლომნაკინა, რომელსაც დიდი წვლილი  მიუძღვის ჩემი და ჩემი ძმის სწორ გაზაზე დაყენებაში.  სწორედ ამან მიგვიყვანა უდიდეს მაესტროსთან ნოდარ ანდღულაძესთან. ნოდარი იყო ადამიანი, რომელთანაც გავიარეთ დიდი  სკოლა. რაც დღემდე მეხმარება სირთულეების დაძლევში და ალბათ მთელი სიცოცხლე ასე იქნება.

- გვიამბეთ თქვენს მიერ გავლილ ცხოვრების გზაზე.

- ჩემს წარმატებას ვუმადლი დედას, სწორედ მან გვასწავლა სიმღერა და შეგვაყვარა ქართული ფოლკლორი. სამი წლიდან დედასთან ერთად მე და ჩემი ძმა  სამ ხმაში ვმღეროდით, ის საოცრად ნიჭიერია და ვთვლი, რომ ცნობილი  მომღერალი არ არის. ეს მხოლოდ ჩვენი „ბრალია“  იმიტომ,  რომ რაც გააჩნდა ყველაფერი ჩვენში ჩადო და თავისი სრულყოფილებისთვის ერთი წუთითაც არ უფიქრია. მემაყება, რომ ჩემი მშობლების ოცნებებს ვახდენ და მათ ასე ვუხდი სამადლობელს შორიდან.

- როგორ ფიქრობთ, რა არის წარმატების საიდუმლო?

- წარმატება შრომასთან ერთად მოდის. შერწყმულია ერთმანეთთან სიყვარულით და უფლისგან ბოძებული ნიჭით. რაც ყველაზე მთავარია,  ცხოვრების ურთულეს გზაზე  საჭიროა მოთმინება, ამის გარეშე შეუძლებელია რამეს მიაღწიო. ძალიან ბევრი დაბრკოლებაა ცხოვრებაში და ამ თვისებვების გარეშე ფონს გასვლა შეუძლებელია.

- რა გაკავშირებთ და რა გაშორებთ ქუთაისთან?

-  ქუთაისი ჩემი სიცოცხლეა, მონატრება  და სიყვარული. ყველაფერია ჩემთვის, რაც გამაჩნია. ვთვლი, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია, სადაც არაამქვეყნიურად ნიჭიერი ადამიანები იბადებოდნენ და იბადებიან, ღმერთმა ნუ ქნას, რომ მომავალში არ დაიბადონ.

- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

- ჩემი სამომავლო გეგმები უკავშირდება ჩემს კარიერას. მინდა მაქსიმალური გავაკეთო, რომ  საქართველო გავახარო ჩემი ნაბიჯით. თითოეული ბგერა, რასაც ვიმღერებ ჩემი ქვეყნისთვის იქნება ნამღერი.    

- რომ არა მომღერალი, ვინ იქნებოდა გოჩა აბულაძე?  

-  აუცილებლად ვიქნებოდი მორაგბე. რაგბი არის ყველაზე ქართული თამაში, რომელიც ქადაგებს მეგობრობას, სიყვარულს, ზრდილობას, შრომისმოყვარეობას და ყველა იმ თვისებას, რაც  ქართველმა კაცმა უნდა ატაროს. ჩემი ოცნებაა,  ჩემს სოფელში, სიმონეთში ავაშენო სარაგბო სასწავლებელი, სადაც ნამდვილი ქართველები გაიზდებიან.

                                        

                                                                               

 

ავტორი: ანა ჯიქია